Accessibility links

logo-print

სჭირდება თუ არა ქართულ მედიას თვითრეგულაცია


საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ საინფორმაციო საშუალებებს - განსაკუთრებით

კი ელექტრონულ მედიასაშუალებებს - სულ უფრო მეტად უჭირთ მაღალი პროფესიული სტანდარტის დაცვა და შენარჩუნება. ხელისუფლებისა თუ სხვადასხვა პოლიტიკური ძალების გავლენით, მედია, ძირითადად, ვერ ახერხებს საზოგადოებისათვის უტყუარი და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდებას. გარდა ამისა, მძაფრი კონკურენციის პირობებში სენსაციებს გამოდევნებული რედაქტორები და ჟურნალისტები თავადაც არ იცავენ ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს და არღვევენ ადამიანის უფლებებს. შედეგად, ეცემა საზოგადოების ნდობის ხარისხი, რაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქართულ მედიას კიდევ უფრო მეტად აზარალებს. სად არის გამოსავალი? როგორ დააღწიეს თავი მოჯადოებულ წრეს სხვა ქვეყნების მედიასაშუალებებმა?

განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებმა გამოსავალს დიდი ხნის წინათ მიაგნეს. იმისათვის, რომ განვითარდეს დამოუკიდებელი მედია და არ დაიკარგოს ნდობა ჟურნალისტიკის მიმართ, საჭიროა პროფესიული სტანდარტების დაცვა და, ამ მიზნით, თვითრეგულირების მექანიზმის შემოღება. მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის უფროსი მრჩეველი ალექსანდრ ბოლდარევი ამბობს, რომ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი შვედმა ჟურნალისტებმა ჯერ კიდევ სამოცდაათი წლის წინ გადადგეს:

[ალექსანდრ ბოლდარევის ხმა] „თვითრეგულირება ჟურნალისტებს ორგანიზებასა და ეთიკური ნორმების გამომუშავებაში ეხმარება. ამ მექანიზმის წყალობით, პრესა მეტად თავისუფალი და დამოუკიდებელი ხდება. გარდა ამისა, სახელმწიფოც ვეღარ ხედავს გარედან რეგულირებისა და ჩარევის აუცილებლობას.“

ალექსანდრ ბოლდარევმა თვითრეგულირების მექანიზმის საშუალებით დამოუკიდებელი მედიის განვითარების პერსპექტივები იმ კონფერენციაზე მიმოიხილა, რომელსაც ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში 11 ოქტომბერს თბილისში უმასპინძლა. სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის ჟურნალისტებმა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ეუთოს სივრცეში წარმატებით დანერგილი თვითრეგულირების სხვადასხვა მოდელი განიხილეს. ბულგარეთის გამოცდილების შესახებ ოგნან ზლატევმა, მედიის განვითარების ცენტრის დირექტორმა, ილაპარაკა:

[ოგნან ზლატევის ხმა] „შეიქმნა ასეთი ორგანო - პრეს-საბჭო, რომელიც მეთვალყურეობას უწევს ეთიკის კოდექსის დაცვას. უნდა ითქვას, რომ ეს საბჭო ძალზე ხანგრძლივი პროცესის შედეგია და მისი შექმნა მხოლოდ 2004 წელს გამომცემლების, რედაქტორების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლების ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა. აქვე უნდა ითქვას, რომ პრეს-საბჭოს სიკეთე მოაქვს როგორც მედიის, ასევე საზოგადოებისათვის. ჯერ ერთი, მკვეთრად შემცირდა ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული სასამართლო განხილვების რაოდენობა და მოიმატა ჟურნალისტების პროფესიონალიზმმა, რითაც იგებს საზოგადოება, რომელსაც ჟურნალისტები მეტად სანდო და შემოწმებულ ინფორმაციას აწვდიან.“

ბულგარელი კოლეგების მაგალითს მოგვიანებით სომეხმა, აზერბაიჯანელმა და ქართველმა ჟურნალისტებმაც მიბაძეს. თვითრეგულირების პირველი მექანიზმი საქართველოში ორიოდე წლის წინ შეიქმნა, თუმცა საკითხავია რამდენად ეფექტიანად მუშაობს იგი. თამარ შამილი - მედიასაბჭოს წარმომადგენელი - განმარტავს:

[თამარ შამილის ხმა] „მედიასაშუალებები, როგორც წესი, არ ერთიანდებიან მედიასაბჭოში. ჩვენ გვყავს სულ 15 დამფუძნებელი მედიაორგანიზაცია. მათ შორის დედაქალაქის გაზეთებიდან მხოლოდ სამია: ინგლისურენოვანი „მესინჯერი“, „24 საათი“ და „ჯორჯიან ტაიმსი“. დანარჩენმა გაზეთებმა უნდობლობა გამოუცხადეს ამ ინსტიტუტს.“

უნდობლობის მიზეზებზე მე გაზეთ „რეზონანსის“ გამომცემელს დავეკითხე. ზურაბ მაჭარაძე თვითრეგულირების იდეას იწონებს, თუმცა, ამის მიუხედავად, არ ენდობა მედიასაბჭოს:

[ზურაბ მაჭარაძის ხმა] „მოხდა ისე, რომ ამ იდეას, უფრო ზუსტად კი, მედიასაბჭოს სათავეში ჩაუდგნენ თავისუფლების ინსტიტუტი და სხვა ორგანიზაციები, რომელთა ავტორიტეტი დაბალია რედაქტორებს შორის. მე და სხვა გაზეთების რედაქტორები ვფიქრობთ, რომ ამ იდეას მომწიფება უნდა და ეს საბჭო უნდა შეიქმნას ჟურნალისტების, რედაქტორების, გამომცემლების სურვილით და ყველა სხვა ძალის გარეშე. ამ შემთხვევაში ის დაიმსახურებს ჟურნალისტებისა და რედაქტორების ნდობას და ხელს შეუწყობს მედიის განვითარებას.“

თუმცა, თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის უქონლობის გამო, მედია არათუ ვერ ვითარდება, არამედ თავად გვევლინება ადამიანის უფლებათა უხეშ დამრღვევად. გიორგი ჩხეიძე, ახალგაზრდა იურისტთა გამგეობის თავმჯდომარე, ჩამოთვლის შემთხვევებს, როცა მედიას მეტი წინდახედულობა და თავშეკავება მართებს:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] „გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზარალებულთა უფლებებისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვა, მედიამ თვითრეგულირება მოახდინოს. ამიტომ გამოსავალი არა სახელმწიფოს ჩარევა და რეგულირებაა, არამედ თვითრეგულირება, რასაც დაადგა ძალიან ბევრი ქვეყანა როგორც ევროპაში, ასევე ევროპის გარეთ.“

თუმცა, ევროპისაგან განსხვავებით, საქართველოში მედიის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი ჯერჯერობით მხოლოდ თავისუფალი ბაზრის უმთავრესი პრინციპით მოქმედებს, ანუ საზოგადოებას აწვდის ისეთ ინფორმაციას, რაზეც მოთხოვნილებაა. იშვიათი გამონაკლისია საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის წარმომადგენელი ქეთევან მსხილაძე მიიჩნევს, რომ მომავალი ეთიკური ჟურნალისტიკისაა:

[ქეთევან მსხილაძის ხმა] „ასეთი ვითარება და ასეთი მახინჯი ტრადიცია ჩამოყალიბდა საქართველოში. შეუძლებელია, გამორიცხულია, რომ ეს თანდათან არ შეიცვალოს. არადა, რომ შეიცვალოს, ამისათვის ვიღაცამ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი.“
XS
SM
MD
LG