Accessibility links

რა პერსპექტივა აქვს კავკასიის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას


კავკასიის სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი სამდღიან საერთაშორისო კონფერენციას

მასპინძლობს. „ქორთიარდ მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში შეკრებილი მკვლევარები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ისრაელიდან კავკასიის სტაბილური განვითარების შესაძლებლობებს განიხილავენ. ორგანიზატორთა თქმით, კონფერენცია, სახელწოდებით „კავკასია - თანამშრომლობა სტაბილურობისათვის“, ასევე მიზნად ისახავს კავკასიის მომავლის შესახებ არსებული მოსაზრებების შეჯერებასა და რეგიონალური განვითარების საერთო ხედვის შემუშავებას. რა პერსპექტივა აქვს კავკასიის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას?

კავკასიის რეგიონში იშვიათია ქვეყანა, რომელსაც უკანასკნელი 15-20 წლის განმავლობაში მასშტაბური ომის ან ლოკალური კონფლიქტების სიმწარე არ გამოეცადოს. ვის-ვის და ამ ქვეყნის მოქალაქეებს მშვიდობის ფასი არ ესწავლებათ. გურამ ცინცაძე, ვიდრე სოხუმი დაეცემოდა, აფხაზეთში ცხოვრობდა.

[გურამ ცინცაძის ხმა] „ეს არაადამიანური მიდგომაა. ომი რატომ უნდა მოხდეს? რატომ უნდა დავხოცოთ და დავკლათ ერთმანეთი?..“

ბატონ გურამის მსგავსად, ომისა და სისხლისღვრის წინააღმდეგნი არიან ის მკვლევარებიც, რომლებიც კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის პერსპექტივების განსახილველად თბილისში შეიკრიბნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი იმ გარემოებებს ჩამოთვლის, რომელთა წყალობითაც რეგიონის განვითარება ფერხდება:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] „უპირველეს ყოფლისა, ეს გახლავთ ის, რომ არ დასრულებულა პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის პროცესი. ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ის კონფლიქტები, რომლებიც რეგიონს ანაწევრებს, სწორედ ჩვენი საბჭოთა წარსულიდან მომდინარეობს. მეორე ის, რომ წინააღმდეგობაა იმ დიდ მოთამაშეებს შორის, რომლებსაც ინტერესები აქვთ რეგიონში.“

ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რუსეთის როლი სამხრეთ კავკასიის მოუგვარებელ კონფლიქტებში; არჩილ გეგეშიძე კი, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მიიჩნევს, რომ რუსეთის პოლიტიკის კორექტირების გარეშე ძნელი იქნება კავკასიაში სრულფასოვანი ინტეგრაციული პროცესების დაწყება, რასაც ასევე ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნებში საერთო ღირებულებების გავრცელება:

[არჩილ გეგეშიძის ხმა] „სიღრმისეული დემოკრატიული პროცესები; ალბათ, მეტი სიახლოვე და თავსებადობა ფასეულობებთან, მეტი დიფუზია ამ ფასეულობებისა მთელ რეგიონში; ამ მხრივ, გარკვეული ერთგვაროვნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში მეტი რესურსი იარსებებს იმ პრობლემების დასაძლევად, რომელიც ამ ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებობს.”

კავკასიის ქვეყნებსა და ხალხებს შორის კი მართლა ბევრი პრობლემაა. სომეხი მკვლევარი, გლობალიზაციისა და რეგიონალური თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი სტეპან გრიგორიანი მიიჩნევს, რომ საგარეო პოლიტიკის ორიენტირების შეცვლით სომხეთის მთავრობას რეგიონის განვითარებისა და ინტეგრაციული პროცესების დაჩქარება შეუძლია. რა უნდა გაკეთდეს ამისათვის?

[სტეპან გრიგორიანის ხმა] „პირველი: რასაკვირველია, სომხეთი მზად უნდა იყოს ყარაბახის კონფლიქტის კომპრომისული გადაწყვეტისთვის. მეორე საკითხიც ასევე საგარეო პოლიტიკას და მის ორიენტირებს უკავშირდება. სომხეთმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მიმართულებით აპირებს წასვლას, ანუ უნდა გაარკვიოს, თუ სად ეძებოს საკუთარი უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ასეთი ორგანიზაცია ნატოა, რომლისკენაც ისწრაფის საქართველო და, შედარებით ნელი ტემპით, აზერბაიჯანიც. როგორც კი სომხეთი ამ კუთხით ჩამოყალიბდება, მაშინვე დაიწყება თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან. და ბოლოს, ასევე მნიშვნელოვანია საკითხი, რომელიც თურქეთთან ურთიერთობას უკავშირდება. მოლაპარაკებები წინასწარი პირობების წამოყენების გარეშე უნდა ვაწარმოოთ. თურქეთთან საზღვრის გახსნით დასრულდება სომხეთის ბლოკადა. შედეგად, აზერბაიჯანსა და საქართველოსთან ურთიერთობაც გაცილებით ეფექტიანი იქნება.“


ასე ფიქრობს სტეპან გრიგორიანი, დამოუკიდებელი სომეხი მკვლევარი, თუმცა, მისივე თქმით, ამ მოსაზრებებს ოფიციალური ერევანი ჯერჯერობით არ იზიარებს. სომხეთის საგარეო პოლიტიკა დიდწილად კვლავ რუსეთზეა ორიენტირებული, იმ რუსეთზე, რომელიც, თუ რუს ექსპერტ სერგეი მარკედონოვს დავესესხებით, თავს კავკასიის რეგიონის უდიდეს მოთამაშედ მიიჩნევს. მარკედონოვის თქმით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა დიდწილად განსაზღვრავს რეგიონში მიმდინარე პროცესების მიმართულებასა და დინამიკას:

[სერგეი მარკედონოვის ხმა] „დღეს სააკაშვილს არ შეუძლია არ ისარგებლოს დასავლეთის მხარდაჭერით, რამეთუ ვერ ხედავს რუსეთში იმ ქვეყანას, რომელიც საქართველოს ტერიტორიის მთლიანობას უზრუნველყოფდა. მეორე მხრივ, არც რუსეთს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩაბარება, როგორც ამას თბილისი მოითხოვს. გასათვალისწინებელია ჩრდილოეთ ოსეთისა და აფხაზების მონათესავე ოთხი ადიღეურენოვანი სუბიექტის არსებობა რუსეთის ფედერაციაში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა გვზღუდავს. და კიდევ: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარდა, არის პრობლემათა მთელი სპექტრი, რომლის გადაწყვეტა შესაძლებელია.“

სერგეი მარკედონოვის თქმით, ურთიერთობის გაუმჯობესება სწორედ ამგვარ სფეროებში თანამშრომლობით უნდა დაიწყოს და არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოთხოვნით. მაგრამ ასეთ შემთხვევაში რა ქნან იმ ადამიანებმა, რომლებიც ათ წელზე მეტია ომის შედეგების აღმოფხვრას ელიან? თუმცა, გაჭირვების მიუხედავად, სოხუმელი გურამ ცინცაძე მაინც მშვიდობის მომხრეა:

[გურამ ცინცაძის ხმა] „პოლიტიკაა უფრო გამართლებული და არა ტყვია და წამალი!“

XS
SM
MD
LG