Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტში 2007 წლის ბიუჯეტის ცვლილებას და 2008 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ


საქართველოს პარლამენტში თითქმის ერთდროულად შევიდა 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებისა და

2008 წლის ბიუჯეტის კანონპროექტები. მთავრობა პარლამენტისგან 2007 წლის ბიუჯეტის 350 მილიონი ლარით გაზრდას მოითხოვს. 2008 წლის ბიუჯეტის პროექტში კი 3 მილიონითაა შემცირებული პარლამენტის დაფინანსება, შემცირებულია სოციალური პროგრამებისთვის განკუთვნილი თანხებიც. როგორ აფასებენ პარლამენტარები 2007 წლის ბიუჯეტის ცვლილებას და 2008 წლის ბიუჯეტის პროექტს?

საქართველოს პარლამენტის ხუთშაბათის სხდომაზე გადაწყდა, რომ 2007 წლის ბიუჯეტის ცვლილებები პარლამენტმა 6 ნოემბრამდე დაამტკიცოს. ბიუჯეტის პროექტის განხილვის გეგმის შესადგენად პარლამენტის რიგგარეშე სხდომაც კი გაიმართა. როგორც ცნობილია, 2007 წლის ბიუჯეტი უკვე მესამედ - ამჯერად 350 მილიონი ლარით - იზრდება. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის კომენტარი:

[გია ხუროშვილის ხმა] ”ის მოითხოვს ძალიან ოპერატიულ გადაწყვეტას, იგივე ვაუჩერები, იგივე ფქვილის საკითხი. და, აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა რიგგარეშე სხდომის მოწვევა. და, სავარაუდოდ, 6 ნოემბერს ბიუჯეტი უნდა იქნას კენჭნაყარი.”(სტილი დაცულია)

ხუროშვილმა პრეზიდენტის სუბსიდირების პროგრამა მოიმიზეზა, თუმცა 350 მილიონიდან სოციალურად დაუცველი ფენების დასახმარებლად მხოლოდ 100 მილიონია გამოყოფილი, 79 მილიონი დენისა და გაზის ვაუჩერებისთვის, 26 მილიონი კი - ფქვილისთვის. დანარჩენი თანხის უდიდესი ნაწილი - 220 მილიონი - თავდაცვის სამინისტროზე მოდის. ოპოზიცია კრიტიკულადაა განწყობილი ამგვარი ცვლილების მიმართ. მრეწველთა ფრაქციის ლიდერის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ახალი საბიუჯეტო ხარჯები ინფლაციას გამოიწვევს:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ”ახლა დამატება კიდევ 350 მილიონის ხარჯვით ნაწილში რას გამოიწვევს, არ არის გაანალიზებული. გამოიწვევს თუ არა ეს ინფლაციას? რა თქმა უნდა, გამოიწვევს.”

მთავრობა ინფლაციის შესაძლებლობაზე არ საუბრობს, თუმცა ინფლაცია რომ დასაშვებზე მაღალია, ამას სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე აღიარებს:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”ინფლაციის მაჩვენებელი წინა თვეს იყო 1,2 პროცენტი, რომელიც ძალიან მაღალი არ არის, მაგრამ მაღალია საკმაოდ. ამიტომ ეროვნული ბანკი მიიღებს სათანადო ზომებს, რომ ეს ჩადგეს კალაპოტში.”

ახლა რაც შეეხება 2008 წლის ბიუჯეტის კანონპროექტს. მის ძირითად პრიორიტეტებზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი საუბრობს:

[პაპუნა პეტრიაშვილის ხმა] ”ბიუჯეტი განსაზღვრულია 4 მილიარდ 931 მილიონი ლარით და ძირითადი პრიორიტეტები დაცულია, ისე როგორც მიმდინარე წელს. ეს იქნება სოციალური დაცვის ღონისძიებები, თავდაცვის სფეროს გაძლიერება და ინფრასტრუქტურის გაძლიერება.”

ოპოზიცია 2008 წლის ბიუჯეტის პროექტში სოციალური ხარჯების შემცირებას და თავდაცვის ხარჯების ზრდას აკრიტიკებს.

მთავრობის მიერ მომზადებული პროექტი პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემაც გააკრიტიკა, თუმცა არა სოციალური ხარჯების გამო. მას საკანონმდებლო ორგანოს 3 მილიონი ლარით შემცირებული ბიუჯეტი არ მოეწონა. კანონის მიხედვით, პარლამენტის ბიუჯეტს პარლამენტი განსაზღვრავს. ამჯერად ეს 32 მილიონ ლარს შეადგენდა, მთავრობამ კი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში პარლამენტისთვის მხოლოდ 29 მილიონი გაითვალისწინა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საკანონმდებლო ორგანოში ამ პრობლემის გადაჭრის პირობა დადო.

XS
SM
MD
LG