Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუცია - ნაბიჯი წინ თუ უკან


პოლიტიკური თვალსაზრისით ცხელ პერიოდში საქართველოში პოლიტიკური კამათის საგნად გაეროს

უშიშროების საბჭოს 1781-ე რეზოლიციაც იქცა - რეზოლუცია, რომელიც აფხაზეთის პრობლემას უკავშირდება. მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებმა - და, მათ შორის, პრეზიდენტმაც -რეზოლუცია საქართველოს დიპლომატიურ მიღწევად შეაფასეს და საზოგადოებას განუმარტეს, რომ მასში გაჩნდა ახალი და უმნიშვნელოვანესი ჩანაწერები, ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავიანთ საჯარო გამოსვლებში განაცხადეს, რომ ხელისუფლება ტყუის და ამ ტყუილს პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად იყენებს. ახალი და განსაკუთრებული ამ რეზოლუციაში არაფერია, - უთხრეს საზოგადოებას ხელისუფლების პოლიტიკურმა ოპონენტებმა. მე შევეცადე გამერკვია, უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუციის შეფასებისას საით მეტი იყო სიმართლე და, საერთოდ, რა არის ეს რეზოლუცია საქართველოსთვის - ნაბიჯი წინ თუ, პირიქით, ნაბიჯი უკან.


პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუციას გარდამტეხს არ უწოდებს. მისი აზრით, რეზოლუცია ნორმალურია და შეიძლება, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, ის წინგადადგმულ ნაბიჯად განვიხილოთ. მალაშხიას აზრით, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი მაშინ იქნება, როცა მასში აფხაზეთში ქართველთა ეთნოწმენდის ფაქტი აღინიშნება. საკითხავია, რა თვალსაზრისით შეიძლება ეწოდოს ბოლო რეზოლუციას ნორმალური და წინგადადგმული ნაბიჯი ან რამდენად შეეფერება ან არ შეეფერება სინამდვილეს ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტთა განცხადება იმის თაობაზე, რომ უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შეფასებისას ხელისუფლების წარმომადგენლებმა - და, მათ შორის, პირველ რიგში, პრეზიდენტმა - იცრუეს.

[პაატა დავითაიას ხმა] ” პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს არის უპრეცედენტო, რომ პირველად ჩაიწერა მასში დევნილთა დაბრუნება აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, რომ პირველად ჩაიდო ქონების საკითხი და ეს წინგადადგმული ნაბიჯია. მე ვფქირობ, რომ ელჩმა გაეროში პრეზიდენტი შეცდომაში შეიყვანა.... მე არ მინდა ვიფიქრო, რომ პრეზიდენტმა მოატყუა ხალხი.”

ასე ფიქრობს პაატა დავითაია, წარმომადგენელი მოძრაობისა ”ჩვენ თვითონ” ... მის გარდა, ამ დღეებში ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმაც თქვეს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შეფასებისას ხელისუფლებამ იცრუა, როცა მნიშვნელოვანი სიახლე უწოდა რეზოლუციის ტექსტში დევნილთა დაბრუნების თაობაზე შესულ ჩანაწერს. ითქვა, რომ ხელისუფლება ტყუის, როცა განმარტავს, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ მხარეებს მოუწოდა დააბრუნონ დევნილები მთელ აფხაზეთში.

მივყვეთ რეზოლუციას.

პუნქტი 14 . გაეროს უშიშროების საბჭო აღნიშნავს დევნილთა უმძიმესი მდგომარეობის შემსუბუქების აუცილებლობას და აუცილებლობას იმისას, რომ ამ ადამიანებს შეექმნათ უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების პირობები, მათ შორის თაობებს, რომლებიც გაიზარდნენ აფხაზეთს გარეთ , საქართველოში.

პუნქტი 15 . ხაზს ვუსვამთ დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ფუძემდებლურ უფლებას დაბრუნდნენ აფხაზეთში. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს ადამიანები დაუბრუნდნენ სახლებს, საკუთარ ქონებას. ქონებრივი უფლებები არ უნდა შეილახოს იმის გამო რომ კონფლიქტის მსვლელობისას ადამიანები იძულებულნი გახდნენ გაქცეულიყვნენ. ამ ადამიანების , როგორც მესაკუთრეთა, უფლებები დაცული უნდა იყოს და პატივი უნდა ეცეს მათი ცხოვრებისა და თვითმყოფადობის უფლებას. მოვუწოდებთ მხარეებს შეასრულონ დევნილთა დაბრუნების პირობა, პირველ რიგში, გალის რაიონში..

ქონებრივი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით რეზოლუციაში შესული ჩანაწერი რომ კარგია, ამაზე კამათი ნაკლებადაა. როგორც უკვე ვთქვით, პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ სხვაგვარად განუმარტა მოსახლეობას რეზოლუციის ის ნაწილი, რომელიც აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების უზრუნველყოფის მოწოდებას შეიცავს. შოთა მალაშხია ადასტურებს, რომ მსგავსი მოწოდებები ადრეც იყო.. ადასტურებს იმასაც, რომ ბოლო კი არა, ბოლოსწინა რეზოლუციაში იქნა პირველად ნახსენები აფხაზეთს გარეთ გაზრდილი თაობების დაბრუნების აუცილებლობა, მაგრამ აღნიშნავს:

[შოთა მალაშხიას ხმა] ”როდესაც სხვაგან საუბარია დაბრუნებაზე და ქონების დაბრუნებაზე, იქვე მითითებულია 1994 წლის შეთანხმება, იქ კი ნთქვამია, რომ ვინც ჩაიდინა დანაშაული, ისინი ვერ დაბრუნდებიან. აქ ლაპარაკია არა მარტო იმაზე, რომ დაბრუნდებიან ისინი, ვინც იქ ცხოვრობდნენ, არამედ ის თაობებიც, რომლებიც კონფლიქტის შემდეგ დაიბადნენ და ყველა ერთად დაუბრუნდება საკუთარ ქონებას.” ”(სტილი დაცულია)

”ბოლო რეზოლუციაში სხვა პათოსით და სხვა დატვირთვით შედის დაბრუნებისა და ქონებრივი უფლებების დაცვის საკითხები”, - ეს განცხადება კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ რეზოლუციის მიღების წინ გააკეთა. რეზოლუციის მიღების შემდეგ კი ვნებათაღელვის საგანი ზემო აფხაზეთთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერიც გახდა, ის ნაწილი, სადაც უშიშროების საბჭო მხარეებს შეახსენებს მოსკოვის შეთანხმების მოთხოვნებს და აუცილებლად მიიჩნევს სადამკვირვებლო მისიის გაფართოებას. პაატა დავითაია ასეთ რეკომენდაციაში ზემო აფხაზეთის ჩაბარების რეკომენდაციას ხედავს, შოთა მალაშხაიას აზრით კი:

[შოთა მალაშხიას ხმა] ” აქ არის რეკომენდაცია, რომელიც გულისხმობს ზონის გაფართოებას და გაეროს დამკვირვებლების ჩართვას იმ ზონაში, რომელიც არ ხვდება უსაფრთხოების ზონაში. იგულისხმება ზემო აფხაზეთის ტერიტორიაზე ორმხრივად - როგორც სეპარატისტების მიერ კონტროლირებად, ისე ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენ მზად ვართ იყოს ღია მონიტორინგი, მაგრამ ეს უნდა ვრცელდებოდეს როგორც აფხაზთა მხარეზე, ისე ჩვენს მხარეზე..” (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG