Accessibility links

logo-print

რეგიონული ენერგოუსაფრთხოების კონფერენცია ვილნიუსში და საქართველოს ინტერესი


აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის მონაწილეობით,10 ოქტომბერს ვილნიუსში გაიხსნა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია,

რომლის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია იმ ალტერნატიული პროექტების განვითარება, რომლებიც ევროპის ქვეყნებს დაეხმარება თავი დააღწიოს რუსეთის უალტერნატივო ენერგობაზარს. კონფერენციას ესწრება საქართველოს დელეგაცია, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ლიტვის ტელევიზიით გამოსვლისას ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ე.წ. “თეთრი ნაკადის” პროექტის განვითარებას, რაშიც საქართველო სისხლხორცეულად არის დაინტერესებული.

ლიტვის დედაქალაქში აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის 10 ქვეყნის პრეზიდენტებმა და სახელმწიფოს მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა მოიყარეს თავი. ენერგიის საერთაშორისო კონფერენციაზე ყველაზე დაბალი რანგის მოხელეებით რუსეთია წარმოდგენილი, რაც, დღის წესრიგიდან გამომდინარე, სავსებით გასაგებია. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ცდილობენ მოძებნონ ენერგიის ალტერნატიული გზები და თავი დააღწიონ რუსეთზე, როგორც ერთადერთ მიმწოდებელზე, დამოკიდებულებას, განაცხადა რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში ტომას იანელიუნასმა, ლიტვის საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის ანალიტიკოსმა:

[ტომას იანელიუნასი] “ სამიტი ორგანიზებულია იმისათვის, რომ გამოიძებნოს საშუალებები კასპიის ზღვის ქვეყნებიდან ენერგორესურსების ტრანსპორტირებისა რუსეთის გვერდის ავლით და შეიქმნას მიწოდების ალტერნატიული ქსელი, რომელსაც პოლონეთი და ბალტიის ზღვის სხვა ქვეყნები გამოიყენებენ. ამიტომაცაა რუსეთი წარმოდგენილი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაბალ დონეზე.”


პოლონეთი, ბალტიის სახელმწიფოები და უკრაინა სწორედ იმ მიზნით მუშაობენ ოდესა-ბროდი-პლოცკის ნავთობსადენის ასამოქმედებლად, რომ კასპიის ქვეყნებიდან, როგორიცაა აზერბაიჯანი, ენერგია ბალტიის ქვეყნებსაც მიეწოდოს.
ენერგიის ალტერნატიული გზების ძიებაშია საქართველოც, რომელიც ვილნიუსში ქვეყნის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილითა და საგარეო საქმეთა მინისტრით არის წარმოდგენილი. საქართველო მხარს უჭერს ბალტიის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და ცდილობს მიუერთდეს ალტერნატიულ ნავთობსადენს, უთხრა რადიო “თავისუფლებას” გოგი ვაშაყმაძემ, პროექტის “საქართველო-უკრაინა-ევროკავშირის ’თეთრი ნაკადის’ ” კონსორციუმის დირექტორმა კორპორაციული განვითარების საკითხში.

[გოგი ვაშაყმაძის ხმა] “ცენტრალური საკითხი აქ არის ნავთობსადენი, რომელზეც არის წინაპირობა ხელის მოწერისათვის, რაც გულისხმობს ოდესა-ბროდის ნავთობსადენში აზერბაიაჯისა და საქართველოს მიერთებას და ერთიანი კონსორციუმის შექმნას.”

გარდა ამისა, საქართველო თავად წარმოადგენ საკვანძო მაგისტრალს ალტერნატიული ენერგოპროექტისა, სახელწოდებით “თეთრი ნაკადი”. საქმე ეხება გაზის ტრანსპორტირების ახალ მაგისტრალს, რომლის პერსპექტივა კიდევ უფრო რეალური გახდა მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნებმა, რუსეთის გვერდის ავლით, პროექტ ”ნაბუკოს” ჩაუყარეს საფუძველი.

[გოგი ვაშაყმაძის ხმა] “ შესაბამისად, რადგან უკვე “ნაბუკოზე” არის სეროზული წინსვლა, რადგან თურქმენეთთან არსი ძალიან სერიოზული დიალოგი დაწყებული, უკვე გაჩნდა ინტერესი იმისა, რომ იქნებ, ეხლა ვიფიქროთ, უფრო დიდი რაოდენობით გაზზე და არა ვთქვათ მინიმალურზე, რაც მოხერხდება. ამიტომ შავი ზღვის გავლით საქართველოდან უკვე შეიძლება გაიყოს გაზი მომავალში და ნაწილი წავა “ნაბუკოს” მიმართულებით, მეორე ნაწილი კი შავ ზღვას გადაკვეთავს და პირდაპირ აღმოჩნდება უკრაინაში. ეს არის უკვე “თეთრი ნაკადი”, ანუ მეორე პროექტი.”

გოგი ვაშაყმაძე, “თეთრი ნაკადის” კონსორციუმის დირექტორი კორპორაციული განვითარების საკითხში, რუსეთის გვერდის ავლით კასპიის ენერგომატარებლების ევროპისკენ ტრანსპორტირების ალტერნატიული გზების პროექტებს რეალურს უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ მათი საბოლოო ამოქმედება ბევრი პირობის თანხვედრაზე იქნება დამოკიდებული.

[გოგი ვაშაყმაძე] “ ძნელია საუბარი იმაზე, თუ როდის შეიძლება ეს იყოს. რეალურად ისტორია გვეუბნება, რომ ყოველთვსი არის რაღაც მოულოდნელობა. მაგალითად, 2000 წელს ხელშეკრულება ტრანსკასპიურზე ფაქტიურად მზად იყო და ყველას ეგონა რომ მაგისტრალი წელიწადნახევარში ფუნქციობას დაიწყებდა, მაგრამ არ გამოვიდა. საუბარია იმაზე, რომ ეს არის ძალინა ბევრი ფაქტორის ერთობლიბა. მაგრამ დღეს განცდა იმისა, რომ ეს შეიძლება განვითარდეს სწრაფი ტემპებით, უფრო ერალისტურად აღიქმება, ვიდრე ეს იყო ორი სამი თვის წინ.”

ენერგიის საერთაშორისო კონფერენციას ვილნიუსში ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია.
ლიტვის ტელევიზიასთან ინტერვიუში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ ამერიკა დაინტერესებულია საქართველოდან, შავი ზღვის გავლით, უკრაინისა და რუმინეთის მიმართულებით გაზის ტრანსპორტირებით.
XS
SM
MD
LG