Accessibility links

logo-print

ბადრი პატარკაციშვილი - შეთქმულების ორგანიზატორი თუ ხელისუფლების მიერ დევნილი ბიზნესმენი?


თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენების შემდეგ

საზოგადოების ყურადღების ცენტრში საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარისა და ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტის ბადრი პატარკაციშვილის პიროვნება მოექცა. ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენებაზე დაყრდნობით, ხელისუფლების წარმომადგენლები პატარკაციშვილს შეთქმულების მოწყობასა და სახელმწიფო ინტერესების ღალატში ადანაშაულებენ. სწორედ ამ ბრალდებების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ 9 ოქტომბერს ნაჩქარევად მოწვეულ სხდომაზე ბადრი პატარკაციშვილისთვის პრეზიდენტობის უფლებამოსილების შეწყვეტას დაუჭირა მხარი. პარალელურად, ქართულ მედიაში კვლავ გამოჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთის გენერალური პროკურატურა, ხუთი წლის წინათ აღძრული სისხლის სამართლის საფუძველზე, ბადრი პატარკაციშვილის ექსტრადიციას ითხოვს. რას და რატომ ედავებიან საქართველოში მცხოვრებ ყველაზე მდიდარ ბიზნესმენს?

ბადრი პატარკაციშვილი, რუსეთის ფედერაციაში მრავალწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, საქართველოში შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლამდე დაბრუნდა. ეკონომიკის ექსპერტი ნიკო მჭედლიშვილი ამბობს, რომ მსხვილი ბიზნესმენის პატარა საქართველოში გადმობარგებამ კორუფციისგან დაუძლურებული და გაღატაკებული ქვეყნის საფინანსო ბაზარს პირველივე დღეებში დააჩნია კვალი:

[ნიკო მჭედლიშვილის ხმა] „იმდენად დიდი მასშტაბის ბიზნესმენი შემოვიდა, რომ ლარის კურსი გამყარდა“.

თუმცა, ლარის გამყარების პარალელურად, ქველმოქმედებამ და ინვესტიციებმა, ძირითადად, უძრავ ქონებასა და მედია-საშუალებებში ერთიორად გაზარდა თავად ბიზნესმენის წონა და გავლენა. ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტად და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარედ არჩეულმა ბადრი პატარკაციშვილმა მეგობრული ურთიერთობის დამყარება ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ მოსულ პოლიტიკურ ძალასთანაც სცადა:

[ბადრი პატარკაციშვილის ხმა] „მე მიმაჩნია, რომ ჩვენ სუყველა დაკაპიწებული ხელებით გვერდით უნდა დავუდგეთ დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც არის ახალგაზრდა და ამბიციური“.

მაგრამ მოგვიანებით, 2006 წლის მარტში, ბადრი პატარკაციშვილმა გაარკვია, რომ ახალგაზრდა და ამბიცუირი ხელისუფლება არაერთი მანკიერი თვისებითაა შემკული:

[ბადრი პატარკაციშვილის ხმა] „დაბალი კომპეტენცია და არასაკმარისი პრაქტიკული, პროფესიული თუ ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე კადრები და, აქედან გამომდინარე, ინსტიტუტების დაბალეფექტიანი მუშაობა“.

ბადრი პატარკაციშვილის ამ კრიტიკას ხელისუფლებამ ბრალდებებით უპასუხა. გიგა ბოკერიამ ბიზნესმენს ოპოზიციის რეალური ლიდერი უწოდა და ჩრდილიდან გამოსვლისათვის მადლობა გადაუხადა:

[გიგა ბოკერიას ხმა] „ბატონმა ბადრიმ პირდაპირ უთხრა დღეს საზოგადოებას, რაში მდგომარეობს მისი უკმაყოფილების რეალური მიზეზი. მან პირდაპირ თქვა, რომ უკმაყოფილების მიზეზი არის ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ - ის, რომ მან ვერ მიიღო პრივილეგიები; ის, რომ მან ვერ დაჩაგრა კონკურენტები; ის, რომ ვერ ჩამოყალიბდა ქართული ბიზნესის დონ კორლეონედ“.

ხელისუფლების წარმომადგენელთა ბრალდებები კიდევ უფრო დამძიმდა მოგვიანებით, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენების გამოქვეყნების შემდეგ. მთავრობის წევრების გიორგი არველაძისა და გიორგი გაბაშვილის კომენტარები:

[გიორგი არველაძის ხმა] „ჩვენი ქვეყანა არ გვემეტება იმისათვის, რომ მას თავზე მოვასვათ რომელიმე მილიარდერი, რომელსაც აქვს თავისი ნახევრად კრიმინალური და ნახევრად პოლიტიკური ამბიციები დასაკმაყოფილებელი“.

[გიორგი გაბაშვილის ხმა] „ქართული სპორტის სათავეში არ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც არის დაკავებული საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ხელისუფლების და საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაციით“.

ხელისუფლების ბრალდებებს უარყოფს თავად ბადრი პატარკაციშვილი, რომელმაც ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრალდებები, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენებაზეა აგებული, საფუძველსაა მოკლებული:

[ბადრი პატარკაციშვილის ხმა] „მმართველმა პარტიამ ბრალი დამდო იმაში, რომ მონაწილეობას ვიღებდი ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში. თითქოსდა, მე ოქრუაშვილთან ერთად ვგეგმავდი ქვეყნის გადატრიალებას თუ რაღაც მსგავსს. ირაკლი ოქრუაშვილმა ეს ჩვენება ციხეში მისცა. მე კი მომეჩვენა, რომ ეს ადამიანი დათრგუნული იყო. დედამისსაც უთქვამს, რომ ვერ იცნო საკუთარი შვილი. და, საერთოდ, მიმაჩნია, რომ ამორალურია, როცა ციხეში გადაღებულ ასეთ კადრებს ტელევიზიით აჩვენებენ, ყურებაც კი შეუძლებელია... აი, ასეთ ვითარებაში ოქრუაშვილმა თქვა, რომ ყველაფერი, რაც ორი კვირის წინ განაცხადა, არ ყოფილა და რომ, თითქოსდა, ყველაფერი ჩემთან იყო შეთანხმებული“.

ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები ხელისუფლების ფანტაზიის ნაყოფად მიაჩნია რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, თინათინ ხიდაშელს. მისი თქმით, ხელისუფლება შიშითაა შეპყრობილი:

[თინათინ ხიდაშელის ხმა] „ყველგან გადატრიალება ელანდებათ. ეს ბუნებრივიცაა, იმიტომ რომ მიშა სააკაშვილს პრეზიდენტობის პირველი დღიდან აქვს იმის შიში, რომ მანაც ისე არ დაამთავროს, როგორც ორმა მისმა წინამორბედმა“.

ოპოზიციისა და ხელისუფლების მსგავსად, ბადრი პატარკაციშვილის პიროვნებასთან დაკავშირებით ორადაა გაყოფილი საზოგადოებრივი აზრიც. საინტერესოა როგორ აფასებენ თბილისელები ცნობილი ბიზნესმენის მოღვაწეობას.

[მამაკაცის ხმა] „კარგი კაცია, კარგი ადამიანია! ფულის გადმორიცხვა უნდა, ხალხისთვის დახმარება“.

[ქალბატონის ხმა] „ბადრი პატარკაციშვილმა ფული იშოვნა უსინდისოდ და ასევე უსინდისოდ უნდა პოლიტიკაში მოსვლა“.

[მამაკაცის ხმა] „ფული შემოიტანა მაგ კაცმა და ახლა კრიმინალური გზით იშოვა ეს ფული რუსეთში, არ ვიცი და არც მაინტერესებს“.

სამაგიეროდ, აინტერესებს რუსეთის გენერალურ პროკურატურას, რომელიც ხუთი წელია ჯიუტად ითხოვს ქართველი ბიზნესმენის ექსტრადიციას, თუმცა, როგორც ადვოკატი ლია მუხაშავრია განმარტავს, ბადრი პატარკაციშვილს შეუძლია მშვიდად იყოს:

[ლია მუხაშავრიას ხმა] ”საქართველოს კონსტიტუციით პირდაპირ არის აკრძალული უცხო სახელმწიფოსათვის საქართველოს მოქალაქის გადაცემა. თუ არ ვცდები, ეს კონსტიტუციის 48-ე მუხლითაა დადასტურებული“.

ხელისუფლების წარმომადგენლებსაც არაერთხელ განუცხადებიათ, რომ არ აპირებენ კონსტიტუციის დარღვევას და ბიზნესმენის რუსეთში ექსტრადიციას. ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლება საქართველოში მცხოვრებ ყველაზე მდიდარ ბიზნესმენთან ურთიერთობის გარკვევას საკუთარი ძალით, მეზობლის დაუხმარებლად შეეცდება.
XS
SM
MD
LG