Accessibility links

logo-print

გაერთიანებული ოპოზიცია 2 ნოემბრის მიტინგისთვის ემზადება


გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები განაგრძობენ მზადებას 2 ნოემბრისთვის დანიშნული მიტინგისათვის

და რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების გასააქტიურებლად საქართველოს სხვადასხვა კუთხეს სტუმრობენ. ამჯერად ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა სამცხე-ჯავახეთის მხარე აირჩიეს და ახალციხეში ჩასვლამდე გორის, ხაშურისა და ბორჯომის მოსახლეობას შეხვდნენ. მინდა გესაუბროთ იმაზე, თუ როგორ ემზადება გაერთიანებული ოპოზიცია 2 ნოემბრისთვის დანიშნული მიტინგისათვის და უნდა ჰქონდეს თუ არა მას სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მოქალაქეების იმედი.

ოპოზიციური პარტიებისგან შემდგარმა გაერთიანებულმა ეროვნულმა საბჭომ კახეთის შემოვლის შემდეგ სამცხე-ჯავახეთს მიაშურა. დაახლოებით ორასი მანქანისგან შემდგარმა კოლონამ, დროშების ფრიალითა და საყვირების ძახილით, თბილისი დილის თეთრთმეტ საათზე დატოვა.

[ისმის საყვირის ხმა]

გამგზავრებამდე ოპოზიციის ლიდერებმა საკუთარ გეგმებზე ისაუბრეს. ზვიად ძიძიგურის თქმით, რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს გამხნევება და მხარდაჭერა სჭირდებათ:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] „დათრგუნულია მოსახლეობა და მივდივართ იმის საჩვენებლად, რომ შიშის დრო არ არის. უმჯობესია ადამიანები გაცილებით მხნედ და ადეკვატურად უყურებდნენ სიტუაციას, ვიდრე ეს არის დღევანდელ დღეს.“(სტილი დაცულია)

ზვიად ძიძიგურსა და ოპოზიციის სხვა ლიდერებს პირველი მხარდამჭერები გორსა და ხაშურში შეეგებნენ.

[მამაკაცის ხმა] „რა მოხდა და ხომ ხედავთ, ხალხი რა ამბავშია! არ გვინდა ბარაბა!“

[მამაკაცის ხმა] „ყველაფერში მხარს გიჭერთ. გამარჯვება იქნება მალე! გაუმარჯოს ამ ახალგაზრდობას!..“

ქუჩაში გამოსულ ამ ადამიანებს ხელში ეჭირათ შემდეგი შინაარსის ტრანსპარანტები: „საქართველო პრეზიდენტის გარეშე“, „არ გვეშინია“, „ძირს სააკაშვილი“. პასუხად კი ოპოზიციის ლიდერებმა მხარდამჭერებს ხმის გამაძლიერებლის საშუალებით მიმართეს:

[მიტინგის ორგანიზატორის ხმა] „შევიკრიბებით კიდევ ერთხელ და თქვენ, ქართველი ხალხი, იტყვით, რა ვუყოთ ამ საცოდავ, კორუმპირებულ და ცრუპენტელა ხელისუფლებას.“

ოპოზიციის რეგიონებში გასვლას ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობა. გიგი წერეთელს სულ სხვა რამ აკვირვებს:

[გიგი წერეთლის ხმა] „მიმაჩნია, რომ არანორმალურია ის, რომ სხვადასხვა პლატფორმაზე მდგომი პოლიტიკური ძალები ერთიანდებიან გაუგებარი მიზნებით, თუმცა შეიძლება ჰქონდეთ მოკლევადიანი ამოცანა და ღმერთმა ხელი მოუმართოთ, თუ რამეს მიაღწევენ. რეგიონებში გასვლა კი არის ჩვეულებრივი მოვლენა.“

ამ ჩვეულებრივი მოვლენიდან სასწაულს არ ელის ოპოზიცია, თუმცა გაერთიანებული ეროვნული საბჭოს წევრები იმედოვნებენ, რომ 2 ნოემბერს, პარლამენტის წინ დანიშნულ მიტინგზე ბევრი, რამდენიმე ათეული ათასი, ადამიანი მივა. ახალციხისკენ მიმავალ გზაზე „კონსერვატორების“ ერთ-ერთ ლიდერს, კახა კუკავას, მე ტელეფონით დავუკავშირდი.

[კახა კუკავას ხმა] „სრულიად აშკარად ჩანს ხალხის მხარდაჭერა ყოველგვარი არჩევნების, კვლევისა და კენჭისყრის გარეშე. შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილი და მისი მთავრობა არის გაკოტრებული. პრაქტიკულად ჩვენ არც ერთ რეგიონში არ შეგვხვედრია ხელისუფლების არც ერთი მომხრე. ამიტომ 2 ნოემბრისთვის არის დაგროვილი ძალიან დიდი მუხტი და ეს მუხტი წალეკავს ყველა იმ ბარიერს, რომელსაც შეიძლება ამზადებდეს ეს ხელისუფლება 2 ნოემბრისთვის.“

2 ნოემბრის დადგომას, ოპოზიციის გარდა, ხელისუფლებაც დიდი ინტერესით ელოდება. სავარაუდოდ, ამ დროისთვის გაირკვევა, რა გზას აირჩევს ბოლო დროს საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცეული ბადრი პატარკაციშვილი. ხელისუფლების მტკიცებით, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მიტინგზე მისვლით შედგება პატარკაციშვილის დებიუტი ქართულ პოლიტიკაში, თუმცა თავად ხელისუფლების მიერ შერისხული ბიზნესმენი კითხვას, აპირებს თუ არა ორში მიტინგზე მისვლას, ბუნდოვნად უპასუხებს:

[ბადრი პატარკაციშვილის ხმა] „რა შუაშია ორი? რა ვიცი, ორამდე დიდი დროა.“

ორამდე კი მართლაც დიდი დროა. ოპოზიციაც იმედოვნებს, რომ დარჩენილ დროში, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის შემდეგ, საქართველოს სხვა კუთხეების შემოვლასაც მოასწრებს. უახლოეს დღეებში გაერთიანებული ეროვნული საბჭოს წევრები სამეგრელოში ჩასვლას გეგმავენ.
XS
SM
MD
LG