Accessibility links

logo-print

პრეზიდენტის წინადადება საარჩევნო ბარიერის 5 პროცენტამდე დაწევის შესახებ მოწონებული არ არის, ოპოზიცია სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვს


საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო ბარიერის 5 პროცენტამდე დაწევის ინიციატივით გამოდის,


მისივე სიტყვებით, არა იმისთვის, მომავალ არჩევნებზე სუსტ ოპოზიციას გარკვეული შანსი მისცეს, არამედ იმისათვის, რომ ხელისუფლებისკენ გზა გაეხსნას ახალ და ღირსეულ პოლიტიკურ ოპოზიციას. ასეთი ძალა ჯერ არ ჩანს. არსებული პოლიტიკური ოპოზიცია კი, რომელსაც პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ უწოდა სუსტი, საარჩევნო ბარიერის დაწევის წინადადებას ძველ მოთხოვნას აგებებს, ანუ საპარლამენტო არჩევნების 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარებას ითხოვს. გარდა ამისა, გაერთიანებულ ოპოზიციას გამოაქვს მერებისა და გამგებლების პირდაპირი გზით არჩევის მოთხოვნა.

ოპოზიციური ძალები, რომლებიც მოსახლეობას მოუწოდებენ 2 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მოვიდეს, საარჩევნო ბარიერის 5 პროცენტამდე დაწევის წინადადებას არაფრად მიიჩნევენ . ”ხალხის პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიცია მსგავს რაღაცებზე არ იყიდება:

[კობა დავითაშვილის ხმა] ”პოლიტიკური ოპოზიცია არ იყიდება 5 პროცენტიან ბარიერად. ”

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მოქმედი 7 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის 5 პროცენტამდე დაწევის ინიციატივით სამშაბათს საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე გამოვიდა. ინიციატივის გარშემო საუბრისას მან თქვა, რომ ბარიერის დაწევა საჭიროა პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი ჯანსაღი ოპოზიციური ძალების გამოსასვლელად; თქვა, რომ სწორედ ამისთვის მიიჩნევს მიზანშეწონილად საარჩევნო ბარიერის დაწევას. არადა, 7 პროცენტიანი ბარიერის 5 პროცენტამდე დაყვანა საქართველოს მიმართ ევროსაბჭოს ძველ რეკომენდაციას წარმოადგენს და, ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლის, თამარ ჟვანიას, აზრით, დღეისთვის ცოტა მოძველებულიც კია:

[თამარ ჟვანიას ხმა] ”ცხოვრება ვითარდება. დღესდღეობით ევროპაში 5 პროცენტიც მაღლად ეჩვენებათ. დემოკრატიული ნიშნისთვის 3 პროცენტი ამ ეტაპზე უფრო მისაღები ხდება. ”

ორგანიზაცია ” სამართლიანი არჩევნები” მიესალმება საარჩევნო ბარიერის დაწევას, თუმცა, თამარ ჟვანიას თქმით, უფრო სასურველი ბარიერის 4 პროცენტამდე დაწევა იქნებოდა. პრეზიდენტის წინადადება კი, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, 7 პროცენტიანი ბარიერის 5 პროცენტამდე დაწევას გულისხმობს. საყურადღებოა, რომ
ეს არ არის ამ ეტაპისთვის მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი წინადადება:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მე გთავაზობთ საარჩევნო ბარიერის დაწევას 5 პროცენტამდე, ისევე როგორც პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის უფლებამოსილების გარკვეულწილად შეზღუდვას, ისევე როგორც პარლამენტის ვადის 5 წლამდე გაგრძელებას იმისთვის, რომ საქართველოში არ იყოს სხვადასხვა დროს არჩევნები და იყოს ერთდროულად საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ყოველ 5 წელიწადში ერთხელ.”

”დრო, როდესაც საარჩევნო ბარიერის დაწევა ოპოზიციასთან დიალოგის დაწყების საბაბი შეიძლება გამხდარიყო, პრეზიდენტს გაეპარა. ეს თემა ამ მომენტში ოპოზიციისთვის საინტერესო აღარაა”, - ფიქრობს ექსპერტი გია ხუხაშვილი.
ოპოზიცია კი - პრეზიდენტის დახასიათებით, ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, სუსტი ოპოზიცია - საკუთარ მოთხოვნებს პოლიტიკურ მანიფესტში აყალიბებს. მანიფესტი საგურამოში ”საერთო სახალხო მოძრაობის” ეროვნულმა საბჭომ 17 ოქტომბერს მიიღო. მასში ნათქვამია, რომ სოციალური და პოლიტიკური კატაკლიზმების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მთელი საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია და ხალხის ნდობით აღჭურვილი ხელისუფლების არჩევა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენით, ანუ 2008 წლის გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გზით.

საპარლამენტო არჩევნები 2008 წლის გაზაფხულზე გაერთიანებული ოპოზიციის უმთავრეს მოთხოვნად ყალიბდება, თუმცა სახელისუფლებო უმრავლესობაში ამ მოთხოვნას არასერიოზულს უწოდებენ. დიალოგისთვის პრეზიდენტმა საარჩევნო ბარიერის დაწევა და პარლამენტის მიმართ საკუთარი უფლებამოსილების გარკვეულწილად შეზღუდვა გამოიტანა.
XS
SM
MD
LG