Accessibility links

ირაკლი ოქრუაშვილი თავისუფალია, გაერთიანებული ოპოზიცია სამომავლო გეგმებზე თანხმდება


საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლებულია გირაოს წესით.

გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ მან დატოვა საქართველოს ტერიტორია, სინამდვილეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ჩვენ სამშაბათ შუადღისას ოქრუაშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ გვითხრა. შოკი, რომელიც საზოგადოებაში და განსაკუთრებით გაერთიანებულ ოპოზიციაში ყოფილი თავდაცვის მინისტრის აღიარებამ გამოიწვია, არ განელებულა. ოქრუაშვილის თანაპარტიელებს აქვთ შეკითხვები და მათზე პასუხებს პირადად ირაკლი ოქრუაშვილისგან ელიან. რას ცვლის ან არ ცვლის რამდენიმე დღის წინანდელი გმირის სკანდალური აღიარება ოპოზიციის მოქმედების ტაქტიკაში?


გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ირაკლი ოქრუაშვილის აღიარებასთან დაკავშირებით ისევ იმ აზრზე რჩებიან, რომ აღიარება ოქრუაშვილზე მძიმე ზეწოლის შედეგი უნდა ყოფილიყო...

[კოკა გუნცაძის ხმა] ”ეს იყო დიდი ზეწოლის ქვეშ გაკეთებული ჩვენება, დანარჩენს ვერაფერს ვიტყვი. მას შემდეგ, რაც შევხვდები ირაკლი ოქრუაშვილს, შემეძლება გავაკეთო დამატებითი კომენტარი. ”

ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელს კოკა გუნცაძეს 9 ოქტომბერს დღის 2 საათზე ვესაუბრეთ. დაახლოებით ამავე პერიოდში გავრცელდა ცნობა ოქრუაშვილის მიერ საქართველოს დატოვების თაობაზე. მოგვიანებით ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში აღნიშნა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი თბილისშია. ბესელია მას შეხვდა და ამბობს, რომ ამ შეხვედრამ, ადამიანურად, მასზე უმძიმესი შთაბეჭდილება დატოვა... ” ირაკლი ოქრუაშვილი საუბრისას ადეკვატური არ მომეჩვენა. მან არ იცის, როგორ გადაიხადა გირაო - 10 მილიონი ლარი”, - ეს ადვოკატ ბესელიას განცხადებაა.

მძიმე შთაბეჭდილების ქვეშ არიან სხვებიც... ოღონდ არა მარტო იმის გამო, რაც მოხდა (ვგულისხმობთ სკანდალურ აღიარებას). გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ ის ახალაიას უწყებაში გამოძალულ აღიარებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს და ამბობს იმასაც, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ დიდი ინტერესი არასდროს ჰქონია:

[გოგა ხაინდრავას ხმა] ”ოღონდ, განსხვავებით მაგისი მეგობრებისგან, რომლებმაც წიხლებით გათელეს თავისი ვარსკვლავი, ჩვენ, ადამიანებმა, რომლებსაც გვქონდა მის მიმართ კითხვები, ამისგან თავი შევიკავეთ, იმიტომ რომ არსებობს ღირსება და ღირსება არავის უნდა შეულახო.”

ვინ არის ღირსებაშელახული: ოქრუაშვილი, რომელმაც გადათქვა თავისი ყველა სკანდალური ბრალდება, აღიარა, რომ ყველაფერი პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად მოიგონა, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე წავიდა და გირაოდ 10 მილიონი ლარის გადახდაზე დათანხმდა, თუ მასთან ერთად ის ადამიანებიც, რომლებსაც ოქრუაშვილის მიმართ ჰქონდათ შეკითხვები, მაგრამ ეს შეკითხვები გვერდზე გადადეს და პოლიტიკურ ბრძოლაში მის გვერდით დადგნენ? გაერთიანებულ ოპოზიციაში ახლა ამ შეკითხვებზე ჩაღრმავებას საჭიროდ არ მიიჩნევენ... საერთო სახალხო მოძრაობაში გაერთიანებული სხვადასხვა იდეოლოგიისა და სხვადასხვა მიმართულების ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოქრუაშვილის აღიარებით ოპოზიცია შოკში არ ჩავარდნილა და არც მის არსებობაში შეცვლილა რამე. ამას ამბობს ”საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილიც:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] ”შოკი არის ის, რომ ეს ხელისუფლება დემოკრატიული ნიღბის შემდეგ დაუბრუნდა საბჭოთა მეთოდებს. რა შეიცვალა? არაფერი. ეს ვიცოდით და აშკარა გახდა. არაფერი შეცვლილა ჩვენს მოქმედებებში. ეს გამოჩნდება დღეს, ხვალ, ზეგ, 2 ნოემბერს. ”

2 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიცია გრანდიოზულ საპროტესტო აქციას გეგმავს.
საერთო სახალხო მოძრაობა იწყებს, მისი წარმომადგენლების თქმით, ხელისუფლების მიერ ღირსებააყრილ ხალხთან მუშაობას. სხვადასხვა წერტილებში დგამს ყუთებს და მოსახლეობას მოუწოდებს ამ ყუთებში ჩაყარონ ფურცლები, რომლებზეც აღნიშნული იქნება მათი სახელები და გვარები და ტელეფონის ნომრები. ეს იმისთვის ხდება, რომ ამ ადამიანებს დაურეკონ და ესაუბრონ მათ პრობლემებზე, ქვეყნის პრობლემებზე. ოპოზიციას მთავარ მოთხოვნად გამოაქვს საპარლამენტო არჩევნების მომავალ გაზაფხულზე ჩატარება - ისე, როგორც ეს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანამდე უნდა მომხდარიყო. გრანდიოზული აქცია, როგორც უკვე ვთქვით, 2 ნოემბერს იგეგმება - მაშინ, როცა თბილისმა სერიოზულ საერთაშორისო კონფერენციაზე მაღალი რანგის დასავლელ სტუმრებს უნდა უმასპინძლოს... მაგრამ ხელისუფლება გაერთიანებული ოპოზიციის ამ და სხვა გეგმებს მშვიდად უყურებს. მისმა წარმომადგენლებმა ირაკლი ოქრუაშვილის გარშემო გაერთიანებულ მოძრაობაში - მოძრობაში, რომლის უკანაც ბადრი პატარკაციშვილი დაინახეს, ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულება შენიშნეს... ამაზე ლაპარაკი ღიად დაიწყო.
9 ოქტომბერს. ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა კომიტეტის ხელმძღვანელის უფლებამოსილება შეუჩერა. მანამდე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ ოლიმპიური კომიტეტი არ უნდა იყოს შეთქმულთა თავშესაფარი.

XS
SM
MD
LG