Accessibility links

logo-print

ოპოზიციური მანიფესტები და ხელისუფლების რეაქცია


გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ეგრეთ წოდებული საგურამოს მანიფესტის მიღების შემდეგ, ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა

საქართველოს განვითარების საკუთარი ხედვა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს წინაშე სამი ისტორიული ამოცანა დგას: დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქვეყნის ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის სფეროს დემოკრატიზაცია. საგურამოს მანიფესტი და ბადრი პატარკაციშვილის ხედვა ლიბერალური, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისათვის განსახორციელებელი მთავარი სტრატეგიული მიზნების ერთობლიობაა. შეიძლება ითქვას, რომ დეკლარაციული ხასიათის ეს ორი დოკუმენტი, თავისი არსით, იდენტურია. გასაგები მიზეზების გამო, ხელისუფლება ამ დოკუმენტებს თავის სარეკომენდაციო გეგმად არ განიხილავს. შესაბამისად, არ იზიარებს ქვეყნის მართვაში ოპოზიციის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ შენიშვნებს.

გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოსა და ბადრი პატარკაციშვილის მანიფესტების ძირითადი პოსტულატები ფართო საზოგადოებისთვის საინფორმაციო საშუალებების დახმარებით გახდა ცნობილი. საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს მანიფესტი 12 პუნქტისგან შედგება და ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს აყალიბებს, როგორიცაა: დემოკრატიული არჩევნები, ხელისუფლების დანაწილება, დამოუკიდებელი სასამართლო, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რეალური ადგილობრივი თვითმმართველობა, პოლიტიკური ძალადობის აღკვეთა, თავისუფალი მედია, საკუთრების ხელშეუხებლობა, თავისუფალი მეწარმეობა, ცხოვრების ღირსეული პირობები, ეროვნული თვითმყოფადობა და სამოქალაქო ინტეგრაცია - მათ შორის, სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური შეთანხმების უზრუნველყოფა - და, ბოლოს, საგარეო პოლიტიკა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

[კახა კუკავას ხმა]“ ჩვენ ვთქვით, რომ ამას არა აქვს პოლიტიკური პროგრამის პრეტენზია. ჩვენ გვინდა მივაღწიოთ ეროვნულ თანხმობას, ეროვნულ კონსენსუსს რაღაც ძალიან ფუძემდებლურ საკითხებზე და მნიშვნელოვანია, რომ ამ კონსენსუსში ჩართული იყოს არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ მთელი საზოგადოება. ბუნებრივია, ბადრი პატარკაციშვილი, ქართული ბიზნესი, ქართული სამოქალაქო საზოგადოება ასევე უნდა იყოს ამ კონსენსუსის მონაწილე და ის, რომ ბატონ ბადრის მიერ გამოქვეყნებული მანიფესტი, მნიშვნელოვანწილად კი არა, თითქმის მთლიანად იმ პრინციპებზეა აგებული, რაზეც არის ჩვენი საგურამოს მანიფესტი, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ველით, რომ - უახლოეს დღეებში თუ არა, კვირებში - იქნება სხვა სამოქალაქო სექტორიდანაც გამოხმაურება.“ 9სტილი დაცულია)

ამბობს დეპუტატი კახა კუკავა, რომლის აზრითაც, ბადრი პატარკაციშვილის მიერ საქართველოს განვითარების საკუთარი ხედვის გამოქვეყნება არ უნდა იყოს განპირობებული დამოუკიდებელი პოლიტიკური მოქმედების სურვილით. კახა კუკავა ფიქრობს, რომ ბადრი პატარკაციშვილი იქნება იმ დიდი საერთო ეროვნული ბლოკის თუ ალიანსის მხარდამჭერი ან წევრი, რომელიც საქართველოში ავტოკრატიას დემოკრატიით შეცვლის. ბადრი პატარკაციშვილის ხედვის თანახმად კი, დემოკრატიული საქართველოს ძირითადი ორიენტირები უნდა იყოს საპარლამენტო რესპუბლიკა, ორპალატიანი პარლამენტი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების დაყოფის პრინციპის გამყარება და კანონის უზენაესობა.

[მაია ნადირაძის ხმა]“ ბიზნესმენის მანიფესტები საერთოდ არ არის ხოლმე განსაკუთრებული განხილვის საგანი და თუ პოლიტიკაში მობრძანდა, მაშინ ეს უნდა თქვას და მერე გამოსცეს მანიფესტები. მისი მორალური პრინციპები რომ ჩვენს პრინციპებს - და განსაკუთრებით პრეზიდენტის პრინციპებს - შორდება, ეხლა ამაზე არასდროს არავის არ უკამათია. ნამდვილად მას აქვს სხცა პრინციპები, ცხოვრების წესი და სხვა ამოცანები.“(სტილი დაცულია)

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ, რომელმაც, თავის მხრივ, მორალური პრინციპები და განსაკუთრებით ხელისუფლებასთან ურთიერთობის ფორმები გაერთიანებულ ოპოზიციასაც დაუწუნა. მისი თქმით, ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენით საუბარი დიალოგს არ ნიშნავს. ოპოზიციის დიალოგი პრეზიდენტთან არც 18 ოქტომბერს შედგა. პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით პორტუგალიაში გაემგზავრა. ოპოზიცია მას ვადას 2 ნოემბრამდე აძლევს და პირობებსაც აყალიბებს:

[თინა ხიდაშელის ხმა]“ ჩვენ გვაქვს ორი კონკრეტული მოთხოვნა, რომ ის უნდა შეგვხვდეს საჯაროდ. დღეს ძალიან კონკრეტული ვითარებაა. ის უნდა შეგვხვდეს საჯაროდ და უნდა შეხვდეს იმ ადამიანებს, ვისაც ერთიანი ეროვნული საბჭო განსაზღვრავს შეხვედრის მონაწილეებად. ასეთი 5 ადამიანი გადაწყდა. ეს არის ჩვენი პირობა. როდის და სად, ეს მისი გადასაწყვეტია და მისი არჩევანია.“

ამბობს რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი, რომლის თანახმადაც, გაერთიანებულმა ოპოზიციამ საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ოთხი პუნქტისაგან შემდგარი მოთხოვნები წაუყენა. ეს მოთხოვნებია: სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, პარლამენტის მორიგი არჩევნების კონსტიტუციურ ვადაში, 2008 წლის გაზაფხულზე, გამართვა, საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტება, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში კანდიდატებისათვის მიცემული ხმების მიხედვით მანდატების განაწილება.პასუხად დეპუტატი ვახტანგ ბალავაძე შენიშნავს, რომ ხელისუფლება კომპრომისზე წასვლას არ აპირებს:

[ვახტანგ ბალავაძის ხმა]“გადაწყვეტილება მიიღო უმრავლესობამ და, თუ ისინი შეძლებენ, როგორც ისინი ამბობენ, რომ მათ გვერდში დგას მთელი საზოგადოება, მაშინ არანაირი პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და, გამარჯვების შედეგად, საზოგადოების დაკვეთა თუ იქნება ის, რასაც ისინი ამბობენ, უპრობლემოდ შეცლიან.“(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG