Accessibility links

logo-print

კასპიის ზღვის სამიტს ჩრდილს აყენებს ინფორმაცია პუტინზე თავდასხმის შესახებ


კვირას გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე თავდასხმა მზადდება ირანში ვიზიტის დროს,

სადაც იგი ორშაბათს საღამოს ჩადის კასპიის ზღვის სამიტში მონაწილეობის მისაღებად.

რუსეთის სპეცსამსახურების ხელთ არსებული ინფორმაციით, პუტინზე თავდასხმისთვის საგანგებოდ ემზადებოდნენ თვითმკვლელი ტერორისტები.

ეს კრემლის ლიდერის პირველი ვიზიტია თეირანში 1943 წლის შემდეგ.

ინფორმაცია თავდასხმის შესახებ, რომელიც რუსეთის უშიშროების სამსახურებზე დაყრდნობით გავრცელდა კვირას, ძალზე მწირია. თავად პუტინმა, რომელიც ორშაბათს გერმანიაში ხვდება კანცლერ ანგელა მერკელს, ამ თემაზე შეკითხვას მხრების აჩეჩვით უპასუხა.

ირანის ხელისუფლებას გაჯავრება არ დაუფარავს პუტინის ვიზიტის შესაძლო გაუქმების გამო. მან დასავლეთის მედია დაადანაშაულა მოსკოვსა და თეირანს შორის ურთიერთობების გაფუჭების მცდელობაში. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პუტინის დაჯავშნული ავტომანქანა უკვე ჩაიტანეს თვითმფრინავით თეირანში.

ჩვენი რადიოს ირანული რედაქციის, რადიო ფარდის ანალიტიკოსი ჰოსეინ არიანი ფიქრობს, რომ ირანი არ უნდა იყოს გარეული შესაძლო შეთქმულებაში:

[არიანის ხმა] "ირანის უშიშროების ორგანიზაციები საკმაოდ ეფექტიანად მუშაობენ. არა მგონია, ასეთი რამე მოხდეს ირანში. თანაც ვის უნდა სურდეს ამის გაკეთება? ამიტომ ამ ინფორმაციას უნდა მოვეკიდოთ როგორც ჭორს, რომლის მიზანია დაძაბულობის წარმოქმნა. შეიძლება ზოგ ქვეყანას, მათ შორის შეერთებულ შტატებს, არ სურთ, რომ პუტინი თეირანში ჩავიდეს და პრეზიდენტ აჰმადინეჟადის გვერდზე იჯდეს."

მსგავს მოსაზრებებს გამოთქვამენ რუსი ექსპერტები. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, ნინა მამედოვამ აღნიშნა ჩვენს რადიოსთან საუბარში, ირანი რუსეთის დახმარებაზეა დამოკიდებული და ერთობ საეჭვოა, ასეთი თავდასხმის განხორციელება ხელს აძლევდეს.

განურჩევლად იმისგან, აქვს თუ არა საფუძველი თავდასხმის შესახებ ინფორმაციას, ის შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს პუტინისთვის. რუსეთში დეკემბერში საპარლამენტო, 2008 წლის მარტში კი - საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. პუტინი, რომელსაც პრეზიდენტობის მეორე ვადა უმთავრდება, უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში. პრეზიდენტის წინააღმდეგ თავდასხმის თაობაზე ინფორმაციამ შესაძლოა ხელი შეუწყოს საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს, რომ პუტინი უნდა დარჩეს ხელისუფლების სათავეში.

კასპიის ზღვის სამიტი, რომელშიც ირანის გარდა მონაწილეობენ რუსეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და თურქმენეთი, მასპინძელ ქვეყანას საშუალებას აძლევს, ბოლოს და ბოლოს გადაიჭრას კასპიის სტატუსი.

ეს მეორე ამ სახის სამიტია. პირველი 2002 წელს გაიმართა თურქმენეთში. ამასთან, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა კრემლის ლიდერი ესტუმრება თეირანს 1943 წლის შემდეგ, როცა ირანის დედაქალაქში იოსებ სტალინი ჩავიდა უინსტონ ჩერჩილთან და ფრანკლინ რუზველტთან მოლაპარაკებებზე.

კასპიის ზღვის სტატუსის გარკვევა უკვე წლების მანძილზე ვერ ხერხდება.

[აკინერის ხმა] "მიმდებარე სახელმწიფოები ამაზე რამდენიმე წელია მუშაობენ. არსებობს სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დავალებული აქვს გამოძებნოს საკითხის გადაჭრის გზა. ისინი წარმატებით მუშაობენ. მოსალოდნელია, რომ ყველა ან უმეტესი პროლემა გადაიჭრება ამ სამიტზე. მაგრამ გადაჭრიან თუ არა ამ საკითხებს ხვალ, ისინი სწორი მიმართულებით მუშაობენ," განუცხადა ჩვენს რადიოს კასპიის ზღვის რეგიონის ლონდონელმა ექსპერტმა შირინ აკინერმა.

ხუთი ქვეყანა 1991 წლიდან ქიშპობს იმის თაობაზე, თუ როგორ გაიყოს კასპიის ზღვა. რუსეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის აზრით, ყოველმა ქვეყანამ უნდა მიიღოს მისი სანაპირო ზოლის სიგრძის პროპორციული წილი.

ირანი, რომელსაც ყველაზე მოკლე სანაპირო ზოლი აქვს, ემხრობა ალტერნატიულ ვარიანტს - ზღვის ფსკერის, ზედაპირისა და წყლის თანაბრად დაყოფას ხუთ ნაწილად. თურქმენეთის პოზიცია მთლად ნათელი არ არის.

სამიტის კულუარებში პუტინი მოლაპარაკებებს გამართავს ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადთან.
XS
SM
MD
LG