Accessibility links

logo-print

იძულებით გააყიდვინეს თუ არა კერძო საკუთრება აღდგენილი სიღნაღის მოსახლეობას


ამ ბოლო დროს საქართველოს მთავრობა უცხოელ სტუმრებთან თავს იწონებს აღდგენილი და საგულდაგულოდ გალამაზებული სიღნაღით.

სახელმწიფო ბიუჯეტისა და კერძო ინვესტორების ხარჯზე აღდგენილი ეს ქალაქი კი იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის ფიქრისა და ნერვიულობის მიზეზად იქცა. სიღნაღში გავრცელებული ხმები, გარემონტებულ სახლებს ჩამოგვართმევენ და გაყიდიანო, თითქმის რეალობად იქცა. რამდენიმე სიღნაღელის განცხადებით, ხელისუფლებამ მათ კერძო საკუთრება იძულებით გააყიდვინა.

რეკონსტრუქციის შემდეგ სიღნაღში უძრავი ქონების ღირებულებამ ერთიორად მოიმატა. დაინტერესებული პირიც და მყიდველიც ბევრი გამოუჩნდა აღდგენილ და გარემონტებულ ისტორიულ ქალაქში მდებარე ნაგებობებს. სწორედ ამან შეაშფოთა სიღნაღის მოსახლეობა, რომელიც კერძო საკუთრების გაყიდვას არ აპირებდა. მოსახლეობის ერთმა ნაწილმა, თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, მაინც გაყიდა კერძო საკუთრება. კახეთის რეგიონში ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენლის გელა მთივლიშვილის ინფორმაციით, ხელისუფლებამ სიღნაღში რამდენიმე მოქალაქე აიძულა კომერციული ფართი გაეყიდა:

[გელა მთივლიშვილის ხმა] ”სიღნაღში მცხოვრები მანანა მაჭარაშვილი, თამარ თარაშვილი, თამაზ გორელიშვილი და სხვები... მათ თანამდებობის პირებმა იძულებით გააყიდვინეს უძრავი ქონება, რაც ამ ადამიანებს არ უნდოდათ, თუმცაღა თანამდებობის პირები, ჩინოვნიკები მათ დაემუქრნენ თავისუფლების აღკვეთით და ესენი იძულებულნი გახდნენ საკუთარი ფართი, რომელიც ქალაქ სიღნაღის ცენტრში მდებარეობს, გაეყიდათ.”(სტილი დაცულია)

გელა მთივლიშვილის ინფორმაციით, მაგალითად, მანანა მაჭარაშვილს 55 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე მაღაზია, რომელიც ოჯახის შენახვის ერთადერთი წყარო იყო, ფინანსური პოლიციის ძალით გააყიდვინეს. მთივლიშვილისვე განცხადებით, ფინანსურ პოლიციამდე სიღნაღელებზე ზეწოლას სიღნაღის რწმუნებული გია ინანაშვილი ახორციელებდა. ამას ადასტურებს თავად მანანა მაჭარაშვილიც:

[მანანა მაჭარაშვილის ხმა] ”კარგად დაფიქრდიო, ეს რწმუნებული გია მეუბნება, აი, დაგინგრევენ შენობასო. კი, ბატონო, დაანგრიონ-მეთქი, მე ვუთხარი. საბუთები მე მაქვს და ვის შენობას დაანგრევენ? დაანგრიონ-მეთქი. ფინანსურ პოლიციას ჩაგისვამენო. ჩასვან-მეთქი, მე ჩემს შენობას არ ვყიდი- მეთქი, მე ვუთხარი. ამ სიტყვით გამოვიხურე კარი და წამოვედი.”




შენობის დანგრევის პირობა არა, მაგრამ ფინანსური პოლიციის სტუმრობის პირობა ნამდვილად შესრულდა და 1 თვის წინ დარეგისტრირებულ ინდმეწარმე მანანა მაჭავარიანის მაღაზიას ფინანსური პოლიციის 35-მდე წარმომადგენელი ეწვია. ისინი დაჭერითაც კი დაემუქრნენ მაღაზიის მფლობელებს.

[მანანა მაჭარაშვილის ხმა] ”ჩემმა მეუღლემ რომ მოსთხოვა საბუთები, ერთმა შემოიყვანა და უთხრა, პროკურორი და მოსამართლე აგერ არის და ამაზე მეტი საბუთი რაღა გინდაო. ამის შემდეგ ჩემმა მეუღლემ უთხრა, სხვა გზა აღარ არის, მაღაზიას გავყიდიო.”

სიღნაღელ მანანა მაჭარაშვილს და მის ქმარს ერთ კვადრატულ მეტრ ფართობში 500 აშშ დოლარი გადაუხადეს. ისინი ამბობენ, რომ ამ თანხას ხელს არ მოჰკიდებენ. სიღნაღის რწმუნებულმა გია ინანაშვილმა კი ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია ზეწოლის გარეშე განხორციელდა:

[გია ინანაშვილის ხმა] ”თავისი ფეხით წავიდნენ იქ გასაყიდად და გადასაფორმებლად. კვადრატული მეტრის 500 დოლარად გაყიდვა - ეს არ არის წართმევა.”

საქართველოში ამ ბოლო დროს არაერთხელ ჰქონდა ადგილი კერძო საკუთრების ხელყოფას. სიღნაღის მსგავსად, იძულებით დაატოვებინეს საცხოვრებელი ფართი თბილისში, თაბუკაშვილის 30-ში მცხოვრებ მოქალაქეებს, ”სონიცენტრის”, ”ლაზერი ორის” მაღაზიებს, კაფე ”რუსთაველს” და სხვებს.
XS
SM
MD
LG