Accessibility links

logo-print

რას შეცვლის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე


2008 წლისთვის დანიშნული არჩევნების მოახლოების

პარალელურად, საზოგადოების ყურადღების ცენტრში სულ უფრო ხშირად ექცევა ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომლის თავმჯდომარედაც პარლამენტმა ორიოდე დღის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი დაამტკიცა. საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაცია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან, თუმცა, ამ განმარტების მიუხედავად, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კომისიის წევრები - და, მათ შორის, თავმჯდომარეც - მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურებიან. ოპოზიციის ბრალდებას არ იზიარებს თავად ლევან თარხნიშვილი, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას 15 ოქტომბრიდან შეუდგა. რის გაკეთებას აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე?


პარლამენტმა ლევან თარხნიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ 135 ხმით დაამტკიცა. საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს ერთხმად დაუჭირა მხარი.

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] „ვულოცავ ბატონ ლევან თარხნიშვილს, ვუსურვებ ძალიან პროდუქტიულ მუშაობას. ცესკოზე ძალიან ბევრია დამოკიდებული და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ლევანი გააგრძელებს იმ საქმეს, რომელიც დაწყებულია...“

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანისაგან განსხვავებით, ლევან თარხნიშვილისათვის თანამდებობაზე დანიშვნა არ მიულოცავს ოპოზიციას. ”ახალი მემარჯვენეების” წევრი მანანა ნაჭყებია მიიჩნევს, რომ ცესკოს თავმჯდომარე ნეიტრალური პიროვნება არ არის:

[მანანა ნაჭყებიას ხმა] „თვითონ კანონმდებლობაა შედგენილი ისე, რომ პრაქტიკულად ჩვენ გვაქვს ერთპარტიული საარჩევნო კომისია და თავმჯდომარე ცალსახად არის მმართველი პარტიის წარმომადგენელი.“

შეკითხვას, არის თუ არა ცესკოს თავმჯდომარე მმართველი პარტიის წარმომადგენელი და მისი ინტერესების გამტარებელი, თავად ლევან თარხნიშვილი უარყოფითად უპასუხებს:

[ლევან თარხნიშვილის ხმა] „ცესკო არის ზეპარტიული ორგანო და, აქედან გამომდინარე, ვერ გავატარებთ რომელიმე ერთი სუბიექტის ინტერესს. ჩვენ გვექნება დიალოგი ყველა სუბიექტთან, რომელიც მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.“

ოპოზიციას ეჭვი ეპარება ლევან თარხნიშვილის გულწრფელობაში, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე კი ამბობს, რომ საქართველოში მიუკერძოებელი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოქმედი საარჩევნო სისტემა გამორიცხავს. ხმალაძე საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსაც აკრიტიკებს:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] „ადმინისტრაციის შექმნის წესი იმდაგვარი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ეჭვს ბადებდეს ამომრჩეველში. ვინაიდან თუ ადმინისტრაცია ცალმხრივად იქმნება ხელისუფლების ან რომელიმე სხვა პოლიტიკური ძალის მიერ, ასეთ დროს რაოდენ კარგად და კანონიერადაც უნდა ჩაატაროს არჩევნები ამ საარჩევნო ადმინისტრაციამ, საზოგადოებაში ყოველთვის რჩება ის ეჭვი, რომ იქ რაღაც წესიერად არ გაკეთდა.“

იმისათვის, რომ ყველაფერი წესიერად გაკეთდეს, ანუ მოახლოებულ არჩევნებს მომზადებული შეხვდეს, საარჩევნო ადმინისტრაციამ დიდი მოცულობის სამუშაო უნდა შეასრულოს. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი თამარ ჟვანია ცესკოს ახალ თავმჯდომარეს რამდენიმე რჩევას აძლევს:

[თამარ ჟვანიას ხმა] „სიები, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლება და გამჭვირვალობის ზრდა არის უპირველესი ამოცანები.“

აპირებს თუ არა საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე ამ რჩევების გათვალისწინებას? ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ უკვე შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც კარდაკარ დაივლიან საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ოჯახს და თითოეული ამომრჩევლის პირადობის მოწმობაში არსებულ მონაცემებს შეადარებენ ამომრჩეველთა ერთიან სიაში დაფიქსირებულ ინფორმაციას. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, სპეციალურმა ჯგუფებმა მუშაობა 20 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა დაასრულონ.


XS
SM
MD
LG