Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამ გამოიწვია საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასების ზრდა


ბოლო ერთი თვის მანძილზე საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასების სწრაფი ზრდა შეიმჩნევა.

კონკრეტულად კი მოიმატა პურისა და პურპროდუქტების ღირებულებამ, გაძვირდა შაქარი და თითქმის გაორმაგდა საკვები ზეთის ღირებულება. შესამჩნევი გახდა ზოგიერთი პროდუქტის დეფიციტიც. რამ გამოიწვია საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასების ზრდა და ზოგიერთი პროდუქტის მცირედი დეფიციტი?

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2007 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების მატების საერთო დონე 2 პროცენტს შეადგენს. მისი ზრდა, ძირითადად, რძის პროდუქციაზე ფასების 14 პროცენტით გაძვირებამ და ასევე ზეთისა და ცხიმების, საშუალოდ, 15,5 პროცენტით გაზრდამ განსაზღვრა. ამაზე ლაპარაკობენ ქუჩაში გამვლელი რიგითი მოქალაქენიც:

[მოქალაქეთა ხმა] ”ყველაფერი გაძვირდა - მარილიდან დაწყებული, ყველანაირი სურსათი გაძვირდა.”

[მოქალაქეთა ხმა] ”აბსოლუტურად ყველაფერი. ზეთის ფასმა რომ მოიმატა და შაქარმა, ამის შემდეგ ყველაფერმა - სურსათმაც და ბოსტნეულმაც - მოიმატა.”

ორიოდე კვირის წინ თბილისში ზეთის სხვადასხვა სახეობების დეფიციტიც კი შეიმჩნეოდა.

მთავრობა პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციის, მათ შორის, პურის გაძვირებას მსოფლიო ბაზარზე ხორბლისა და ნავთობის გაძვირებასა და რუსეთის ეკონომიკურ ბლოკადას აბრალებს. სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე პურის ფასის ზრდის მიზეზებს განმარტავს:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”ძირითადად, ხორბლის მოსავალზე იყო დამოკიდებული. ის, რომ დიდ ექსპორტიორ ქვეყნებში რა ხორბლის მოსავალიც იყო, ცხადია, ამაზეა მიბმული პურის ფასიც.”(სტილი დაცულია)

ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ ფასების მკვეთრ ზრდას საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულება განაპირობებს. მათი აზრით, ქვეყნის შიდაწარმოების განვითარების შემთხვევაში, ფასების ზრდის რისკი შედარებით დაბალი იქნებოდა.
ამ მოსაზრებას იზიარებს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ექსპერტი დავით ნარმანიაც:

[დავით ნარმანიას ხმა] ”ვთქვათ, ხორბლის მოსავალი უფრო მეტი რომ იყოს საქართველოში და ნავთობის რეზერვები გვქონდეს, მაშინ, ბუნებრივია, ფასების მატება არ აისახებოდა.”(სტილი დაცულია)

მთავრობა ზამთრის წინ სასურსათო პროდუქციაზე ფასების ზრდით გამოწვეული სოციალური პრობლემების თავიდან აცილების მექანიზმებზე ფიქრობს. 9 ოქტომბერს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს მილიონზე მეტი მოქალაქის დახმარება დაავალა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ყველა ოჯახს, პენსიონერებს და დაუცველ კატეგორიას - მათ შორის, პედაგოგებს - უნდა მივცეთ თითო ტომარა ფქვილი, გარდა დენის ვაუჩერის დაფინანსებისა.”

ეს - სოფლის მოსახლეობისთვის, ქალაქად კი სოციალურად დაუცველი ფენა გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადისთვის 100 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს. ეკონომიკის ექსპერტის დავით ნარმანიას აზრით, ეს არაეფექტური ნაბიჯია ფასების ზრდის კომპენსირებისათვის:

[დავით ნარმანიას ხმა] ”ასეთი დახმარებების ვარ წინააღმდეგი, როგორც წესი, იმიტომ რომ ეს არის ერთჯერადი და გრძელვადიანი გაუმჯობესება არ მოჰყვება.”

ერთი მილიონი მოქალაქის ერთჯერადად დასახმარებლად საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი გამოყო.
XS
SM
MD
LG