Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პრეზიდენტი თავისი პირველი ვიზიტით მოსკოვს ეწვევა


თუკი დიპლომატია ხელოვნებაა, რომელიც მინიშნებებს და


აზრის ფარულად გამოხატვას გულისხმობს, საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი რუსეთის შესახებ ლაპარაკისას ამ ხერხს არ მიმართავს. ის ამით სრულიად განსხვავდება თავისი წინამორბედის, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაკ შირაკისგან, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის, მეგობარია. რუსეთის საგარეო, ენერგეტიკისა თუ უსაფრთხოების პოლიტიკას სარკოზი ლაკონიურად და დაუფარავად აფასებს. ის რუსეთს ღიად აკრიტიკებს და ხმარობს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა, მაგალითად: ”რუსეთის პრეზიდენტს, პუტინს, ჩეჩნეთის ომის გამო, ხელები სისხლში აქვს გასვრილი”. არა აქვს მნიშვნელობა, როგორ მიიღებს პუტინი სარკოზის კრემლში. ეჭვი არაა, რუსეთის მმართველმა დაინახა, რომ პარიზში სხვაგვარად ლაპარაკობენ რუსეთზე მას მერე,რაც ელისეს სასახლეში სავარძელი 16 მაისს სხვა პოლიტიკოსმა დაიკავა.
ჟაკ რუპრიკი ფრანგი პოლიტოლოგია. ჩვენი კორესპონდენტი მას ესაუბრა, როცა ის პრაღაში წლიურ საერთაშორისო კონფერენციას ”ფორუმი 2007-ს” ესწრებოდა.

(რუპრიკის ხმა)
“საფრანგეთი ღიად ლაპარაკობს იმაზე, რაც რუსეთის განვითარებაში არ მოსწონს. პრეზიდენტი სარკოზი ისეთ სიტყვებსაც კი ხმარობს, რომლებიც რუსეთის პოლიტიკის ნამდვილ სისასტიკეზე მიუთითებს. ეს არ არის ის დიპლომატიური ენა, რომელსაც საერთოდ ვიყენებთ. ასე რომ, მოხდა ცვლილება. საქმე გვაქვს რუსეთის შინაგანი დემოკრატიული განვითარების მიმართ უფრო მგრძნობიარე დამოკიდებულებასთან”.

კრემლის მიმართ სარკოზის დამოკიდებულებას თითქოს ასახავს გზა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა გაიარა მოსკოვში დღევანდელ სტუმრობამდე. ჯერ იყო და, ის თავისი მამის სამშობლოს, უნგრეთს, ეწვია; შემდეგ, 4 ოქტომბერს, ბულგარეთში ჩავიდა და ისეთი რამ თქვა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტს დღემდე არ განუცხადებია: მე ნახევრად აღმოსავლეთევროპელი ვარო, უთხრა სოფიაში ჟურნალისტებს. ბევრისთვის ევროპის აქეთა ნაწილში ეს აშკარა ნიშანი იყო სოლიდარობისა იმ ხალხებთან, რომლებიც ყოფილი საბჭოთა ბლოკის ტყვეობაში იყვნენ. სარკოზიმ რუსეთი დაადანაშაულა: მსოფლიოს პრობლემებს უქმნის, კოსოვოს ოლქის მიმართ თავისი პოზიციის გასამაგრებლად ცუდად შენიღბული არგუმენტები მოჰყავსო. უკვე 5 რიცხვში სარკოზიმ მიიღო უკრაინის პროდასავლური პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, რომლის რუსეთთან დაპირისპირება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების რუსეთის ჩრდილიდან გამოსვლისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.
და უშუალოდ მოსკოვში ჩასვლამდე სარკოზი უკვე შეხვდა პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პირველ პირებს. ეს ქვეყნები, საბჭოთა კავშირის ყოფილი თანამგზავრები, უნდობლად არიან განწყობილნი მოსკოვის მიმართ.
ანდრე გლუკსმანი ფრანგი ფილოსოფოსი და მიმომხილველია, რომელმაც გაგვახსენა, რომ ნიკოლა სარკოზი პრეზიდენტად არჩევამდე აცხადებდა თავისუფლებას და ადამიანის უფლებების საკითხს საგარეო პოლიტიკის მთავარ თემად.

(გლუკსმანის ხმა)
“ წინა პრეზიდენტის, შირაკისგან განსხვავებით, სარკოზი უპირატესობას, პუტინთან შედარებით, ევროკავშირის ახალ წევრებს ანიჭებს. და ცხადია, თქვენ იცით, რომ შირაკი ძალიან კარგი მეგობარი იყო პუტინისა, რომელსაც ქვეყნის უმაღლესი ჯილდო - საპატიო ლეგიონის ორდენი - მიანიჭა დაახლოებით ორი კვირით ადრე, ვიდრე ანა პოლიტკოვსკაიას მოკლავდნენ”.

პოლონელ და ჩეხ კოლეგებთან სარკოზის ცალ-ცალკე შეხვედრაც, ალბათ, მოსკოვისათვის სიგნალად უნდა მივიჩნიოთ. ლეხ კაშინსკიცა და მირეკ ტოკპოლანეკიც აშშ-თან მოლაპარაკების სტადიაში იმყოფებიან მათი ქვეყნების ტერიტორიაზე ანტისარაკეტო ფარის განთავსების თაობაზე. კრემლი ამ ფარის კატეგორიული წინააღმდეგია, რადგან მიაჩნია, რომ ის მის უსაფრთხოებას ემუქრება. ფრანგი ოფიციალური პირები აცხადებენ, ეს შეხვედრები არ იყო ისე დაგეგმილი, რომ მოსკოვში ჩასვლის წინა პერიოდს დამთხვეოდაო. თუმცა, საფრანგეთის პრესის თანახმად, კაშინსკი პარიზისგან მხარდაჭერას მოელის ანტისარაკეტო ფარის სფეროშიც და ნატოში საქართველოს გაწევრიანების საქმეშიც. სარკოზი იმედოვნებს, რომ თვითონ საფრანგეთი ალიანსის სამხედრო სტრუქტურაში ჩაერთვება. შირაკის დროს საფრანგეთი გულგრილი იყო აშშ-ის ანტისარაკეტო ფარისა და ნატოში საქართველოს მიწვევის თემის მიმართაც. გლუკსმანი ფიქრობს, რომ საქართველოს მიმართ საფრანგეთმა აშკარად შეცვალა დამოკიდებულება:

(გლუკსმანის ხმა)
“შეხედეთ, აი, კონკრეტულად, სარკოზიმ სააკაშვილს უმასპინძლა, რაზეც წინა პრეზიდენტი, შირაკი, ყოველთვის უარს ამბობდა”.

თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ სექტემბერში, მოსკოვში ყოფნისას, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი საერთოდ არ შეხებია საქართველოს ნატოში მიწვევას თუ ანტისარაკეტო სისტემას. ზოგიერთი მიმომხილველი ფიქრობს, რომ პარიზს უფრო მაღალი პრიორიტეტები აქვს მოსკოვთან შესათანხმებელი - ირანი, ენერგეტიკა თუ კოსოვო, რომლის დამოუკიდებლობასაც საფრანგეთი ემხრობა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ერვე მორენის გასული კვირის განცხადება საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე. ფრანგმა მინისტრმა როიტერის სააგენტოს უთხრა: ” ქართველებთან მთელი ჩვენი სიახლოვისა და მეგობრობის მიუხედავად, - და მე ეს საქართველოს მთავრობის მეთაურს ვუთხარი, - ეს (ის ნატოში საქართველოს გაწევრიანებას გულისხმობდა - ო.რ.) შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არ იქნება აღქმული რუსეთის მიმართ დამატებით მუქარად ”.

მანვე იმავე ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება აღმოსავლეთისკენ, კავკასიის მიმართულებით, არ უნდა იქნეს დანახული რუსეთის წინააღმდეგ აგრესიად. ბუნებრივია, აცხადებენ ფრანგი დიპლომატები, აღმოსალეთ ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავება არ არის რუსეთის მიმართ პოლიტიკასთან კავშირში. მართალია, არ არის ცხადი, გაითვალისწინებს თუ არა საფრანგეთი პოლონეთის თუ ჩეხეთის რესპუბლიკის სურვილებს, მაგრამ აღმოსავლეთევროპელებთან ეს ბოლოდროინდელი დაახლოება და რუსეთის აშკარა კრიტიკა იმის ვარაუდის საფუძველს მაინც იძლევა, რომ სარკოზი, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში მიესალმებიან, რუსეთის სასარგებლოდ თავის პრინციპებს არ დათმობს.

XS
SM
MD
LG