Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ დგას პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ მიმართული აფეთქებების უკან?


პაკისტანის ქალაქ კარაჩიში გუშინ ღამით მომხდარ აფეთქებებს 130-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი ჰგმობს თვითმკვლელთა მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს და მათ "დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებას" უწოდებს. 18 ოქტომბერს თვითმკვლელთა სამიზნეს წარმოადგენდა ავტოკოლონა, რომელიც პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სამშობლოში ახლად დაბრუნებულ ბენაზირ ბჰუტოს აცილებდა. პოლიტიკოსი ქალი პაკისტანში, როგორც თვითონ აცხადებს, სამხედრო რეჟიმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩავიდა. ვინ დგას აფეთქებების უკან და რა არის მათი მიზანი? დავით კაკაბაძე მოგითხრობთ.

18 ოქტომბერს სამშობლოში დაბრუნებულ ბენაზირ ბჰუტოს 200 ათასამდე მხარდამჭერი შეეგება, თუმცა ყოფილ პრემიერ-მინისტრს სამშობლოში მტრებიც უხვად დახვდნენ. ის სულ რამდენიმე საათის დაბრუნებული იყო, რომ საპორტო ქალაქ კარაჩიში მისი მოკვლა სცადეს. პირველ აფეთქებას მეორე მოჰყვა - იმ ავტობუსის მახლობლად, რომელშიც პოლიტიკოსი ქალი პაკისტანის სახალხო პარტიის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა. ბჰუტოს თანაპარტიელი, პაკისტანის სახალხო პარტიის წევრი ფუზია ვაჰაბი ამბობს, რომ მომხდარი საშინელება მოგვიანებით აღიქვა:

(ვაჰაბის ხმა) "როცა პირველი აფეთქება მოხდა, ავტობუსში ვიჯექი. ბჰუტო ძალიან დაღლილი იყო და ისვენებდა. აფეთქების დროს ისიც ჩვენს ტრანსპორტში იყო. თავიდან ვიფიქრეთ, რომ ელექტრო სადგური აფეთქდა ანდა, სადღაც, ჩვენთან ახლოს, მოკლე ჩართვა მოხდა ელექტროგაყვანილობაში. ჯერ ვიღაცას ვკითხე და მერე მეც ვნახე, რომ ბომბი ავტობუსთან ახლოს აფეთქდა. როცა მეორე აფეთქება მოხდა, მივხვდით, რომ ეს უფრო სერიოზული იყო."

უვნებელი ბენაზრ ბჰუტო იქაურობას სასწრაფოდ გაარიდეს. აფეთქებებს, სულ ცოტა, 133 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. მათ შორის არის პაკისტანის სახალხო პარტიის რამდენიმე ლიდერი, რომლებიც, ყოფილი პრემიერის რვაწლიანი იძულებითი ემიგრაციის მანძილზე, პარტიის საქმიანობას უძღვებოდნენ.

პაკისტანის ინფორმაციის მინისტრის ტარიყ ხანის განცხადებით, ექსტრემისტებს ბენაზირ ბჰუტოს აფეთქება იმიტომ უნდოდათ, რომ ამ პოლიტიკოსს, მათი აზრით, პაკისტანში პროამერიკული გეგმების განხორციელება სურს. კერძოდ, მინისტრმა საგანგებოდ აღნიშნა ბენაზირ ბჰუტოს გამოსვლა ვაშინგტონში, სადაც მან მხარი დაუჭირა ავღანეთის მოსაზღვრე რეგიონებში - ალ-ყაიდასთან და თალიბანთან საბრძოლველად -ამერიკელი სამხედროების შეყვანის იდეას.

19 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე პაკისტანის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მკაცრი საყვედური გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ გარე განათება გამორთული იყო და მის დაცვას ჩაბნელებულ ქუჩებში თავდამსხმელთა დანახვა გაუჭირდა. ის, რომ თავდასხმა წინასწარ იყო ორგანიზებული, ბჰუტომ საფრანგეთის ჟურნალ "პარი მაჩისთვის" მიცემულ ინტერვიუშიც აღნიშნა და დაასახელა კიდეც ძალა, რომელიც, მისი აზრით, აფეთქების უკან დგას. საუბარია გენერალ მუჰამედ ზია ულ-ჰაკის ყოფილი რეჟიმის მაღალჩინოსნებზე, რომლებიც, ბჰუტოს თქმით, ჯერაც მრავლად არიან ქვეყნის უშიშროების სამსახურში და ზურგს უმაგრებენ ექსტრემისტებსა და ფანატიკოსებს. ზია ულ-ჰაკმა 1977 წელს პოსტიდან ჩამოაგდო, ხოლო ორი წლის შემდეგ ჩამოახრჩო კიდეც ბენაზირ ბჰუტოს მამა, იმხანად პრემიერ-მინისტრი ზულფიკარ ალი ბჰუტო. თავად ზია ულ-ჰაკი 1988 წელს ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

პაკისტანელი ჟურნალისტი აჰმედ რაშიდი მიიჩნევს, რომ აფეთქებებით გამოწვეული არეულობა ხელს აძლევს იმ პოლიტიკურ ძალებსაც, რომლებსაც საპარლამენტო არჩევნების გადადება სურთ:

(რაშიდის ხმა) "აფეთქება უკიდურესად გააძნელებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვას ყველასთვის და შესაძლოა არჩევნების გადადების კარგ მიზეზადაც გამოდგეს. კვლავაც არსებობს აშკარა ნიშნები იმისა, რომ პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი არჩევნებს გადადებს. ამას მას პაკისტანის მუსლიმანური ლიგა აძალებს. მათ ძალაუფლების შენარჩუნება სურთ. პოსტზე დარჩენის სურვილი აქვს პრემიერ-მინისტრ შაუქათ აზიზსაც. ასეთ ვითარებაში, მოვლენები მხოლოდ ბჰუტოს არ უკავშირდება. ვერავინ შეძლებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას."

რაც შეეხება პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფისა და ბენაზირ ბჰუტოს ურთიერთობას, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი თანამშრომლობა დიდხანს ვერ გასტანს. ანალიტიკოსთა აზრით, ყოფილი პრემიერისთვის კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების მოხსნა და სამშობლოში დაბრუნების უფლების მიცემა მუშარაფს ვაშინგტონმა ურჩია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG