Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი დამოკიდებულებას ცვლის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისადმი


მას შემდეგ, რაც საფრანგეთსა და გერმანიას ახალი ლიდერები ჰყავს - პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და კანცლერი ანგელა მერკელი,

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისადმი ევროკავშირის პოლიტიკას გარკვეული ცვლილებები დაეტყო. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირი ნაკლები მონდომებით უფრთხილდება რუსეთთან ურთიერთობას და მეტ ყურადღებას უთმობს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერას.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბოლოხანს უჩვეულოდ მკაცრ შეფასებებს ისმენს ბერლინიდან და პარიზიდან. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ამ კვირაში, რუსეთში ვიზიტამდე, მოსკოვი დაადნაშაულა სისასტიკეში მეზობლების მიმართ და პუტინს შეახსენა, რომ “დიდ ძალას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ახლავს”. ბევრს გაახსენდა გერმანიის კანცლერ მერკელის საჯარო განცხადება, რომლითაც მან რამდენიმე თვის წინ - მაისში, სამარაში ვიზიტისას - გააკრიტიკა კრემლი დემონსტრანტებისადმი უხეში მოპყრობის გამო.

ამ განცხადებების ტონი დიდად განსხვავდება გულთბილი საუბრებისაგან, რომელთაც ვლადიმირ პუტინი მიეჩვია სარკოზისა და მერკელის წინამორბედებთან, ჟაკ შირაკთან და გერჰარდ შრიოდერთან ურთიერთობაში.

[რუპნიკის ხმა] “ბოლოხანს ჩვენთან პოლიტიკური ცვლილება მოხდა. ჯერ გერმანიაში, მერე საფრანგეთში. და ორივე შემთხვევაში აშკარაა რუსეთთან ახლო ურთიერთობის ცოტაოდენი შესუსტება. ბოლო მოეღო დიპლომატიურ ღერძს პარიზი-ბერლინი-მოსკოვი”.

ის, რასაც პარიზსა და ბერლინზე ამბობს ცნობილი ფრანგი პოლიტოლოგი ჟაკ რუპნიკი, ბრიუსელსაც ეხება - ევროკავშირის ინსტიტუციურ ცენტრს. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ევროკავშირი, შირაკისა და შრიოდერის მეცადინეობით, თავს იკავებდა პუტინის კრიტიკისაგან. მაშინ ბრიუსელი დიდად არ უწევდა ანგარიშს ევროკავშირის ახალი, მომცრო წევრების მისწრაფებებს: ყოფილი კომუნისტური ქვეყნები, როგორიც არის პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა და ესტონეთი, იმთავითვე ემხრობოდნენ კრემლისადმი უფრო კრიტიკულ, უფრო რეალისტურ მიდგომას.

აქ უთუოდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მერკელსა და სარკოზის, სხვა თუ არაფერი ბიოგრაფია აკავშირებს ევროპის ყოფილ კომუნისტურ ნაწილთან: ანგელა მერკელი აღმოსავლეთგერმანელია, თავად მოუწია კომუნისტურ რეჟიმში ცხოვრება, სწავლა და მუშაობა. რაც შეეხება სარკოზის - მამამისიც სწორედ კომუნისტურ რეჟიმს გაექცა უნგრეთიდან, ვიდრე საფრანგეთში დასახლდებოდა. ორივე ლიდერი, წინამორბედებისაგან განსხვავებით, დიდ ინტერესს არ ამჟღავნებს კრემლთან თბილი ურთიერთობისადმი, ორივე - წინამორბედებზე მეტ ყურადღებას ავლენს ყოფილ საბჭოთა სივრცეში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ხელშეწყობის მიმართ. შედეგად კი პარიზისა და ბერლინის პოზიცია დაუახლოვდა ვარშავის, ტალინის, პრაღის პოზიციას. (პრაღის პოზიციაზე დღევანდელ გადაცემაში დაწვრილებით იყო საუბარი - რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობასაც შეეხო).

ბრიტანეთის ავტორიტეტიან ყოველკვირეულ გამოცემა “ეკონომისტის” რედაქტორი ედუარდ ლუკასი აღნიშნავს, რომ სახეზეა აშკარა ცვლილება ევროკავშირის წევრთა მიერ რუსეთის პოლიტიკის შეფასებაში. [ლუკასის ხმა] “ევროკავშირის შეხვედრებზე ატმოსფერო ახლა დიდად განსხვავდება 3 ან 4 წლის წინანდელისაგან, როცა აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ, თავისუფლებაართმეულ ქვეყნებს დასავლეთის დიდი, მდიდარი ქვეყნები წყნარად ჯდომასა და წუწუნის შეყვეტას ურჩევდნენ. ახლა ატმოსფერო სრულიად განსხვავებულია - ეს კი, დარწმუნებული ვარ, არ არის სასიხარულო სიახლე კრემლისთვის”.

სამაგიეროდ, სასიხარულო სიახლეა კრემლის და არა მარტო კრემლის ოპონენტებისთვის. წინათ ევროკავშირი ფრთხილობდა, როცა საქმე ეხებოდა, მაგალითად, ბელორუსი ოპოზიციონერების მხარდაჭერის საჭიროებას - ამით ბრიუსელი თავს არიდებდა კრემლის განაწყენებას, რახან რუსეთი ბელორუსიას თავისი გავლენის სფერო შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს. მაგრამ ოპოზიციის ლიდერი ალექსანდრ მილინკევიჩი ადასტურებს, რომ ევროკავშირის პოლიტიკა მინსკში, პრეზიდენტ ლუკაშენკას მოწინააღმდეგეების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ბოლოდროს გაცილებით უფრო გააქტიურებულია.

[ლუკაშენკას ხმა] “დღეს ისეთი ერთსულოვნებაა მინსკში ევროკავშირის წარმომადგენელ დიპლომატებს შორის, როგორც აქამდე არასდროს ყოფილა. ისინი იზიარებენ პოზიციას, რომელზეც უკვე ვილაპარაკე, რომ ბელორუსიის ხელისუფლებასთან საჭიროა საუბარი მორალის პრინციპებით. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გვინდა ქვეყნის ტრანსფორმირება და არა რეჟიმის მხარდაჭერა ფინანსური გზავნილებით. და მე ამას მინსკში უდავოდ ვგრძნობ, ეს ნამდვილად არის”.

მილინკევიჩმა პრაღაში გამართულ საერთაშორისო კონფერენცია “ფორუმ 2000”-ში მონაწილეობისას ისაუბრა ცვლილებაზე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისადმი ევროკავშირის დამოკიდებულებაში.
XS
SM
MD
LG