Accessibility links

logo-print

ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები საპროტესტო გამოსვლებს არ წყვეტენ


ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ

გამოძიებისათვის მიცემული ჩვენების შემდეგაც არ წყვეტენ საპროტესტო მოძრაობას. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ საზოგადოება კვლავ ითხოვს იმ კითხვებზე პასუხის გაცემას, რომლებიც ირაკლი ოქრუაშვილის ოპოზიციაში გადასვლამდე, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, დაგროვდა. ვისი მითითებით მოკლეს სანდრო გირგვლიანი? ვინ სცემა ვალერი გელაშვილს? მოკლულია თუ არა პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია? - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ კითხვებისა, რომლებზეც პასუხს სტუდენტური მოძრაობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი ხელისუფლებისგან ითხოვს.


9 ოქტომბერს რამდენიმე ათეულმა ახალგაზრდამ გენერალური პროკურატურის ალაყაფის კართან საპროტესტო აქცია გამართა, თუმცა ვიდრე ტრანსპარანტებს გაშლიდნენ, მიტინგის ორგანიზატორებმა სახაზავები მოიმარჯვეს.

[აქციის ორგანიზატორის ხმა] „ჩვენ ვატარებთ რადიკალურ, მაგრამ მშვიდობიან აქციას. ამისათვის უნდა გადავზომოთ ჭიშკრიდან 15 მეტრი...“

აქცის მონაწილენი კანონის მოთხოვნას დაემორჩილნენ და ალაყაფის კარიდან 15 მეტრის მოშორებით განლაგდნენ. „საქართველო ძალადობის გარეშე!“, „ძირს წითელი კომისრები!“, „დაისაჯონ სანდრო გირგვლიანისა და ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელები!“ - ამგვარი შინაარსის ტრანსპარანტების ფონზე თანასწორობის ინსტიტუტის, ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სტუდენტური მოძრაობის წევრებმა პროტესტი გამოუცხადეს გენერალურ პროკურატურას და გახმაურებული საქმეების გაყალბებაში დასდეს ბრალი.

[აქციის მონაწილის ხმა] „ჩვენ უნდა გამოვიდეთ, ერთად დავდგეთ და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. უნდა განვუცხადოთ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ შევეპუებით იმ ძალადობას, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ხორციელდება...“

აქციის მონაწილეთა შორის იყო პოეტი ზურაბ რთველიაშვილიც. მისი თქმით, საზოგადოება, პოლიტიკური ვითარებისგან დამოუკიდებლად, ჯიუტად ელის სიმართლეს, რომელიც ყველასათვის ცნობილია და რომელსაც ხელისუფლება მაინც მალავს:

[ზურაბ რთველიაშვილის ხმა] „არც ერთი საქმე, რომელიც ვახსენეთ - იგივე გირგვლიანის საქმე, იგივე რობაქიძის საქმე, იგივე პრემიერ-მინისტრის მკვლელობასთან დაკავშირებული საქმე... - არაფერი არ არის დაძრული ადგილიდან. არის უამრავი მხილება, უამრავი მტკიცებულება, თუმცა პროკურატურა ისევ ირჩევს ამ ვერსიას, ისევ სტაგნაციაშია და ეს სტაგნაციის დრო უნდა დამთავრდეს. ჩვენ კითხვები აღარ დაგვრჩა, ჩვენ ველით მხოლოდ პასუხებს.“

პასუხებს ელიან რიგითი თბილისელებიც. მათი თქმით, საზოგადოებას პასუხგაუცემელი კითხვები ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალურ გამოსვლამდეც აწუხებდა.

[მამაკაცის ხმა] „ეგ იყო საბაბი. დაგროვდა ამდენი უსამართლობა - იქნება ეს სოციალური უსამართლობა თუ მკვლელობები. უბრალოდ, ოქრუაშვილის ბრალდებებმა ბიძგი მისცა.“

[მამაკაცის ხმა] „ავიღოთ იგივე პრემიერ-მინისტრის მკვლელობა. მკვლელობაა ეგ... არაა მოკლული? მოკლულია!“

მოკლულია თუ არა პრემიერ-მინისტრი? საზოგადოების რიგითი წევრების მიერ დასმულ ამ და სხვა ბევრ შეკითხვაზე, როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო კალანდაძე ამბობს, საგამოძიებო ორგანოებს პასუხი უკვე გაცემული აქვთ:

[ნინო კალანდაძის ხმა] „რაც შეეხება გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის საკითხს, აქაც არ არსებობს არავითარი ჭეშმარიტება იმ ჭეშმარიტების მიღმა, რაც აქამდე ითქვა. ძირითადად, გამოძიება დასრულებულია. არსებობს როგორც შიდანაციონალური გამოძიების, ასევე აშშ-ის საგამოძიებო სამსახურების დასკვნა, სადაც ყველაფერზეა ნათელი მოფენილი. საზოგადოებას შეკითხვები აქვს მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიცია აღვივებს სპეკულაციურ მოსაზრებებს და, ნაწილობრივ, მიდრეკილება არსებობს შეთქმულების თეორიებისადმი.“(სტილი დაცულია)

ნინო კალანდაძის თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ მიცემულმა ჩვენებამ ოპოზიციას სპეკულაციის საშუალება მოუსპო. თუმცა როგორც რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, ოპოზიცია ოქრუაშვილის არც პირველ და არც მეორე განცხადებას რაიმე განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს. საკითხავია, რატომ?

[დავით უსუფაშვილის ხმა] „ისევ და ისევ იმის გამო, რომ ჩვენ ვიცით: ზურაბ ჟვანია გარდაცვლილია; ჩვენ ვიცით, რომ ვალერი გელაშვილი ნაცემი და დასჯილია კონკრეტული ფაქტების გამო; ჩვენ ვიცით, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და მკვლელობის ორგანიზატორები სამართალდამცავი ორგანოების სათავეში არიან და, ყოველივე ამის გათვალისწინებით, ოქრუაშვილის ფაქტორის გარეშე საქართველოში პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, მიმდინარეობს თავისი ლოგიკით და ამას ვერავინ და ვეღარაფერი შეაჩერებს.“

XS
SM
MD
LG