Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთის “შერჩევითი” ამნისტია


თურქმენეთში ამ კვირაში 9 000 პატიმრის ამნისტია გამოცხადდა, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა.

თუმცა იმედოვნებდნენ, რომ პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი საპატიმროდან ხელისუფლების ზოგიერთ ცნობილ ოპონენტსა და მთავრობის ყოფილ წევრებსაც გაათავისუფლებდა, ეს იმედები, რამდენიმე გამონაკლისს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, არ გამართლდა. მინდა გესაუბროთ იმის თაობაზე, თუ რა გახდა თურქმენეთში ასეთი “შერჩევითი” ამნისტიის საფუძველი.

8 ოქტომბერს თურქმენეთში მორიგი ამნისტია შევიდა ძალაში. ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიით ნაჩვენებ კადრებზე ახლად გათავისუფლებული პატიმრები ინანიებდნენ დანაშაულს და ფიცს დებდნენ, რომ აღარასოდეს დაუბრუნდებიან დანაშაულებრივ ცხოვრებას.

[პატიმრის ხმა]“ფიცს ვდებ წმინდა ყურანზე და ფიცს ვდებ წმინდა რუხნამაზე (ასე ეწოდება ყოფილი პრეზიდენტის საფარმურად ნიაზოვის წიგნს - კ.ლ.), რომ მომავალში აღარასოდეს ჩავიდენ დანაშაულს.”

ამნისტიის თანახმად, თურქმენეთის ციხეებს 8835 კაცი დატოვებს. მათგან 5000 კაცს თავისუფლების აღკვეთა წელს მიესაჯა, 2500 კაცს კი – გასულ წელს.
მოლოდინის მიუხედავად, პატიმრობაში დარჩა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ცნობილი დისიდენტი ბორის შიხმურადოვი, რომელსაც 2002 წელს 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, “ხელისუფლების დამხობის” ყალბი ბრალდებით. თუმცა ამნისტია შეეხო მის ცოლსა და ნათესავს.
საპატიმროდან ასევე გათავისუფლდა ნურმურად რეჯეპოვი, ყოფილი პრეზიდენტის, საფარმურად ნიაზოვის, დაცვის უფროსის შვილი, რომელიც სასჯელს მამასთან ერთად იხდიდა. თუმცა დღემდე არც მისი დაპატიმრების მიზეზია ცნობილი და არც მისი გათავისუფლებისა.

ამნისტია არ შეეხო მძიმე დანაშაულის გამო მსჯავრდებულებს. ხელისუფლებამ უარი თქვა საპატიმროდან გაეთავისუფლებინა ის პირები, რომლებმაც კორუფციული დანაშაული ჩაიდინეს.
ოფიციოზის თანახმად, თურქმენეთის ციხეებიდან პატიმრების მასობრივი ამნისტია მათ შრომით მოწყობაში ხელშეწყობასაც ითვალისწინებს. ასე ჰგონია ახლად ამნისტირებულ ერთ-ერთ თურქმენს:

[თურქმენი პატიმრის ხმა] “მე ტაგანი ვარ, დაშოღუს პროვინციიდან. დავიფიცე, რომ ამიერიდან აღარასოდეს ჩავიდენ ასეთ დანაშაულს. ჩვენმა პრეზიდენტმა გვითხრა, რომ თუ მომავალში აღარ ჩავიდენთ დანაშაულს, სამუშაოს შემოგვთავაზებენ. ამისათვის მისი უზომოდ მადლიერები ვართ.”

თუმცა, როგორც ბელქანის პროვინციის ერთ-ერთმა მცხოვრებმა რადიო “თავისუფლებას” უთხრა, მისი ამნისტირებული თანამემამულეების ბედი არასახარბიელოა:

[ბელქანის მცხოვრების ხმა] “არავინ ზრუნავს მათზე და არავინ არანაირ სამუშაოს არ სთავაზობს, რადგან საპატიმროდან გათავისუფლებული ადამიანების რაოდენობა ძალიან დიდია.”

ზოგიერთი დამნაშავე თურქმენეთში იმდენჯერ იყო დაპატიმრებული და შემდეგ ამნისტირებული, რომ მათ შემდგომი დანაშაულის ჩადენის შიში სულაც არა აქვთ. მოსახლეობის უმრავლესობა კი წინააღმდეგია პატიმრების მასობრივი ამნისტირებისა, რადგან მათთვის არ არსებობს ნორმალურ ცხოვრებაში ჩაბმის საშუალება. თურქმენეთის ციხე მხოლოდ ადამიანის დასჯის პრინციპზეა ორიენტირებული და არა მის გამოსწორებაზე - პატიმრების გადამზადებაზე არავინ ფიქრობს, რაც ამნისტირებულ პატიმარს კვლავ დანაშაულის ჩადენისაკენ უბიძგებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG