Accessibility links

logo-print

როგორ აფასებენ აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას თბილისში, სოხუმსა და მოსკოვში


აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ უკანასკნელ რეზოლუციას

საქართველოს მხარე დაბალანსებულს უწოდებს, რუსეთის მხარე - კარგს, აფხაზთა მხარე კი - დამაკმაყოფილებელს. შეფასებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რეზოლუციის ტექსტით სამივე მხარე კმაყოფილია, თუმცა - მეტ-ნაკლებად. თბილისში მიაჩნიათ, რომ რეზოლუციაში, როგორც იქნა, აისახა საქართველოს მხარის მიერ გაეროში მიმდინარე კონსულტაციებისას წამოჭრილი ყველა საკითხი და მასში გაჩნდა ახალი უმნიშვნელოვანესი ჩანაწერი; სოხუმში რეზოლუციის ტექსტში ახალს ვერაფერს ამჩნევენ, თუმცა აკმაყოფილებთ ის, რომ მასში მოსკოვის ცნობილი შეთანხმებაა ნახსენები; რუსეთის მხარე კი რუსეთის მედიატორობასთან დაკავშირებით რეზოლუციაში მოყვანილ შეფასებას იწონებს.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”გაეროს რეზოლუციაში გაჩნდა ჩანაწერი დევნილთა დაბრუნებაზე აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე და არა გალის რაიონში, როგორც ამას წერდნენ, და გაჩნდა ჩანაწერი, რომ დევნილთა ქონება არის დაცული. შემდეგი ნაბიჯი, რასაც ველი გაეროდან, არის ის, რომ ამ ხალხს მოუხდა არა მარტო თავისი სახლების დატოვება იძულებით, არამედ თქმა იმისა, რომ ეს იყო ეთნიკური წმენდა.” (სტილი დაცულია)

ასე რომ, შემდეგში საქართველოს პრეზიდენტი გაეროსგან აფხაზეთში ეთნიკური წმენდის აღიარებას ელის.. თუმცა მოლოდინი სხვა მიმართულებითაც არსებობს... სამშვიდობო პროცესის ფორმატის გადახედვის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით გაეროში დაწყებულმა კონსულტაციებმა შედეგი ჯერ ვერ გამოიღო. მიუხედავად გარკვეული მოლოდინისა, რაზეც რეზოლუციის მიღების წინ კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე საუბრობდა თბილისში, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაში არაფერია ნათქვამი სამშვიდობო პროცესის გადახედვის პროცედურის დაწყების საჭიროებაზე. ამის გატანა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა, თუმცა ოფიციალურ თბილისს აკმაყოფილებს, გაეროში საქართველოს ელჩის შეფასებით, დაბალანსებული დოკუმენტი, რომელშიც ხაზგასმულია აფხაზეთში ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფის აუცილებლობა, განსაკუთრებით იმ თაობებისთვის, რომლებიც რეგიონის ფარგლებს გარეთ გაიზარდნენ. საქართველოს მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამის აღნიშვნას, აგრეთვე უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში ჩანაწერის გაჩენას იმის შესახებ, რომ კონფლიქტის მსვლელობისას მესაკუთრის იძულების წესით გაქცევის გამო კერძო საკუთრების უფლება არ უნდა შეილახოს და ის დაცული უნდა იყოს...
აღნიშნულის მიუხედავად, აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუციას უარყოფითად არ აფასებენ სოხუმში. ”რეზოლუცია, მთლიანობაში, გვაკმაყოფილებს”, - აღნიშნეს დე ფაქტო ხელისუფლებაში. რადიო ”თავისუფლებამ” აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს ჰკითხა, რას ფიქრობს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციასთან დაკავშირებით:

[სერგეი შამბას ხმა] ” მასში განსაკუთრებით ახალი არაფერია. ლაპარაკია საკითხებზე, რომლებიც დგას მოლაპარაკებათა პროცესის დღის წესრიგში. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს შეთანხმებული დოკუმენტები დევნილებთან დაკავშირებითაც და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებითაც. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს საკითხები, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესრულდება მოსკოვის შეთანხმების პირობები, ეს აღნიშნულია რეზოლუციაში.
მოსკოვის შეთანხმება დაირღვა მაშინ, როცა საქართველომ შეიარაღებული ძალები შეიყვანა კოდორის ხეობაში. როცა გაიყვანენ უკან, მაშინ განვაახლებთ მოლაპარაკებას და მზად ვიქნებით კიდეც განვიხილოთ ეს თემები.”

სერგეი შამბამ რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში მოსკოვის შეთანხმება ახსენა, რომელიც მართლაც არის მოყვანილი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში. თუმცა საქართველოს ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ბოლო რეზოლუციაში მოსკოვის შეთანხმება ავტომატურად იქნა გადატანილი წინა რეზოლუციებიდან. ”ზემო აფხაზეთში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობა არ დგას და იქ არ ირღვევა მოსკოვის შეთანხმების პირობები”, - მიაჩნია პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილს.

აფხაზეთთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, როგორც უკვე ვთქვი, კარგი უწოდა გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა, იმის გათვალისწინებით, რომ მასში აღნიშნულია სამშვიდობო ძალების მადესტაბილიზებელი როლი კონფლიქტის ზონაში. თუმცა, გაეროში საქართველოს ელჩის ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრთა უმეტესობა მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის წინადადებას განხილულ იქნეს აფხაზეთში სამშბიდობო ძალების საქმიანობა და მთლიანად სამშვიდობო პროცესი. ალასანია აღნიშნავს, რომ ამ წინადადებას გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნიც უჭერს მხარს.


XS
SM
MD
LG