Accessibility links

logo-print

როგორ მიმდინარეობს რთველი 2007 კახეთში


წლევანდელი რთვლის მიმდინარეობა ოპოზიციასა და მმართველ უმრავლესობას შორის პოლიტიკური დაპირისპირების ერთ-ერთ ძირითად თემად იქცა.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ დაუკრეფავი ყურძენი ვენახებში ჭკნება და კახელი გლეხი ვაზს ჭრის. მთავრობა კი ირწმუნება, რომ ყურძნის დაკრეფა-ჩაბარების პროცესში პრობლემები არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ყურძნის საბაზრო ფასი დაბალია. მინდა გესაუბროთ იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობს რთველი 2007 და მართლაც იჩეხება თუ არა ვაზი კახეთში.

საქართველოს პრეზიდენტმა დანიაში გამგზავრებამდე სოფლის მეურნეობის მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი გამოიძახა და რთვლის მიმდინარეობით დაინტერესდა.

[პეტრე ცისკარიშვილის ხმა] ”მოსავლის 70-75 პროცენტი კახეთში უკვე დაბინავებულია. გადამუშავებულია ქარხნებში 35 ათასი ტონა, დაახლოებით 40 ათასი ტონა გამოტანილია თბილისში და სხვა მეურნეობებში და ამდენივე დაბინავებულია შინა მეურნეობებში, დაწურული.”

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა ღვინის ქარხნებს დახმარების პირობა მისცა, რათა მათ კახეთში მოწეული ყურძნის მოსავლის მიღება შეძლონ.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ საგანგებოდ დავეხმარებით მათ ბაზრების მოძიებაში, რეკლამის გაკეთებაში იმისთვის, რომ მათ თავიანთი თანხები ბევრ რაღაცაზე არ დაეხარჯოთ, იმისათვის რომ მათ ეს ღვინო გაიტანონ სხვა ბაზრებზე, აქედან გამომდინარე, თამამად მიიღონ ღვინო.”

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ირწმუნებიან, რომ საქმე ისე არ არის, როგორც ამას სოფლის მეურნეობის მინისტრი და, საერთოდ, მთავრობა ხატავს. დემოკრატიული ფრონტის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, თანამოაზრეებთან ერთად, რთვლის მიმდინარეობის მანძილზე რამდენჯერმე იმოგზაურა კახეთში და მიტინგებიც მოაწყო. მისი თქმით, კახეთში დაუკრეფავი ყურძენი ვენახებში ჭკნება. ხოლო დემოკრატიული ფრონტის კიდევ ერთი ლიდერის, კახა კუკავას, განცხადებით, შექმნილი მდგომარეობის გამო კახეთში გლეხებმა ვაზის გაჩეხა დაიწყეს:

[კახა კუკავას ხმა] ”დაიწყო ძალიან საშიში პროცესი, რასაც ვენახების აჩეხა ჰქვია. ეს იყო მე-17 საუკუნეში - როდესაც საქართველოს შაჰ-აბასი შემოესია, მაშინ ქართული ვაზი გადარჩა.”

ორიოდე კვირის წინ ვაზის გაჩეხის კადრები მართლაც აჩვენა რამდენიმე ტელეკომპანიამ. გურჯაანელმა მევენახემ ავთო ყალიბეგაშვილმა 26 სექტემბერს ტელეკამერების თვალწინ ასამდე ძირი ვენახი მოჭრა.
მისი განცხადებით, ეს პროტესტის ნიშნად გააკეთა, რადგან ყურძნის რეალიზებიდან მიღებული თანხით ვენახის მოვლას ვეღარ ახერხებს. მოგვიანებით გაირკვა, რომ მან წელს ყურძენი ღვინის ქარხანაში 50 თეთრად ჩააბარა.

მმართველი უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებით, ეს დადგმული სპექტაკლი იყო და ამ სპექტაკლის მომწყობთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაც კი მოითხოვეს.

გურჯაანის გამგებელი რამაზ ქერეჭაშვილი ირწმუნება, რომ ყურძნის ფასიც მაღალია და რთველიც კარგად მიმდინარეობს:

[რამაზ ქერეჭაშვილის ხმა] ”კახელ გლეხს... რაზეც ესენი ლაპარაკობენ, რომ ყურძენი ღირს 18-20 თეთრი, არის ტყუილი. ქარხნები არის ღია და ყურძენს იბარებენ 30-35 თეთრად.”(სტილი დაცულია)

სხვადასხვა აზრს გამოთქვამენ თავად მევენახეები - ზოგი კმაყოფილია ყურძნის ფასით, ზოგი კი - უკმაყოფილო.

[მევენახეების ხმა] ”ვენახი არის ზარალი, პურის ფული აღარ რჩება, იმას რომ მოუარო...”

[მევენახეების ხმა] ”ჩემთვის ფასები მისაღებია. შარშანაც ასე ვაბარებდით.”

რთვლის საკითხზე საქართველოს პარლამენტის სამშაბათის სხდომის დაწყებისთანავე იმსჯელეს. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, რთვლის სუბსიდირება უნდა მოხდეს 50 მილიონი ლარის ოდენობით, ისე როგორც, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ფენების 100 მილიონი ლარით სუბსიდირება განხორციელდება. ჯერჯერობით პრეზიდენტმა დახმარება მხოლოდ ღვინის ქარხნებს აღუთქვა.
XS
SM
MD
LG