Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


” ’ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი’ რეზოლუცია” – ”24 საათი” გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აფხაზეთზე მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.

”14 წლის განმავლობაში აფხაზეთის საკითხზე უშიშროების საბჭოს არც ერთ რეზოლუციაში არც ერთხელ არ გაჟღერებულა ის კატეგორიული ტონი, რაც სეპარატისტებს ლტოლვილების დაბრუნებაზე და დევნილი მოსახლეობის ქონების დაცვაზე პასუხისმგებლობას დააკისრებდა. 14 წელი უნაყოფო წყლის ნაყვას და არაფრისმთქმელი დოკუმენტების მიღება-წაკითხვას დასჭირდა”, - წერს ”24 საათი” და, გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედ წარმომადგენელ ირაკლი ალასანიაზე დაყრდნობით, დასძენს, რომ 15 ოქტომბრის წარმატებული რეზოლუციის მიღება მნიშვნელოვნად მეგობართა ჯგუფის დამსახურებაა. ავტორის შეფასებით, მეგობართა ჯგუფის დამსახურება ქართული დიპლომატიური ”შეტევის” გარეშე ნაკლებ ეფექტური ან სრულიად უნაყოფო იქნებოდა. პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ ახალ რეზოლუციაში ჩადებულია პუნქტი, რომელშიც უშიშროების საბჭო მიესალმება საქართველოს ინიციატივას - დაიწყოს აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების პროცესის ფართომასშტაბიანი გადახედვა.

”ბურჯანაძე ნოღაიდელს მასთან დაპირისპირებას არ ურჩევს”, ”ბურჯანაძე მთავრობის წინააღმდეგ”, ”ბურჯანაძე ნოღაიდელის წინააღმდეგ! რით აღაშფოთა პრემიერმა სპიკერი” - ასეთი სათაურებით ეხმაურებიან გაზეთები 2008 წლის ბიუჯეტის პროექტის გამო პარლამენტის სპიკერის მიერ გამოთქმულ შენიშვნას. ”ნინო პარლამენტის ბიუჯეტის შემცირებამ გააბრაზა. შარშანდელთან შედარებით, წელს პარლამენტის ბიუჯეტი, სავარაუდოდ, სამი მილიონით ნაკლები იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტარები იმდენს ვეღარ იმოგზაურებენ. ნინო კი მოგზაურობის ფანია. მოგზაურობის გარდა, მათ კიდევ ბევრი სხვა რამეც მოაკლდებათ”, - წერს ”ალია”. ”რეზონანსი”: ”თუკი პარლამენტი და მთავრობა ბიუჯეტის პროექტზე ვერ შეთანხმდება და პარლამენტი ბიუჯეტს არ დაამტკიცებს, პრეზიდენტი უფლებამოსილია ან მთავრობა დაითხოვოს, ან პარლამენტი. ცხადია, საქმე აქამდე არც წელს მივა. მით უმეტეს, რომ როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, ”ეს არის პროექტის პირველადი ვარიანტი და ყველა შენიშვნა შემდგომისთვის იქნება განხილული და შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული”. თუკი იმ ფაქტს გავიხსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ნოღაიდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობასთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძემ გააბრაზა, არ არის გამორიცხული, რომ ნოღაიდელის მხრიდან ეს სულაც გარკვეული შურისძიება იყოს”, - ვარაუდობს ”რეზონანსის” მიმომხილველი. ”ახალი თაობა”: ”ბურჯანაძე პარლამენტის ბიუჯეტთან დაკავშირებით გასულ წელსაც გაბრაზდა. თუმცა მაშინდელი გაბრაზება შედარებით ”ლაითი” იყო. გუშინ კი ბურჯანაძემ მკაცრი განცხადებები გააკეთა.”


XS
SM
MD
LG