Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


ქეთი დოლიძე განვლილ კვირაში დღიურს აწარმოებდა

რეჟისორი ქეთი დოლიძე. გთავაზობთ მის ჩანაწერებს.

7 ოქტომბერი, კვირა
ლუკას ტიტინი მაღვიძებს. წკრიალა ხმა, როგორც ზარი, ისე ჩამესმის.
"ხოოოოდა... მგელი მოვიდა და მითხრა, ტყეში წამოდიოოო... ქეთი, ქეთი, რა უნდა მგელს?"
"ნუ გეშინია, ბები. მე შენთან ვარ!" - ვპასუხობ, ხელს ვუწვდი და მის პატარა თითებს ჩემს თითებში ვიყრი. ეს ჩვენი თამაშია. თითები გადაჭდობილი და მისი კისკისი.
მის გვერდით არაბუნებრივად მიმაჩნია ყველა ის საზრუნავი და სირთულე, რაც დღეს მელის. ათი წელი გავიდა და ყოველ ოქტომბერს შეგრძნება მაქვს: რატომ? რატომ გრძელდება ეს ნელი წამება? ერთი კვირის შემდეგ ფესტივალს ვხსნი - უკვე მეთეთრთმეტედ! - და ყოველ წელს სიხარულის შეგრძნება სულ უფრო ნელდება. და ვფიქრობ: ვის სჭირდება, ვის?! ყველაზე მეტად ბავშვობიდან გამოცდები მეზიზღებოდა და მაინცდამაინც ისეთი საქმე ავირჩიე, სულ გამოცდას ვაბარებ. ვიღაც უღირსებზე იმდენი რამეა დამოკიდებული, უსამართლობისგან გული მისკდება და ვერ ვეჩვევი. ფილოსოფოსის სიბრძნე ხშირად არ მომეპოვება, რომ ყველაფერს - ხანდახან მაინც! - გვერდიდან ვუყურო.
11 საათია. ორი ახალგაზრდა მოვიდა ტელეკომპანია "იბერიიდან". ეს ტელევიზია ახლა ასე იწოდება: პატრიარქის ტელევიზია. ორივე უჩვეულოდ წყნარი და მშვიდი. კამერა მამას ოთახში დადგეს - იმ კუთხეში, სადაც ხატები ასვენია და კედელზე უწმინდესის სურათი ჰკიდია. ეს ის სურათია, 30 წლის წინ რომ გადაუღო არაჩვეულებრივმა გალინა კმიტმა და ახლა მხოლოდ ოთხ ადამიანს გვაქვს: დედა თეოდორას ბოდბეში, ჩემს ახალგაზრდა მეგობარს ზურა გოგორიკიძეს, მე; და ორიგინალი, რა თქმა უნდა, უწმინდესს და უნეტარესს მივართვი.
უწმინდესზე ფილმს აკეთებენ.
უწმინდესი იმდენად განსაკუთრებული მოვლენაა ჩემთვის, მასზე რაიმეს თქმა ძალიან რთულია. სიტყვები ბრტყელი და გაცვეთილი მეჩვენება. მინდა, რამე განსაკუთრებული ვთქვა, მაგრამ ეს იმდენად ღრმა და ჩემია, ხმამაღლა ლაპარაკი მიჭირს...
"საიდან გაქვთ ამდენი ძალა?" - იკითხა ვიღაც მამაკაცმა ეკრანზე. ჟულიეტ ბინოშის გმირს ჰკითხა.
ქალმა უპასუხა: "ღმერთისგან".
ისევ ტელევიზორის ეკრანს შევავლე თვალი. გოგა ხაინდრავამ თეთრი ნაჭერი დახია და ხელზე გაიკეთა: ასე თუ ვივლით, ე.ი. არ გვეშინია და მშვიდობიანად შევცვლით ამ ქვეყანაში ბევრ რამესო...
Flashback-ი: 1993, 18 სექტემბერი. მატარებელი. ბევრი ქალი. თეთრი მანდილები მოიხურა ყველამ და გავეშურეთ აფხაზეთისკენ...
გოგას მერე კლიპი დატრიალდა. ჩაცმულ-გამოპრანჭული, ბედნიერი ჩვენები აფხაზეთისკენ მიდიან, მიცურავენ, მიემგზავრებიან...
რა ვიცი, კლიპია, რა...
...ოჩამჩირეში, ჰოსპიტალში, სისხლისგან დაცლილი ბიჭი მახსოვს, ლოგინში რომ თითქმის ჩაფერფლილიყო. 14 წელი გავიდა... სად არის ნეტა? 27-ში დაბომბეს აფხაზებმა?.. თუ რუსებმა?.. თუ ვინ?.. ვერ ვპატიობ...
მე იქ ვიყავი და მე ვიცი.
...4 საათზე ფესტივალის ოფისში ვსხედვართ თაკო, ანდრო, მე. რატომაა ასეთი სიწყნარე? ერთ კვირაში ფესტივალი იწყება!
გოგა თეთრ ნაჭერს ხევს.
დიდ შადრევანთან, ბაღში, გვირაბს იქით, მერაბი - ჩვენი შესანიშნავი მერაბი! - ფოიერვერკების ფონზე ჰიმნს მღერის. შესანიშნავი მომღერალია!
ძალიან მინდა ტროპიკულ კუნძულზე. არა, არა, მინდოდა... "Lost"-მა შემაძულა კუნძული. ვუყურებდე მაინც. რომ არ ვუყურებ?
ლუკას დღისით ვაძინებ. უჩემოდ არ იძინებს.
- ისე, ასე ნაირნაირად რატომ ბნელდება?
ესეც მისი 10-ქულიანი კითხვა! პასუხი? არ ვიცი. 10 ქულას ვერ მივიღებ. ხვალ ვუპასუხებ...
ახლა ფილმი გადის. რა ჰქვია? "Paris, je t'aime" ("პარიზო, მიყვარხარ!"). იქაც მინდა. ვინ გამიშვებს, თორემ კი...

8 ოქტომბერი, ორშაბათი
დილა მოსკოვთან მოლაპარაკებებით დაიწყო. "ფესტივალზე მინდა თქვენთააან!" - მეძახოდა ჩემი იულია გრიგორიევა. ეს ის იულია გრიგორიევაა, ჩემთან, "სერობაში", მაგდალინელი რომ განასახიერა. რა არის ეს? ინგლისელები რომ იტყვიან, love-hate relationship - სიყვარული-სიძულვილი.
რამდენი რამ გავიხსენო? 60-იანი წლების მოსკოვი. თითქოს თავისუფლება შემოვარდა. ეს შეგრძნება ფანტასტიკურმა კინოფესტივალმა გამიჩინა. 67 წელი. 22 წლის ვარ. "Вечерний Тбилиси"-ს სპეცკორად ვმუშაობ. სასტუმრო "მოსკვაში" ყველა ვარსკვლავთან შეგეძლო, უბრალოდ, ერთი მიკაკუნებით შესულიყავი. კაგებე სად იყო მიმალული, ვინ იცის. ჩვენ კი ვერ ვხვდებოდით და ვზეიმობდით! ოთარ იოსელიანი და პატრიკ ობიე მაშა მერილთან ერთად... რა დამავიწყებს! თან იცინოდნენ, თან ამ ქვეყანას დასცინოდნენ...
რა მომდის? სულ წარსული მენატრება. მახსენდება მამა, მამიდები, ჩემი ახალგაზრდობა. აწმყოს ვემალები თუ?.. მომავალი ნისლშიც კი არ არის, ვერ ვხედავ.
ისევ იმაზე ვფიქრობ: ვის ჭირდება ეს ყველაფერი, რასაც ვაკეთებ?..
2 საათი. ისევ ტელეეკრანი - ეს რა ხდება? ოქრუაშვილის "აღიარება". რომელ კუნსტკამერაში ვარ, ღმერთო?! განსაკუთრებით მაგიჟებს გვარამიას უსისხლო კომენტარები. რამდენიმე თვის წინ, ერთი გადაცემის სარეკლამო პაუზის დროს, გამიბედა და მითხრა, თქვენს და მამათქვენის ბიოგრაფიას მიხედეთო. ეს უნდა მეუბნებოდეს, თქვენს ბიოგრაფიას მიხედეთო?! იმან კი მიიღო ჩემგან, მაგრამ... რა შემსრულებელია! აუჰ! საიდან მოდიან ეს ცინიკოსები, საიდან? მე მატარებელში ვიჯექი, ოჩამჩირისკენ მივდიოდი და ეს ნეტა საიდან მოვიდა? თუ ის, რომ ოდესღაც სოხუმში ცხოვრობდა, მისი ინდულგენციაა?
კიდევ კარგი, ჩემს შვილებს ზარავთ ასეთების დანახვა! მეც მზარავს... მზარავს... წავიდეს ახლა და დამიჭიროს!
ღმერთო, როგორ მოვიშორო ეს გაბრაზება.
დღეს არაფერზე აღარ მინდა ლაპარაკი. ვზივარ ახლა და როგორც ჟიურის წევრი, ვუსმენ "იმედის ტალღას". რამდენი ნიჭიერი ადამიანია აქ! მე კი გული გამისკდა... არ ჯობია, ამათი სიმღერით ვტკბებოდე?
ესეც 10 მილიონი... ამ ჩემმა ძვირფასმა მიხეილ მარმარინოსმა ყველაფერი ოთხი წლის წინ ასე როგორ დაამთხვია იმას, რაც ხდებოდა და რაც მერე მოხდებოდა?! ძალიან კარგად იცის, ჩვენ რაც გვჭირს და რაც გვჭირდა. აი, ახლა უნდა ვითამაშოთ მისი "ჰიმნი"...
ეჰ, გურამ დოჩანაშვილის არ იყოს - "საქართველო, უხ!"

9 ოქტომბერი, სამშაბათი
ფესტივალი მახრჩობს. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ ვაკეთებ? ბატონ მიშას უყვარდა თქმა: "И кто звал меня на эту галеру?" ბარიკადები, ზარბაზნები, კაგებეს ჯურღმულები, ყველაფერი ამოქმედებულია ამ ფესტივალის წინააღმდეგ...
ნინა პარი ჩამოდის, პიტერ ბრუკის ცოლისდა. არ უყვარს, როცა პიტერთან დაკავშირებით ასე ვახსენებთ, მაგრამ ფაქტია, რომ მისი მარჯვენა ხელია. გარდა ამისა, არაჩვეულებრივი მოცეკვავეა.
უცებ მომაწვა მოგონებები. ედინბურგი, 88 წელი. ნინა, ნატაშა, ბრუკები, ფოიერვერკები, "დონ ჟუანის" გამაოგნებელი წარმატება. ჩვენები - ყველანი ახალგაზრდები, გულისგასახეთქი ქართული სიმღერა, ზურას, ამირანის და ლაურას ტრიო სცენაზე. სიხარული ბატონი მიშას თვალებში. "Fringe First"-ი და ყველაზე გამაოგნებელი ფოტო წარწერით: "Georgians are coming!". აი, ეს იბეჭდებოდა მაშინ "Scotsman"-ში.
მე, ქადაგად დამდგარი, ვთარგმნიდი, ვთარგმნიდი, იმის ახსნით ვიღლებოდი, რომ საქართველო არ არის Russia.
ისევ ტელევიზორის ეკრანი: ბალახად ქცეული ადამიანი, რომელსაც სახე წაშლილი აქვს, ციხიდან სახლში ბრუნდება. ნეტა რა უქნეს? რა კარგი კითხვაა! უი, არაფერიო! ვაშა შენებას!!!
ისე, ნონა გაფრინდაშვილი ყველაზე ღირსეული ქალია დღეს საქართველოში, ყველაზე...
ისეთ გუნებაზე ვარ, სულ ვფიქრობ, რის ფესტივალი, რა ფესტივალი?! მრცხვენია, თავს ძალას ვატან და ვფიქრობ: როდემდე?
აუზის აბონემენტი მაჩუქეს ჩემმა ვაჟიშვილმა და რძალმა. რა კარგია წყალი! დავდივარ მაშინ, როცა ბომონდი არ დადის. იქნებ აქ მაინც დავიბრუნო სისუფთავის შეგრძნება...

10 ოქტომბერი, ოთხშაბათი
დღეს გადავწყვიტე, საერთოდ არ შევხედო ტელევიზორის ეკრანს.
სამაგიეროდ, მეორე ფრონტი გაიხსნა. ხანდახან ერთი ქალი მახსენდება. 18 წლის ვარ, უნგრეთში მოვხვდი საგზურით ჯგუფთან ერთად. ყველაფერი მომპარეს მატარებელში ბოშებმა. კინაღამ სიცილით მოვკვდი. ნეტა რა მაცინებდა? ჰო, გამახსენდა: ბალატონის პირას, კემპინგში, სადაც კოღოები გვჭამდნენ და ყველაზე იაფფასიან ფიცრულ კოტეჯებში ვცხოვრობდით, გარეთ სულ "ბიტლზების" "მიშელს" მღეროდნენ. აი, ის მიხაროდა! მე წინ ულამაზესი და ბედნიერი ცხოვრება სულ ცისარტყელებში მეფერადხატებოდა. იქვე ისევ ბოშებმა გამოიარეს. ერთი ქალი გაჩერდა, შემომხედა და მითხრა დამტვრეული რუსულით (რატომ რუსულით, არ ვიცი - საიდან იცოდა?!): ყველაფერს მიაღწევ, ოღონდ წვალებით და გვიანო... ნეტა, ჩემი ჩანთაც იმან ხომ არ მოიპარა, იმ ოხერმა?
ჰოდა, მოვდივარ ასე იმ დღის მერე...
მერე მითხრეს, შვილები არ გეყოლებაო. 30 წლის წინ მითხრეს.
აბა, ერთი! ეგეც თორნიკე და თამრი... აი, თუ არ მეყოლება! აუჰ! 28 წელი გავიდა, რაც მე და კოკა სასტუმრო "George"-ში წავედით სამი დღით ვარშავის გარეთ ჩვენი მოკლე თაფლობის დღეების გასატარებლად...
ჰოდა, ძალიანაც კარგი!
რა ბებიაჩემი ტერეზასავით მომივიდა? სად მეორე ფრონტი და სად ეს უნგრეთში წიაღსვლა?!
ჰოდა, ეს ჩემი თეატრი არ მეთმობა, რადგან სულ თავს ვიტყუებ, რომ იმ ჩემი და ჩვენი თეატრიდან მაინც რაღაც დარჩა. მე და რამდენიმე კაცი ვეჭიდებით, თორემ ამდენი ფუნქციონერი თუმანიშვილს, ალბათ, ჭკუიდან გადაიყვანდა. ფესტივალი იწყება ბოლოს და ბოლოს და რატომ არავინ ღელავს და არავის უხარია?
ქართველებო, ეხ და უხ!

11 ოქტომბერი, ხუთშაბათი
ზეგ ფესტივალი იწყება, ახალი ამბები დუღს და გადადის, მე კი ვუყურებ "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან". რამხელა ნაივია, მაგრამ როგორ მომენატრა ისევ ბავშვობა. "ვასილი ივანოვიჩ, მიმიშვით ღუმელთან!"... დედა, რას ვიხეოდით სიცილით!.. იყო დრო, ხუმრობით სულ ციტატებით ვლაპარაკობდით ფილმებიდან. "ეჰ, მეც მწარედ მომატყუეს..." აბა, საიდანაა? სწორია, "ჭრიჭინადან"! და "მიჩურინის ვაშლი" - ჩემი და თამრიკო დოლიძის ეპიზოდი, მამას ჩაწყობილი. ხომ უნდა გადავეღეთ? მაგრამ ხომ შემოვრჩით ეკრანს პატარა "ვარსკვლავები"?..
ლუკას ბრძნული გამონათქვამებიდან ძალიან მომწონს, ბოლო დროს რომ მეუბნება, როცა ვიგვიანებ: "ქეთი, მე შენთვის მოწყენილი ვიყავი". ესეც ათქულიანია! ნეტავ, შემეძლოს, მხოლოდ მასთან ვიყო. ისე, რა გრძნობაა, როცა ხელით შენს ხელს ეძებს ძილის დროს.
მომენატრა ისეთი წუთების შეგრძნება, როდესაც იღვიძებ და სრულ ბედნიერებას შეიგრძნობ. გარედან მზის სხივი აპირებს შემოღწევას და შენ სიხარულით იღრჩობი.
მხოლოდ ბოდბეში დამეტაკება ხოლმე ასეთი რამ... აი, იქ რა უმნიშვნელოა ყველაფერი, რაც გარშემოა...

12 ოქტომბერი, პარასკევი
დღეს ნინა და კარუნა ჩამოვიდნენ პარიზიდან. ნინა 10 წელია, არ მინახავს. როგორ ვიწყებდით ამ ყველაფერს, როგორც მშვენივრად. დირექტორების შეკრება - ჯერ გლაზგოში, მერე ედინბურგში, მერე - თბილისში. უკვე 11 წელი გავიდა. ნინა, პიტერ ბრუკი, ნატაშა, საიმონი...
მას, ვინც ახლა 20 წლისაა, მთელ ამ თაობას, ეს არ აინტერესებს. ჩვენი ინტელექტუალური წიაღსვლები აღარავის სჭირდება.
ისე, ძალიან ბევრს ვწუწუნებ.
ჩემი დანიშნულება იქ იყო, ნამდვილად იყო, როცა ქალები გავიყოლიე მატარებლით აფხაზეთისკენ. დანიშნულებაა, სიმართლე დავიცვა... დანიშნულებაა, არ გავიყიდო... დანიშნულებაა... რაღა დროსია?! მაგრამ, მაინც ფრთხილად...
ნინა და კარუნა დავაბინავე და ღამე სულ უჩვეულო სტუმრები - ნინა და ფიმა შაპიროები - მეწვივნენ ახლა უკვე ამერიკიდან. ნინამ მხოლოდ სამი წლის წინ გაიგო თავისი 85 წლის დედისგან, რომ დიდი ბებია ნიკოლაშვილი ჰყავდა ამბროლაურიდან და 97 წლის წინ წასულან იქიდან. გაგიჟდა! და 5 დღეში ინტერნეტში მონახა სოფელიც და ისიც, რაც იმ სოფელს სჭირს. და ნათესავებიც. აი, შენი სისხლის ყივილი! 35 წლის წინ მოხვდნენ ლიტვიდან ამერიკაში და დღესაც აქეთ მოუწევთ გული. "Arizona Dream"-ო. ისე, ამ მხრივ არიზონაში რა Dream-ი შეიძლება იყოს?! არც არანაირი.
ამერიკელები ხშირად რუსებს ჰგვანან, ოღონდ, კარგად მაცხოვრებლებს. და ეს ამერიკული მითიც აღარ არსებობს, მე მგონი. არც არასოდეს არსებობდა...
ნინა ზეგ რაჭაში მიდის, იქ მოძებნის თავის ნიკოლაშვილებს.
ესეც გლობალიზაცია. სულ მოგონილია ყველაფერი...
"...გვაქვს უთვალავი ფერითა..."
სწორედაც რომ უთვალავი ფერითა! გმადლობთ, შემოქმედო!

13 ოქტომბერი, შაბათი
დღეს 13 რიცხვია. 27 სტუმარი ჩამოდის. ყველა - საბერძნეთიდან. ელინურ კულტურასთან დაკავშირებული საქართველო ცოტათი მაინც გაიხარებს ამ ორი კვირის მანძილზე.
ჰოდა, ხვალ ფესტივალი იხსნება! დღეს ჩემი ტვინი ჯერჯერობით დაკეტილია. გაუმარჯოს ფესტივალს!

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG