Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 716-ე გამოშვება

წამყვანი:
ჩვენს ყოველკვირეულ რადიოჟურნალში დღეს შევეცდებით გავერკვეთ, რა არის აუცილებელი ღია, სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. ამ კონტექსტში საუბარი ვულგარულ მაჟორიტარიზმსაც შეეხება... გიამბობთ ერთ შეხვედრაზეც, რომელზეც აფხაზეთიდან დევნილები შეიკრიბნენ. შემდეგ თბილისში, “ათეშგასთან” მიგიწვევთ. დაბოლოს, წარმოგიდგენთ “მეათე სტუდიის” დღევანდელ სტუმარს, გერმანიაში მოღაწე პიანისტ ეკა გორდელაძეს, რომელმაც ამ დღეებში ახალი კომპაქტ-დისკი გამოუშვა.

[მუსიკა]

რა არის აუცილებელი ღია, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად?

წამყვანი:
ამ დღეებში საქართველოს საარჩევნო კოდექსის საკითხი სტრასბურგში გამართული შეხვედრების მიზეზად იქცა: ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიისა და ეუთოს ექსპერტებთან ერთად საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები - მიხეილ მაჭავარიანი, გიგა ბოკერია და პავლე კუბლაშვილი - იხილავენ. საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე არჩევნების გამართვის პრინციპი ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირების ერთ-ერთ სერიოზულ მიზეზად რჩება.

თამარ ჩიქოვანის მასალა:
[ სალომე ზურაბიშვილის ხმა] ”მე დავწერე პატარა ბუკლეტი, როგორ გაყალბდა თვითმმართველობის არჩევნები ისე, რომ არ გაყალბებულა. ე.ი. ლეგალურად როგორ გაყალბდა. ეს არის ჩვენი სამუშაო - ყველაფერი ის, რაც ლეგალურად იყო გაყალბებული,იმიტომ რომ კანონები შეცვალეს - ეს უნდა შევცვალოთ. ამ პირობებში ვერავინ ვერ მოიგებს არჩევნებს.”(სტილი დაცულია)

მოძრაობა ”საქართველოს გზის” ლიდერის სალომე ზურაბიშვილის მსგავსად, ყველა ოპოზიციურ პარტიას მიაჩნია, რომ დღეს არსებული საარჩევნო კოდექსით ჩატარებული არჩევნების პირობებში მმართველ პოლიტიკურ ძალას გამარჯვება გარანტირებული აქვს. ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა 3 პუნქტად შეიძლება ჩამოყალიბდეს. პირველი - შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი; მეორე - შეიცვალოს მაჟორიტარული მრავალმანდატიანი არჩევნების პრინციპი და მესამე- შემცირდეს პროპორციული არჩევნებისთვის დაწესებული 7 პროცენტიანი ბარიერი.

იურისტი ვახტანგ ხმალაძე მათ რიცხვს ეკუთვნის, ვინც დღეს არსებულ საარჩევნო კოდექსს უსამართლოს უწოდებს:

[ ვახტანგ ხმალაძის ხმა] ”მე სავსებით ვიზიარებ იმ ექსპერტთა თუ პოლიტიკურ პარტიათა აზრს, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენთან არსებული საარჩევნო სისტემა არის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო საარჩევნო სისტემა.”

რატომ უწოდებს ვახტანგ ხმალაძე დღეს არსებულ საარჩევნო კოდექსს უსამართლოს? - ამის ახსნას ის მარტივი მაგალითით ცდილობს. კერძოდ, თუ აქამდე საპარლამენტო მაჟორიტარული არჩევნებისას ერთ კანდიდატს ვაძლევდით ხმას, 2008 წლის არჩევნებისას ვითარება განსხვავებული იქნება:

[ ვახტანგ ხმალაძის ხმა] ”ვინ ითვლება გამარჯვებულად? ამ ოლქიდან უნდა აირჩიონ სამი პირი. მაგრამ ამომრჩეველი ამ პირებს ცალ-ცალკე კი არ აძლევს ხმას - ამომრჩეველი რომ მიდის, ხმას აძლევს a, ან b ან c პარტიის სიას. გამარჯვებულად ითვლება ის სია, რომელიც მიიღებს სხვაზე მეტ ხმას, თუ ამ ხმათა რაოდენობა 30 პროცენტზე მეტია. ანუ, ვთქვათ, a პარტიამ მიიღო ხმათა 31 პროცენტი, b პარტიამ - 30 პროცენტი, c პარტიამ - 29 პროცენტი. დანარჩენმა ამომრჩეველმა სულ ყველა წაშალა. ანუ თითქმის თანაბარი ხმები მიიღეს - მაგრამ თითო მანდატს კი არ მიიღებენ, სამივე მანდატს მიიღებს a პარტია.”

გამარჯვებული იღებს ყველაფერს - ამ პრინციპის მართებულობა არ აეჭვებს საპარლამენტო უმრავლესობას. საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტის განხილვისას პარლამენტარმა გიგა ბოკერიამ განაცხადა:

[ გიგა ბოკერიას ხმა] ”თქვენი დეფინიცია - რომ იკითხეთ, სადმე თუ არსებობს სისტემა, რომ პირველ ადგილზე გასულს ყველაფერი მიაქვსო - არის აშკარად არაკორექტული. და მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს კითხვა არის იმ თავგანწირული მდგომარეობით გამოწვეული, რაშიც თქვენ ბრძანდებით ამ საკითხთან დაკავშირებით. იმიტომ რომ მაჟორიტარული არჩევნები ტარდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მაჟორიტარული არჩევნები გულისხმობს სწორედ იმას, რომ პირველ ადგილზე გასულს მიაქვს ყველაფერი. ეს ასეა ყველგან. ყველგან ასეა, სადაც მაჟორიტარული სისტემა არსებობს.”(სტილი დაცულია)

სადაც მაჟორიტარული სისტემა არსებობს, ყველგან ასე არ არის - შენიშნავს ვახტანგ ხმალაძე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დაკანონებულ მაჟორიტარული არჩევნების წესს ვულგარულ მაჟორიტარიზმს უწოდებს:

[ ვახტანგ ხმალაძის ხმა] ”და ვულგარული მაჟორიტარიზმის მცნება გახლავთ ის, რომ დღეს მე ვარ უმრავლესობაში და რასაც მინდა, იმას გავაკეთებ. აი, ხვალ, როცა შენ მოხვალ უმრავლესობაში, რაც გინდა, ის გააკეთე - ეს არის ვულგარული მაჟორიტარიზმი. დემოკრატიული მაჟორიტარიზმი გულისხმობს სხვა რამეს - რომ უმრავლესობა წყვეტს, მაგრამ უმრავლესობა ვალდებულია, მოისმინოს და გაითვალისწინოს არაუმრავლესობის აზრი. ვულგარული მაჟორიტარიზმის დროს არათუ გათვალისწინება, არამედ მოსმენაც კი არ სურთ მათი, ვინც არ არის უმრავლესობის წევრი.”(სტილი დაცულია)

დაბოლოს, რამდენიმე დღეში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ორ კანდიდატურას წარუდგენს. საპარლამენტო ოპოზიცია კანდიდატურის დამტკიცების პროცედურაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

და ბოლოს - რამდენიმე დღეში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ორ კანდიდატურად წარუდგენს. საპარლამენტო ოპოზიცია კანდიდატურის დამტკიცების პროცედურაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

[მუსიკა]

აფხაზეთში დაბრუნება – ,,ეს არ არის იმედი ეს არის რწმენა... „

საქართველოში მღელვარე დღეებია - ბოლო ხანს განსაკუთრებით ხშირად, მართალია, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის სახელი ისმის, მაგრამ აქტუალობა არ აკლდება, როგორც ცნობილია არც კონფლიქტების თემას. საქართველოს პრეზიდენტმა ზემო აფხაზეთში პირობა დადო რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას თავისი პრეზიდენტობის ვადაში აღადგენს. იმ დღეებში სოხუმში აფხაზეთის გათავისუფლების მე-14 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებები გრძელდებოდა. ხელისუფლებისა და ოპოზიციის გამოსვლებს ყურადღებით ადევნებენ თვალს დევნილები. დროდადრო შეიკრიბებიან და ერთმანეთს უზიარებენ სათქმელს. მათთვის ჯერ კიდევ არ დასრულებულა აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნის დღეები. უფრო მეტს ამ შეხვედრებისა და დევნილთა საფიქრალის შესახებ მარინა ვაშაყმაძის სიუჟეტიდან შეიტყობთ.

[იხ. იუდიოვერსია]

[მუსიკა]

ათეშგას რესტავრაციის პროცესი

წამყვანი:
დაახლოებით ერთი წლის წინ ”მეათე სტუდიის” გამოშვებაში თბილისის უძველეს რაიონში მდებარე ერთი უნიკალური ძეგლის - ათეშგას შესახებ გესაუბრეთ. მაშინ მეხუთე საუკუნეში აგებული ცეცხლთაყვანისმცემლური საკულტო ნაგებობის სავალალო მდგომარეობის შესახებ მოგითხრეთ, თუმცა ახლა, ერთი წლის თავზე ვითარება სასიკეთოდ შეიცვალა - უკვე რამდენიმე კვირაა კლდისუბანში მდებარე უძველესი ”ცეცხლის ტაძარზე” სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რას სახეს მიიღებს ”ათეშგა” და მისი მიდამო რესტავრაციის შემდეგ - ამის თაობაზე ალექსანდრე ელისაშვილი ისაუბრებს.

[იხ. იუდიოვერსია]

ინტერვიუ პიანისტ ეკა გორდელაძესთან

[მუსიკა]
წამყვანი:
ადამიანს, რომელსაც ახლა წარმოგდგენთ, იმდენი პროფესიული წარმატება აქვს მოპოვებული - და ეს ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად - იმდენი ჯილდო მიუღია და იმდენ სტატიაშია შექებული, რომ სხვა გზა არ არის, ამ აღიარების მარტო მცირე ნაწილზე საუბარს უნდა დავჯერდეთ. საქმე ეხება პიანისტ ეკა გორდელაძეს, რომელიც თბილისის კონსერვატორიაში პროფესორ ნოდარ გაბუნიას კლასში სწავლობდა, სწავლობდა ასევე მაინის ფრანკფურტის და ვაიმარის კონსერვატორიებში, ახლა კი თავადაც ასწავლის ფრანკურტში, უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში. თუმცა ეს - დამატებით... ეკა გორდელაძის მთავარი საქმიანობა კონცერტებია, თან - თუ პრესის გამოხმაურებას დავუჯერებთ - საუცხოო კონცერტები. მისი გამოსვლების რეცენზიებს გერმანიის წამყვანი გაზეთები აქვეყნებს, მათ შორის ერთი, “ფრანკფურტერ ალგემაიანე ცაიტუნგი”, ალბათ, განსაკუთრებით შესაფერის მეტაფორას იყენებს, როცა მარგალიტებივით ასხმულ ბგერებზე წერს. ეს მეტაფორა ყოველ შემთხვევაში ძალიან უხდება ჰაიდნის სონატებს ეკა გორდელაძის შესრულებით. ამ დღეებში ახალი კომპაქტდისკი გამოვიდა, რომელზეც სწორედ იოზეფ ჰაიდნის სონატებია ჩაწერილი - ჩვენ ფრანკურტში დავურეკეთ ქართველ პიანისტს და თავდაპირველად ის ვკითხეთ, რატომ შეარჩია ჰაიდნი ამ ჩანაწერისთვის.

[იხ. პიანისტ ეკა გორდელაძესთან ინტერვიუს უდიოვერსია]

[მუსიკა]
წამყვანი:
ამასობაში, ყოველკვირეული რადიოჟურნალი “მეათე სტუდია” დასრულდა და დასასრულს მიუახლოვდა ჩვენი დღევანდელი გადაცემაც. დაგემშვიდობებით იოზეფ ჰაიდნის სონატებისაგან ფრიად განსხვავებული მუსიკის ფონზე, ამით კი გამოვეხმაურებით თბილისში ცნობილი სერბი კომპოზიტორის, გორან ბრეგოვიჩის კონცერტს, რომელიც ოთხშაბათს გაიმართა. გადაცემას დღეს მარიამ ჭიაურელი უძღვებოდა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG