Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ჯარის “გაშლილი” და “დახრილი” დროშები


გასული კვირის პოლიტიკური კრიზისის ექომ,

გარკვეულწილად, გადაფარა ქვეყნის სამხედრო სფეროში მიმდინარე მოვლენები. და აქ იგულისხმება არამხოლოდ ერაყში, “დელტას” სამხედრო ბაზაზე, ქართული სამშვიდობო დროშის საზეიმო აღმართვა, მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები, მხედრული მუსიკალური კლიპის პრეზენტაცია თუ სხვა საზეიმო ამბები: გასულ კვირაში ორი იდუმალებით მოცული თვითმკვლელობა მოხდა იმ ელიტურ სამხედრო ბრიგადაში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე “ცხელ წერტილში” ქვეყნის ღირსებას იცავს.

გასული კვირიდან ერაყის სამხრეთში, პროვინცია ვასიტში მყოფი ქართული სამშვიდობო ბრიგადა ოფიციალურად შეუდგა ახალი მისიის შესრულებას, რაც მთელი პროვინციის მასშტაბით სამშვიდობო ოპერაციის მართვას გულისხმობს. ეს კი მოხდა მას შემდეგ, რაც 8 ოქტომბერს “დელტას” სამხედრო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითმა ბრიგადამ საზეიმო ვითარებაში აღმართა საბრძოლო დროშა. ცერემონია, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მოკრძალებულად ჩატარდა. თუმცა მას, კოალიციური სარდლობის წარმომადგენლების გარდა, ალ კუდში საგანგებოდ ჩასული საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ზაზა გოგავა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია დაესწრნენ. ალ კუდში, თავდაპირველი გეგმით, უნდა ჩასულიყო საქართველოს თავდაცვის მინისტრიც, მაგრამ საქართველოში გართულებული პოლიტიკური ვითარების გამო დავით კეზერაშვილმა თბილისში დარჩენა არჩია.
ქართველი ჯარისკაცები, ამერიკული სამხედრო აღჭურვილობითა და ქართული სიმბოლოებით, შთამბეჭდავად გამოიყურებოდნენ. დისლოკაციის ახალ ადგილზე ქართველმა მშვიდობისდამცველებმა თავიანთ აქტივში უკვე რამდენიმე “დადებითი ქულა” ჩაიწერეს, - განაცხადა “დელტას” ბაზაზე სტუმრად მყოფმა ბათუ ქუთელიამ რადიო “თავისუფლებასთან” სატელეფონო საუბარში:

[ბათუ ქუთელიას ხმა] “ რამდენიმე დღის წინ ქართველმა ჯარისკაცებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს კონტრაბანდული ტვირთით სავსე დიდი კოლონა, რომელიც ბაზაში მოიყვანეს. მოხდა მათი გაჩხრეკა და გარკვეული საეჭვო პირების დაკავება. და ქართველმა სამხედროებმა, შესაბამისად, უკვე რამდენიმე სხვა წარმატებული მისიაც განახორციელეს.”(სტილი დაცულია)


იმ დროს, როცა ქართული დროშა ალ კუდში, “დელტას” ბაზაზე, საზეიმოდ აღიმართა, საბრძოლო დროშაგადაფარებული კუბოთი ჩამოასვენეს ერაყში დაღუპული პირველი ჯარისკაცი. 30 სექტემბერს ალ კუდში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე კაპრალმა ზურაბ ჩიგოშვილმა, რომელიც სამშობლოში გასულ კვირაში დაკრძალეს. წინასწარი გამოძიებით, კაპრალმა სუიციდი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ჩაიდინა. ეს ქართული ბრიგადისთვის მძიმე დანაკარგი იყო, მაგრამ ჯარისკაცების მორალურ-ფისქოლოგიური მდგომარეობა ურყევი დარჩა, უთხრა რადიო “თავისუფლებას” ერაყში მყოფმა მე-3 ქვეითი ბრიგადის მოძღვარმა მამა გაბრიელმა:

[მამა გაბრიელის ხმა ] “მადლობა ღმერთს, ნორმალურად გადაიტანა ყველამ. სამწუხაროა, მტკივნეულია.. გამოვიკითხე ყველა მისი მეგობრისგან ამბავი. მხიარული და კარგი ადამიანი იყო ყველანაირად, მაგრამ ეს იყო ემოციურ ფონზე მომხდარი. წინასწარი გეგმა არ ჰქონია. შეემთხვა რაღაცა, არ ვიცი, ტელეფონზე საღამოთი დაურეკეს და ესეთი რამე გააკეთა.”(სტილი დაცულია)

კაპრალი ზურაბ ჩიგოშვილი ახალმიბარებული იყო მიწას, რომ მე-3 ქვეითი ბრიგადა კიდევ ერთხელ “შეიმოსა ძაძებით.” 9 ოქტომბერს ამავე ქვედანაყოფმა კიდევ ერთი მებრძოლი, 25 წლის ჯარისკაცი ლევან სონღულაშვილი,დაკარგა. შემთხვევა მოხდა ქუთაისში, ე.წ. “კომანდოს” მე-3 ბრიგადის დისლოკაციის ადგილზე. სამხედრო პოლიციის ინფორმაციით, ჯარისკაცმა შემთხვევითი გასროლით თანამებრძოლები დაჭრა და შემდეგ თავი მოიკლა. თუმცა ირკვევა, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცის ახლობლებს არ სჯერათ ოფიციალური ვერსიის. როგორც “ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის” გარდაცვლილის მშობლებს განუცხადებიათ, მათი შვილი მოკლულია. მშობლების ინფორმაციაზე დაყრდნობით, “ცენტრი” აცხადებს, რომ “გარდაცვალებამდე ოფიცრები სონღულაშვილს ფულს სთხოვდნენ. ჯარისკაცი 10 თვის განმავლობაში ერაყში მსახურობდა და თანხა ჰქონდა დაგროვილი. ფულის მიცემაზე უარის თქმის შემდეგ მას სასტიკად გაუსწორდნენ. გარდაცვლილი სასტიკად არის ნაცემი, - იუწყება “ადამიანის უფლებათა ცენტრი”, რომელიც თავდაცვის სამინისტროს და გენერალურ პროკურორს სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს. ჯარისკაცის თვითმკვლელობას ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა. ისინი გამოძიების დასრულებამდე დასკვნების გაკეთებას არ ჩქარობენ, მაგრამ იმას კი დამაფიქრებლად მიიჩნევენ, რომ სამი თვის განმავლობაში თვითმკვლელობის მესამე შემთხვევა ხდება ქვეყანაში და სამივე შემთხვევაში პროფესიონალი ჯარისკაცია გარდაცვლილი. ერთი ჯარისკაცი ივლისის თვეში კოდორის ხეობაში დაიღუპა. ირაკლი სესიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართალი და თავისუფლების” თავმჯდომარე, მიიჩნევს, რომ იკვეთება გარკვეული ტენდენცია, რომელიც სერიოზულ გაანალიზებას საჭიროებს:

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] “დამაფიქრებელია იმ კუთხით, რომ არ ხდება სამოქალაქო კონტროლი ასეთ საკითხებზე, არ ხდება ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ჯარში მეტი ყურადღების გამახვილება, რაც, შეიძლება ითქვას, სამწუხაროდ, გვაბრუნებს იმ პერიოდში, როდესაც 20 მკვლელობა და 20 თვითმკვლელობა გვქონდა 2002 წლამდე. ამიტომ, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რაც არ უნდა პიროვნული პრობლემა ჰქონოდათ ამ ადამიანებს (დაღუპულ ჯარისკაცებს) და ეს არ ყოფილიყო გამოწვეული იგივე არასაწესდებო ურთიერთობით, ყველა შემთხვევაში მეთაური, ხელმძღვანელი საქმის კურსში უნდა იყოს და უნდა იყოს მისი ფსიქოლოგი, თუკი ეს საჭირო გახდება.” (სტილი დაცულია)

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს მხედველობაში აქვს ბოლო ორ კვირაში სამხედრო ნაწილებში მომხდარი არასაწესდებო ურთიერთობისა და მასობრივი არეულობის გახმაურებული შემთხვევები. სექტემბრის დასაწყისში კოჯრის რეზერვისტთა ბანაკიდან მთვრალი რეზერვისტები გაიქცნენ. სექტემბრის ბოლოს თბილისში, მე-4 ბრიგადაში, მომხდარი არეულობის ჩასაწყნარებლად სპეცდანიშნულების ნაწილის გამოძახება გახდა საჭირო. ყველა ამ შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა ინციდენტს არც საზოგადოებრივი და არც პოლიტიკური შეფასება არ მოჰყოლია. საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი აღარ ტოვებს ადგილს სხვა მიწიერი საკითხების განსახილველად.


  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG