Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო დღეების მანძილზე რუსეთის პრესაში საქართველოს თემატიკაზე რეკორდული რაოდენობის სტატია გამოქვეყნდა -

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებმა გულგრილი არავინ დატოვა რუსეთში. რუსი ჟურნალისტების ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა, როცა ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის სახელმა გაიჟღერა. რუსეთის პრესის რამდენიმე პუბლიკაციას გაგაცნობთ.


”საქართველომ მონანიება იხილა” - წერს დღევანდელი გაზეთი ”კომერსანტი”, რომლის ცნობითაც, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის,ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალური დაკავება არანაკლებ სკანდალური აღიარებით გაგრძელდა. გაზეთი წერს, რომ დაკავებულმა ექს-მინისტრმა არა მხოლოდ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები აღიარა, არამედ უარყო მის მიერ პრეზიდენტ სააკაშვილის მისამართით გაკეთებული განცხადებებიც. ირაკლი ოქრუაშვილის აღიარება მოწონებული იქნა გენერალური პროკურატურის მიერ, რომელმაც თანხმობა განაცხადა, ექს-მინისტრისთვის პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. აღიარებამ მმართველი პარტიაც აღაფრთოვანა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ, ყოფილ თანამებრძოლს ახალი ბრალდება წაუყენა: მისი განცხადებით, ის სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა, - წერს ”კომერსანტი” და განაგრძობს: როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლების უახლოეს სამიზნედ ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი იქცევა, რომელსაც უკვე დასდეს ბრალი ოქრუაშვილთან თანამშრომლობაში.
”ახლა გასაგებია, ვინ არის ირაკლი ოქრუაშვილი - ის ბადრი პატარკაციშვილის აგენტია”, - წერს ინტერნეტგამოცემა ”პოლიტკომი”, რომლის აზრითაც, გამორიცხული არ არის, ოქრუაშვილის აღიარების შემდეგ, საქართველო ბადრი პატარკაციშვილის აღიარების მოწმეც გახდეს. ”კარგი იქნება, ეს მისი კუთვნილი ტელეკომპანიის ეთერით მოხდეს, რითაც, საკუთარი სულის გაწმენდის გარდა, ტელეკომპანიის რეიტინგიც აიწევს. და თუ მონანიებებს შორის სარეკლამო პაუზის გაკეთებაც მოხერხდა, ამ პროექტის კომერციული წარმატება ეჭვს არ გამოიწვევს.”
8 ოქტომბრის გაზეთ ”იზვესტიას” ცნობით, ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება აშშ-ისთვის სიურპრიზი იყო. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დენიელ ფრიდმა. ”მსგავსი დაპატიმრება ყოველთვის აჩენს სერიოზულ კითხვებს და ჩვენ ამის თაობაზე ქართულ მხარეს უკვე ვესაუბრეთ”, - განუცხადა მან ჟურნალისტებს. ამერიკელმა დიპლომატმა უარყო საინფორმაციო საშუალებებში გაჩენილი ვარაუდი, თითქოს ნიუ-იორკში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა ოქრუაშვილის დაპატიმრება ამერიკულ მხარეს შეუთანხმა. ”ჩვენ ასე არ ვმუშაობთ. გულწრფელად ვამბობ - ეს ჩვენთვის დიდი სიურპრიზი იყო”, - განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.
და კიდევ ერთი ცნობა: ინტერნეტგამოცემა ”ლენტას” ცნობით, ბრიტანულმა საინვესტიციო ფონდმა და ქართველმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა ამერიკული ჰოლდინგის მეტრომედიას ინტერნეიშენალ გრუპის 77, 6 პროცენტი შეიძინეს. შეთანხმებამ 186 მილიონი დოლარი შეადგინა. ”ლენტას” ცნობით, ამ აქციების ყიდვა რუსულ კომპანია ”სისტემას” სურდა, თუმცა, საბოლოოდ, მობილური კავშირის ბაზარზე საქართველოში რუსეთის ამ კომპანიის შესვლა არ შედგა.
XS
SM
MD
LG