Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას აპირებს ოპოზიცია ოქრუაშვილის გირაოთი გათავისუფლების შემდეგ?


ახალი ოპოზიციური გაერთიანება ”საერთო სახალხო მოძრაობა”, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალური განცხადებების შემდეგ შეიქმნა,

კვლავ აგრძელებს ბრძოლას. იმის მიუხედავად, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა ხელისუფლების მიმართ მანამდე წაყენებული ბრალდებები უარყო და დროებით პატიმრობას თავი გირაოთი დააღწია. ოპოზიციონერებს დაგეგმილი აქვთ საქართველოს რეგიონების შემოვლა და 2 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის წინ დიდი საპროტესტო მიტინგის გამართვა. რას აპირებს ოპოზიცია?

ოპოზიციის გაერთიანებისა და ახალი ოპოზიციური მოძრაობის მიზეზად ქცეული ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის გირაოთი გათავისუფლების შემდეგ ოპოზიციონერი ლიდერები მოუთმენლად ელოდნენ მასთან შეხვედრას. ზოგიერთმა მათგანმა ერთი დღის წინ მართლაც მოახერხა ოქრუაშვილის მონახულება. ამის შემდეგ გია ცაგარეიშვილს, წევრს ”მოძრაობისა ერთიანი საქართველოსთვის”, მისივე პარტიის ლიდერის მდგომარეობის შესახებ შემდეგი აზრი ჩამოუყალიბდა:

[გია ცაგარეიშვილის ხმა] ”გუშინ იყო უმძიმეს მდომარეობაში. არის მორალურად განადგურებული და ფიზიკურად განადგურებული. ეს არის მანიშნებელი იმისა, რომ ამ ადამიანზე განხორციელდა უზარმაზარი ზეწოლა. იგი იღებს ტაიმ-აუტს და მერე თვითონ გადაწყვეტს რა ქნას.”

ულიდეროდ დარჩენილი ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”, სხვა მოკავშირე ოპოზიციონერ პარტიებთან ერთად, ბრძოლის შეჩერებას არ აპირებს. 11 ოქტომბერს ”საერთო სახალხო მოძრაობის” ლიდერებმა პარლამენტის წინ ჟურნალისტები მიიწვიეს და სამომავლო გეგმები გააცნეს. 12 ოქტომბერს, ოპოზიცია ახალციხისკენ გაემართება და გზად მცხეთაში, გორში, ხაშურსა და ბორჯომშიც აპირებენ გავლას მცირე მიტინგების მოსაწყობად. დღის ბოლოს კი ახალციხეს ესტუმრებიან და თუ რატომ, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, კონსტანტინე გამსახურდიასგან შეიტყობთ:

[კოსტანტინე გამსახურდიას ხმა] ”ნუ, ეს არის მოსახლეობის გამხნევება. ეს არის მოწოდება, მოვიდნენ 2 ნოემბერს და მიზანი არის საზოგადოებრივი აზრის მობილიზება და ადამიანებისთვის შეხსენება, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება.”

ოდნავ განსხვავებულ მიზანზე ლაპარაკობს ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”ახალციხეში მერაბიშვილის მაფია არის გამეფებული და მივდივართ იქაც, დათრგუნულია მოსახლეობა და იმის დასანახვებლად, რომ შიშის დრო ახლა არ არის. ჯობია ადამიანები გაცილებით მხნედ და ადეკვატურად უყურებდნენ სიტუაციას, ვიდრე დღეს ეს არის. ჩვენ გავალთ კიდევ სხვა რეგიონებშიც და არც ერთ კუთხეს არ დავტოვებთ, სადაც არ მივალთ.”(სტილი დაცულია)

ამ მოძრაობის კულმინაცია იქნება 2 ნოემბერს საქართველოს პარლამენტთან მოწყობილი მიტინგი, რომელზეც ოპოზიცია თავის ძირითად მოთხოვნებს წამოაყენებს. ესენია: საქართველო პრეზიდენტის გარეშე და საპარლამენტო არჩევნების მომავალი წლის გაზაფხულზე ჩატარება.

მმართველი პოლიტიკური ძალა 2 ნოემბრისთვის დაგეგმილ აქციას მხოლოდ ერთ არგუმენტს უპირისპირებს. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ნინო კალანდაძის, კომენტარი:

[ნინო კალანდაძის ხმა] ” ნატოს საკითხებთან დაკავშირებული ფართომასშტაბიანი კონფერენცია არის დაგეგმილი. გამორიცხული არის, რომ ამათ შორის კავშირი არ არსებობდეს, რომ 2 ნოემბერი სწორედ ამიტომ არ იყოს შერჩეული. ლოგიკურია, ამის შესახებ მითითება მოსკოვიდანაც ჰქონდეთ.”

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნატოს კონფერენციის შესახებ მოგვიანებით შეიტყვეს და რომ მათ ბრძოლას ვერაფერი შეაფერხებს.
XS
SM
MD
LG