Accessibility links

logo-print

რას შეცვლის რუსეთის ქმედებებში კოსოვოს სტატუსის გადაწყვეტა


22 ოქტომბერს ვენაში კოსოვოს სტატუსთან დაკავშირებით

მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიხსნება. მანამდე, 15 ოქტომბერს გავრცელებული ცნობებით, სხვადასხვა - და, მათ შორის, კოსოვოს - საკითხზე უნდა ემსჯელათ ბრიუსელში, არაფორმალურ შეხვედრაზე, რუსეთისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებს. რუსეთში კი აქტიურად მსჯელობენ იმაზე, შეძლებს თუ ვერა რუსეთი, კოსოვოს აღიარების შემთხვევაში, აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. თბილისში იტოვებენ იმედს, რომ ასე არ მოხდება და, კოსოვოს სტატუსის თაობაზე მოლაპარაკების მესამე რაუნდის გახსნამდე, აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგ რეზოლუციას ელოდებიან.

”გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთს ძლიერი პოზიცია აქვს... გაეროში პატარა ქვეყნისთვის საკუთარი სიმართლის გატანა ძალიან ძნელია. ასე იქნება მანამდე, სანამ გაეროს უშიშროების საბჭოში მხოლოდ ძლიერი სახელმწიფოები იქნება წარმოდგენილი”, - ამბობს პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი და დასძენს:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] ”კი, უფრო მეტი სამართლიანობაა, როცა გაერო არსებობს, მის გარეშე სრული უბედურება იქნებოდა, მაგრამ სრული სამართლიანობა და ჭეშმარიტება გაეროში არ მოიპოვება.”(სტილი დაცულია)

ამას საქართველოში დიდი ხანია შეეგუვნენ. შეეგუვნენ იმას, რომ აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭო რეზოლუციებს დათქმულ ვადებში იღებს და ამ რეზოლუციებში ერთსა და იმავე მოთხოვნებს იმეორებს - მოთხოვნებს, რომლებიც არ სრულდება ... აქედან გამომდინარე, რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინი არც აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მორიგი რეზოლუციის მიღებას ახლდა, თუმცა რეზოლუციის მიღების წინ გაკეთდა განცხადება, რომ ამ რეზოლუციაში პოზიტიური და არცთუ უმნიშვნელო სიახლეები იქნება. ეს განცხადება კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ გააკეთა. მისი თქმით, გაეროს უშიშროების საბჭო ითვალისწინებს საქართველოს მხარის მოთხოვნებს, ითვალისწინებს ობიექტურ რეალობას და რეზოლუციაში გამოაქვს ისეთი პრიორიტეტები, როგორიც არის დევნილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება და მათი ქონებრივი უფლებები. ეს პირველად არ ხდება, მაგრამ, დავით ბაქრაძის თქმით, აღნიშნული პრიორიტეტები გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ტექსტში ამჯერად სხვა ხარისხით იქნება ხაზგასმული:

[დავით ბაქრაძის ხმა] ”გარდა ამისა, რეზოლუცია შეიცავს სხვა მნიშვნელოვან პოზიტიურ ელემენტებს - მათ შორის, პოლიტიკური დიალოგის განახლების მოწოდებას - და ჩანაწერი, რომელიც არსებობს შეთანხმებულ ტექსტში, - და იმედი მაქვს, იქნება რეზოლუციის ტექსტში, - იძლევა საშუალებას დაიწყოს სამშვიდობო პროცესის გადახედვის პროცედურა. ” (სტილი დაცულია)

მართლაც, საინტერესოა რამდენად და როგორ შექმნის უშიშროების საბჭოს მორიგი რეზოლუციის საბოლოო ტექსტის ეს ჩანაწერი სამშვიდობო პროცესის გადახედვის საშუალებას. ამაზე შემდგომში ვისაუბრებთ. მანამდე კი მინდა შევჩერდე კიდევ ერთ თემაზე, რომლის დაკავშირებასაც ცდილობენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემებთან. ვგულისხმობ კოსოვოს თემას. როგორც უკვე ვთქვი, სულ მალე კოსოვოს სტატუსთან დაკავშირებით მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი გაიხსნება. პოლიტოლოგი ალექსანდე რონდელი ფიქრობს, რომ კოსოვოს სამომავლო ბედი, უდავოდ,გარკვეულ გავლენას იქონიებს იმ ერთეულებზე, რომლებიც დამოუკიდებლობას ესწრაფვიან და იმ ქვეყნებზეც, რომლებივ ცდილობენ კოსოვოს თემა სხვის წინააღმდეგ გამოიყენონ. მაგრამ, ალექსანდრე რონდელის აზრით, კოსოვოს მოდელი სულ სხვაა. მას არ ჰგონია კოსოვოს სტატუსის გადაწყვეტის შემდეგ რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობაზე წავიდეს. ის ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით უფრო საქართველოს დასაშინებლადაა ლაპარაკი.



XS
SM
MD
LG