Accessibility links

logo-print

გაერთიანებული ოპოზიცია ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და პედაგოგების მიმხრობას ცდილობს


გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები განაგრძობენ 2 ნოემბრისათვის დანიშნული მიტინგისთვის მზადებას

და, რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებთან შეხვედრის პარალელურად, საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და პედაგოგთა გაერთიანებებსაც იწვევენ. მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ ემზადება გაერთიანებული ოპოზიცია 2 ნოემბრისათვის დანიშნული მიტინგისთვის და უნდა ჰქონდეს თუ არა მას მასწავლებელთა თანაგრძნობის იმედი.

გაერთიანებული ოპოზიციის „ერთიანი ეროვნული საბჭოს“ წევრები არ მალავენ, რომ მხარდამჭერებს ხელისუფლებაზე გულმოსულ ადამიანთა შორის ეძებენ. ჯონდი ბაღათურია, პარტია „ქართული დასის“ ლიდერი, მიიჩნევს, რომ პედაგოგებს უკმაყოფილების არაერთი მიზეზი აქვთ:

[ჯონდი ბაღათურიას ხმა] „დღეს, როცა უბრალო ქუჩის მხვეტავს აქვს გაცილებით მეტი ხელფასი, ვიდრე პედაგოგს; დღეს, როცა დაუმსახურებლად ეპყრობიან პედაგოგებს, ჩვენ, გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭო, მოგიწოდებთ: მასწავლებლებო, მოგიწოდებთ ყველას, ხუთშაბათს, 18 საათზე, შევიკრიბოთ ჭადრაკის სასახლეში და ჩვენ თვითონვე განვაგოთ ჩვენი ბედი.“

მიიღებენ პედაგოგები ჯონდი ბაღათურიას მიპატიჟებას? - ამ კითხვით რადიო ”თავისუფლებამ“ პედაგოგთა პროფესიული გაერთიანების, „სოლიდარობის“, ლიდერს მანანა ღურჭუმელიძეს მიმართა.

[მანანა ღურჭუმელიძის ხმა] „ვერ გეტყვით. მე, როგორც პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი, ვერ მოვუწოდებ, გინდა თუ არა, გადით იმ აქციაზეო, და არაიმიტომ, რომ იქ დასმულ საკითხებს არ ვეთანხმები. უბედურება ის კი არაა, რომ ჩვენი ხელისუფლებაა ასეთი, არამედ ის, რომ ჩვენ არა გვაქვს სამოქალაქო ცნობიერება; ჩვენ არ ვიცით ჩვენი უფლებები და არ შეგვიძლია მათი რეალიზება. ვინ ვინ და ეს მე კარგად ვიცი. არაერთი საპროტესტო აქცია მოგვიწყვია, მაგრამ მასწავლებლებს ეშინიათ თუ რა არის, არ ვიცი - არ გამოდიან!“ (სტილი დაცულია)

მანანა ღურჭუმელიძის თქმით, უკმაყოფილებას იწვევს ის, რომ მასწავლებლებს, განათლების სისტემის რეფორმირების მიუხედავად, კვლავ არსებობისათვის უწევთ ბრძოლა და რომ, მოსწავლეთა ვაუჩერების გაზრდის პარალელურად, არ გაიზარდა პედაგოგთა შრომის ანაზღაურება. თუმცა საკითხის ასე დასმას არასწორად მიიჩნევს ხელისუფლება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თემურ სამადაშვილი განმარტავს:

[თემურ სამადაშვილის ხმა] „მინიმალური ხელფასი, რაც მინისტრის ბრძანებით არის დარეგულირებული, ეს არ გაზრდილა, თუმცა სახელმწიფომ გაზარდა სტანდარტული ვაუჩერის მოცულობა. თვითონ სკოლას შეუძლია დააყენოს საკითხი სამეურვეო საბჭოზე და კონკრეტულ პედაგოგებს გაუზარდონ ხელფასი. ვაუჩერის ზრდა ხომ მოხდა? სკოლა თუ იღებდა, სიტყვაზე, ათას ლარს, ახლა იღებს ათას სამას ლარს. აი, ეს სამასი ლარი შეუძლია, როგორც უნდა, ისე გადაანაწილოს - უნდა ხელფასი გაზარდოს, უნდა პრემია გასცეს...“ (სტილი დაცულია)


საქართველოს მთავრობაში ასევე აცხადებენ, რომ პადაგოგებზე ზრუნვა მხოლოდ ვაუჩერების ზრდით არ შემოიფარგლება. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სოციალურად დაუცველ ადამიანებს ერთჯერად დახმარებას უწევს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ყველა ოჯახს, პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველ ადამიანებს - მათ შორის, პედაგოგებს - უნდა მივცეთ თითო ტომარა ფქვილი, გარდა დენის ვაუჩერისა.“

პრეზიდენტის პასუხად გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ვაუჩერების დარიგებით ხელისუფლება ვერ მიაღწევს მიზანს და ვერ მოიგებს იმ ადამიანთა გულებს, რომლებიც ორი ნოემბრისათვის დანიშნულ მიტინგში მონაწილეობას აპირებენ. „ხალხის პარტიის“ ლიდერის კობა დავითაშვილის კომენტარი:

[კობა დავითაშვილის ხმა] „ხელისუფლებას მხოლოდ მაშინ ახსენდება, ხალხს დენისა და გაზის ფული რომ არა აქვს, როცა 20 ათასი კაცი გამოდის ქუჩაში, და მანამდე არ ახსენდება. ცდილობს 50 ლარად სამშოლოს გაყიდვიდან წილში ჩასმით მოისყიდოს ხალხი. ხალხმა იცის, რომ ეს ბიუჯეტის ფულია, მათი ჯიბიდან ამოღებული ფულია, მათ მეტი ეკუთვნით. ისინი ვაუჩერსაც აიღებენ და აქ მოვა 100 ათასი ადამიანი.“(სტილი დაცულია)

კობა დავითაშვილის თქმით, მიტინგზე მისულთა შორის ასევე იქნებიან იმ ახალგაზრდული მოძრაობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, რომლებიც 16 ოქტომბერს ჭადრაკის სასახლეში შეიკრიბნენ და ოპოზიციის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. სოსო გიორგაძე გაერთიანების ერთ-ერთი აქტივისტი და ინიციატორია.

[სოსო გიორგაძის ხმა] „ახალგაზრდები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ დღეს საქართველო ინგრევა, რომ ხელისუფლება არის ანტიეროვნული, რომელიც ახალგაზრდებს გვართმევს მომავალს და, შესაბამისად, ჩვენ ვაყენებთ მოთხოვნას, რომ შეწყდეს ასეთი მოქმედებები როგორც ქართველი ხალხის, ასევე ქართველი ახალგაზრდების მიმართ. ჩვენ ამისთვის ვაპირებთ ბრძოლას.“(სტილი დაცულია)

სოსო გიორგაძის თქმით, ახალი მოძრაობის ძალისხმევა კერძო საკუთრების ხელყოფის, ძალადობისა და განსხვავებული აზრის დევნის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
XS
SM
MD
LG