Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთის პრესა კვლავ დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს -

განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მომხდარში, ასე ვთქვათ, რუსეთის ხელი დაინახა. ამ აზრს იზიარებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური რეფორმების დარგში კახა ბენდუქიძე, რომელთანაც ინტერვიუს დღევანდელი ჟურნალი ”ვლასტი” ბეჭდავს. გთავაზობთ ამ და რუსეთის პრესის სხვა პუბლიკაციების მიმოხილვას.

ჟურნალ ”ვლასტისთვის” მიცემულ ინტერვიუში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური რეფორმების დარგში კახა ბენდუქიძე არ იზიარებს გავრცელებულ აზრს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ, თუმცა ამბობს, რომ საქმე გვაქვს შეთქმულებასთან. რაც შეეხება მომხდარში რუსეთის კვალის არსებობას, კახა ბენდუქიძე შენიშნავს: ”მე მარჩიელობით დაკავებული არ ვარ. მაგრამ ფაქტია, რომ ოქრუაშვილის ფიგურის გამოჩენით გამოწვეულმა მოვლენებმა გარკვეულწილად შეგვიზღუდა პოლიტიკური საქმიანობის სივრცე. ეს კი ხელს აძლევს მათ, ვისაც ჩვენი შესუსტება სურს. რუსეთის ელიტაში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც იურიდიულად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ, პრაქტიკულად კი - ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს ეჭვის ქვეშ აყენებენ. ასეთი ადამიანებისთვის ის, რაც საქართველოში მოხდა, მომგებიანია. თუმცა ვერ ვიტყვი, ჰქონდა თუ არა ადგილი ფაქტიურ შეთქმულებას, იმართებოდა თუ არა შეხვედრები. ეს არ ვიცი.” კახა ბენდუქიძეს მიაჩნია, რომ, საბოლოოდ, ოქრუაშვილის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ოპოზიცია კიდევ უფრო დაასუსტა. ამ მოსაზრებას სახელმწიფო მინისტრი ასეთი არგუმენტებით ასაბუთებს: ”ჯერ ერთი, ირაკლი ოქრუაშვილი თავისუფალია, ანუ ხელისუფლების მიზანს არ წარმოადგენდა მისი იზოლაცია ან პოლიტიკური დევნა. მეორე - გაირკვა, რომ წამოყენებულ ბრალდებებს ხელისუფლების მიმართ არავითარი საფუძველი არა აქვს. და ბოლოს - მოახლოებული არჩევნების წინ ოპოზიციას, დღეს არსებული კონფიგურაციით, წარმატების არავითარი შანსი არა აქვს, რადგან საერთო ღირებულებებით არ არის გაერთიანებული. რაც შეეხება ბადრი პატარკაციშვილის როლს, კახა ბენდუქიძის აზრით, ის, რომ ბიზნესმენი საქართველოში დაბრუნდა, ადასტურებს, რომ ამ ქვეყანაში მას არაფერი ემუქრება. მეტიც, საფრთხის ქვეშ არც მისი ბიზნესია. სახელმწიფო მინისტრის თქმით, ამ ორი თვის წინ პატარკაციშვილმა პარტნიორებთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მობილური კავშირის ოპერატორის აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა. აქვს რამდენიმე მსხვილი ობიექტი: ბანკი, უძრავი ქონება საზღვაო ზოლში. ცოტა ხნის წინ მონაწილეობდა მიწის შეძენის ტენდერში, მაგრამ სხვამ აჯობა. ახლა მიმდინარეობს ”თბილწყალის” პრივატიზაცია და ის მონაწილეობს - მისი კომპანია შორტ-ლისტში მოხვდა. შესაძლოა, მას სხვა წარმოდგენები აქვს ბიზნესის თავისუფლების შესახებ, მაგრამ, ჩემი აზრით, მისი უფლებები არ იზღუდება.”
15 ოქტომბრის გაზეთი ”კომერსანტი” ვრცელ პუბლიკაციას უძღვნის საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. გაზეთის აზრით, მედიასთან დაკავშირებული მოვლენები ძალიან წააგავს რუსეთისას: საქართველოშიც ტელევიზია საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენის ყველაზე ძლიერი საშუალებაა. ”კომერსანტი” იხსენებს 1999-2000 წლებში რუსეთის ხელისუფლების ბრძოლას ვლადიმირ გუსინსკისთან ტელეკომპანია ”ენ-ტე-ვეს” ხელში ჩასაგდებად, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ, გუსინსკისგან განსხვავებით, პატარკაციშვილს სახელმწიფოსთან კრედიტი არ აუღია ტელეკომპანიის დაფინანსებისთვის. ჩაერთვება თუ არა პატარკაციშვილი ღიად პოლიტიკურ პროცესებში - ეს, ”კომერსანტის” ვარაუდით, შესაძლოა, ძალიან მალე გაირკვეს, მაგალითად, 2 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე.
XS
SM
MD
LG