Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 718-ე გამოშვება

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ გამოშვებას. დღეს შევეცდებით გავარკვითო, ვინ იყო სინამდვილეში საქართველოს პრეზიდენტის მიერ არაერთგზის ნახსენები "მოღალატე მარკოზაშვილი"; გავიხსენებთ ქველმოქმედ გივი ზადასტანიშვილს;

ამ და სხვა თემებზე გესაუბრებით მეათე სტუდიის დღევანდელ გამოშვებაში, რომელსცა პრაღაში ბიძინა რამიშვილი უძღვება.


ვინ იყო სინამდვილეში პრეზიდენტის მიერ არაერთგზის ნახსენები ”მოღალატე მარკოზაშვილი”?

ბიძინა რამიშვილი:
”მოღალატე მარკოზაშვილის რაზმელები”, ”ერეკლეს გმირული გზა, თუ ნაძირალა მარკოზაშვილის გზა” - ეს ფრაზები საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის. ”ვინმე მარკოზაშვილის” შესახებ მიხეილ სააკაშვილმა 15 ოქტომბერს თელავში კონცერტზე გამოსვლისას ისაუბრა. ამ გამოსვლის შემდეგ ბევრმა პრეზიდენტს ისტორიის ცოდნა დაუწუნა, ბევრმა ეს გამოსვლა ზვიად გამსახურდიას ერთ ცნობილ მიმართვას შეადარა. მაინც რატომ დასჭირდა პრეზიდენტს ნაკლებად ცნობილი და სრულიად უმნიშვნელო ფიგურის ხსენება და რა როლი ითამაშა ”ვინმე მარკოზაშვილმა” საქართველოს ისტორიაში - ამის შესახებ ალექსანდრე ელისაშვილი ისაუბრებს. მასალა მიხეილ სააკაშვილის 15 ოქტომბრის გამოსვლით იწყება.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] იცით როდის დამარცხდა საქართველო - როდესაც მარკოზაშვილის ნაძირალა რაზმელები, საქართველოს მოღალატეები, მაშინ, როცა აღა მაჰმად ხანი მოადგა საქართველოს კარიბჭეს, იმის მაგივრად, როცა ერეკლე დადიოდა სოფელ-სოფელ ხალხს ეხვეწებოდა ხალხო გამოდით ქუდზე კაცი, დავირაზმოთ, გადავარჩინოთ საქართველო, ესენი პარალელურად დადიოდნენ ერეკლე, როგორც მეფე არ გვინდა, ბატონი არ გვინდა, მაინც დავმარცხდებით, საქართველოს საქმე ცუდად არის, ხალხო ყველამ თავი გადავარჩინოთ. ხალხო მე მინდა გკითხოთ თქვენ, აქ შეკრებილ ათობით ათას ადამიანს, რომელი გზა გირჩევნიათ - ერეკლეს გმირული გზა, თუ ნაძირალა მარკოზაშვილის გზა.

ალექსანდრე ელისაშვილი:
ვინ იყო მარკოზაშვილი? რატომ მოიხსენია მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ისტორიაში არცთუ მცირერიცხოვან მოღალატეთა მედროშედ სწორედ მარკოზაშვილი? ეს კითხვები სხვებთან ერთად ოპოზიციის ლიდერებსაც გაუჩნდათ. ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა ჩვენთან საუბარში გულახდილად აღიარა, რომ მარკოზაშვილის ვინაობაზე 15 ოქტომბრამდე არაფერი სმენოდა:

[თინა ხიდაშელის ხმა] მე არ ვიცოდი ნამდვილად მარკოზაშვილი უნდა ვაღიარო, თუმცა საბედნიეროდ მე ერთადერთი არ ვიყავი ვინც არ იცოდა ვინ არის მარკოზაშვილი. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდით, ვარკვევდით ისტორიკოსებში ამ ადამიანს და ბოლოს გავარკვიეთ, რომ ეს იყო ძალიან უმნიშვნელო ფიგურა მთელს იმ დროინდელ ეპოპეებში, შეთქმულებებში და ყველაფერში. უბრალოდ მის ბინას იყენებდნენ სხვადასხვა შეხვედრებისთვის. სამწუხაროა, რომ არა ის, რომ მარკოზაშვილი ვინ იყო, არამედ ის, რომ საქართველოს პრეზიდენტს კარიკატურული ამბების კეთება დასჩემდა ამ ბოლო დროს.

თინა ხიდაშელის შეფასებით მიხეილ სააკაშვილმა ერეკლეს გმირულ გზასა და ნაძირალა მარკოზაშვილის გზას შორის არჩევანზე საუბრისას ზვიად გამსახურდიას ცნობილი შედარებისა და არჩევანის გამეორება სცადა:

[თინა ხიდაშელის ხმა] ზვიად გამსახურდია საუბრობდა ქრისტეზე და ბარაბაზე რაც ყველასთვის გასაგები იყო. როდესაც შენ პარალელს აკეთებ ისეთ ადამიანთან, რომელიც საზოგადოების 99 პროცენტმა არ იცის ვინ იყო, ეს ბუნებრივია, რომ იწვევს კომიზმს, კომიზმის ნიშნების მატარებელია და ლაზღანდარობის ხასიათზე აყენებს საზოგადოებას.

რაც შეეხება თავად მარკოზაშვილს და იმ მოვლენებს, რომელთანაც ეს სახელი იყო დაკავშირებული. როგორც ცნობილია 18 საუკუნის შუა წლებში ქართლ-კახეთის სამეფოს გაერთიანებისა და ამ გაერთიანებულ ტახტზე კახელი ბაგრატიონების შტოს წარმომადგენლის ერეკლე მეორე თეიმურაზის ძის ასვლამ სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია ქართლის სამეფო შტოს წევრებსა და ქართლელ თავადაზნაურებს შორის. ორი ათეული წლის უკმაყოფილების გვირგვინი იყო ქართლის სამეფოს ტახტის პრეტენდენტის პაატა ბატონიშვილის მიერ ორგანიზებული შეთქმულება. ცნობილია, რომ 1765 წელს შეთქმულები, ძირითადად ქართლელი თავადები და აზნაურები, ტფილისში პაატა ბატონიშვილის მიერ ვინმე მარკოზაშვილისგან ნაქირავებ ბინაზე იკრიბებოდნენ. ისტორიულ წყაროებში არც ბინის გამქირავებელ მარკოზაშვილის სახელია დაკონკრეტებული და არც ბინის გამქირავებლობის გარდა მისი სხვა რაიმე საქმიანობა, თუმცა იმის გამო, რომ პაატა ბატონიშვილის მომხრე შეთქმულები სწორედ მის ბინაზე იყრიდნენ თავს - შეთქმულებს ”მარკოზაშვილის დარბაზისელები” ეწოდათ. შეთქმულების გამჟღავნებისა და დასჯილთა შორის ასევე არსადაა მოხსენიებული ბინის მფლობელი მარკოზაშვილი. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ნახსენებ ”მარკოზაშვილის რაზმელების” კავშირს აღა მაჰმად ხანის შემოსევასთან:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] იცით როდის დამარცხდა საქართველო - როდესაც მარკოზაშვილის ნაძირალა რაზმელები, საქართველოს მოღალატეები, მაშინ, როცა აღა მაჰმად ხანი მოადგა საქართველოს კარიბჭეს, იმის მაგივრად, როცა ერეკლე დადიოდა სოფელ-სოფელ ხალხს ეხვეწებოდა ხალხო გამოდით ქუდზე კაცი, დავირაზმოთ, გადავარჩინოთ საქართველო, ესენი პარალელურად დადიოდნენ ერეკლე, როგორც მეფე არ გვინდა, ბატონი არ გვინდა, მაინც დავმარცხდებით.

არადა, მარკოზაშვილის ბინაზე შეთქმულება 1765 წელს მოხდა, სპარსეთის შაჰი აღა მაჰმად ხანი კი ქართლსა და ტფილისს ამ შეთქმულებიდან ზუსტად 30 წლის შემდეგ - 1795 წელს შემოესია. ისტორიული წყაროებში ასევე არსად არის ნახსენები ”ვინმე მარკოზაშვილი”, მით უფრო მისი რაზმი, ან რაზმელები, რომლებიც თითქოსდა ხალხს ერეკლეს წინააღმდეგ განაწყობდნენ და აჯანყებდნენ.

ალექსანდრე ელისაშვილი, რადიო ”თავისუფლება”, თბილისი


ფილანთროპი გივი ზალდასტანიშვილი

ბიძინა რამიშვილი:
ხუთშაბათს ტვერელის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს გივი ზალდასტანიშვილი - ბიზნესმენი, ქველმოქმედი. კაცი, რომელიც 62 წელი ემიგრანტი იყო, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა და თავისი ოცნება აისრულა - დამოუკიდებელი საქართველოს სინამდვილეში ახალი ტიპის სასწავლებელი ჩამოაყალიბა. ”უტეხი სული” - ასე უწოდებდნენ გივი ზალდასტანიშვილს, რომლის შესახებაც თამარ ჩიქოვანმა მოამზადა სიუჟეტი.

[ ნია ჭაჭიაშვილის ხმა] ”გზაში მოვდიოდი და ავტირდი. მერე ვიფიქრე - არაფერი სატირელი არ არის. იმიტომ, რომ ამ კაცმა იცხოვრა ისეთი ცხოვრებით, როგორითაც უნდიდა. ყველას არა აქვს ამის საშუალება.”

თამარ ჩიქოვანი:
თბილისის ამერიკული აკადემიის მასწავლებელი ნია ჭაჭიაშვილი ერთერთია, ვინც აკადემიაში დაარსების დღიდან მუშაობს. აკადემიის დამაარსებელი გივი ზალდასტანიშვილი 1999 წელს გაიცნო, როცა მასთან გასაუბრებას გადიოდა - გივი ზალდასტანიშვილი - ამერიკაში გივი ზალდასტანად ცნობილი, თავად არჩევდა იმ პედაგოგებს, ვინც ამერიკულ აკადემიაში მასწავლებლად იმუშავებდნენ. ინტერვიუ გაიარა ნინო ღამბაშიძეც:

[ნინოს ღამბაშიძის ხმა] “პირველი შეხვედრა იყო 1999 წელს, როდესაც ინტერვიუ გავიარე მასთან, ამ სკოლის დაარსებას რომ აპირებდა. ეძებდა მასწავლებლებს. პირველი და ერთადერთი მოთხოვნა ის იყო, პატრიოტიზმი როგორ უნდა ვასწავლოთ ამ სკოლაში.”

ემიგრაციის შემდეგ პირველად 1989 წელს ჩამოვიდა საქართველოში. მაშინ ქართული ემიგრაციის არაერთი შთამომავალი ესტუმრა სამშობლოს. ვიღაცისთვის ეს პირველი და უკანასკნელი შეხვედრა იყო უნახავ სამშობლოსთან, ვიღაცა - კიდევ რამდენჯერმე ჩამოვიდა. გივი ზალდასტანიშვილი ის იშვიათი გამონაკლისი აღმოჩნდა, ვინც მოყოლით ნაცნობ საქართველოსთან შეხვედრისას იმედგაცრუება არ განიცადა და საკუთარი წვლილის შეტანა გადაწყვიტა ქვეყნის განვითარებაში. ადამიანები, ვინც გივი ზალდასტანს იცნობდნენ, მისი დახასიათებისას პირველ რიგში რომანტიზმის და რაციონალიზმის გასაოცარ შერწყმას გამოყოფენ. ნინო ამბობს:

[ ნინო ღამბაშიძის ხმა] “ამაზე დიდი რომანტიზმი რა გინდა, ქაქუცა ჩოლოყაშვილი იყო მისი ნათლია და ხმალი აჩუქა თავის ნათლულს. 80-იანი წლებიდან რომ დაიწყო ჩამოსვლა. ბევრჯერ კომპიუტერები მიიტანა სადღაც და კომპიუტერები არამიზნობრივად გამოიყენეს. ან ვიღაც წაიყვანა ამერიკაში სასწავლებლად, ვინც პირდებოდა, დავბრუნდები და ქვეყნის აღმშენებლობაში მივიღებ მონაწილეობასო, მაგრამ არც ერთი არ დაბრუნებულა. ამიტომ ჰქონდა იმედგაცრუება და ამიტომ ჰქონდა ჩვენი იმედი - ყოველ შაბათს გვეუბნებოდა, უნდა დაბრუნდეთ და აქ უნდა იმუშაოთ. მთელი ცხოვრება უნდა იმუშაოთ.”

საქართველოს დახმარების კეთილშობილური გზა აირჩია - საქართველოში ისეთი სასწავლებლის შექმნა, სადაც ქართველი ბავშვები საუკეთესო განათლებას მიიღებდნენ. ” დარწმუნებული იყო, რომ განათლებული თაობა - ეს ქვეყნის მომავალი წარმატების გარანტია იქნებოდა” - ამბობს ნია:

[ ნია ჭაჭიაშვილის ხმა] “ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არაფერი არ ვიცოდეთ გივის ცხოვრების შესახებ, აი, ეს სკოლა რომ წამოიწყო, ფაქტიურად, ეს იყო ფანტასტიკა - სკოლა გაიხსნა 2001 წელს. აქ იყო სიბნელე, არეულობა, ერთი ამბავი და არავის წარმოდგენა არ ჰქონდა, ასეთი რაღაცის დაწყება თუ შეიძლებოდა. გივის ეს ყველაფერი, ეტყობა, ნაფიქრი ჰქონდა - რომ აქ ქვეყნის შველა შეიძლება განათლებით. და განათლება ყველას ვერ მოიცავს. რაღაც ჯგუფი უნდა შეიქმნას, რომელსაც შეიძლება მოერიო და მერე ის თვითონ იმოქმედებს.”

დღეს ამერიკულ აკადემიაში 200-მდე სტუდენტი სწავლობს. აკადემიის კურსდამთავრებულები ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას. პედაგოგები დარწმუნებულები არიან, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ საქართველოში დაბრუნდებიან - ისე, როგორც ეს აკადემიის დამფუძნებელს ჰქონდა ჩაფიქრებული.

რა შეიცვლება ამერიკულ აკადემიაში გივი ზალდასტანიშვილის გარდაცვალების შემდეგ - აკადემიის დირექტორი რიჩარდ ლუსიენი ამბობს, რომ აკადემია განაგრძობს იმ გეგმის შესრულებას, რომელიც დასახული იყო - მალე აკადემიას ახალი შენობა ექნება, გაგრძელდება მასწავლებლების წრთვნები, ახალი პროგრამების დანერგვა და ა.შ. იმ ადამიანებს კი, ვისაც გივი ზალდასტანიშვილთან ურთიერთობისა და მუშაობის საშუალება ჰქონდათ, მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვებათ მისი რჩევა - რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. და კიდევ ერთი - ზედმეტად იდეალური პორტრეტი რომ არ გამოვიდეს, იმასაც დავამატებ, რომ კამათი მასწავლებლებს და აკადემიის დამფუძნებელს შორის ხშირი იყო. ნინო ღამბაშიძის თქმით:

[ნინო ღამბაშიძის ხმა] “სულ გვეჩხუბებოდა. ოოჰ-იტყოდა ხოლმე და ხელს აიქნევდა. გვეჩხუბებოდა - თქვენ ისე არ გესმით, რა არის საქართველო. ხალხი რატომ არა ხართ?”

ბიძინა რამიშვილი:
ეს გახლდათ ნინო ღამბაშიძე, რომელსაც თამარ ჩიქოვანი ესაუბრა. მასალა ეხებოდა გივი ზალდასტანიშვილს.


რატომ უნდა გავიხსენოთ შიო ჩიტაძე

ბიძინა რამიშვილი:
უახლესი ამბები: ,,გაერთიანებული ოპოზიცია პედაგოგების ერთთვიან ხელშეკრულებაზე გადასვლას აპროტესტებს...”, ,,მასწავლებლები კიდევ ერთხელ იკრიბებიან...”, ,,განათლების სამინისტრო ოპოზიციის ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მასწავლებლებთან არა ერთთვიანი, არამედ ერთწლიანი ხელშეკრულებები უნდა გაფორმდეს...” და ასე შემდეგ...

დღეს, როდესაც განათლების რეფორმა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე განსჯის საგანია, როცა სკოლა სწავლების მეთოდებსა და მართვის ფორმებს ეძებს, როცა მოზარდთა დანაშაული ნამდვილ პრობლემად იქცა... ალბათ ღირს მათი სახელების გახსენება ვინც საქართველოში ამ პრობლემებზე ჯერ კიდევ საუკუნის წინათ ფიქრობდა. მაგალითად - შიო ჩიტაძე. კაცი, რომლის სახელსაც დღემდე ატარებს თბილისის ერთ-ერთი ქუჩა, თუმცა ძალზე ცოტამ თუ იცის ვინ იყო იგი და რა ღვაწლი მიუძღვის. შიო ჩიტაძე – თბილისის გიმნაზიის დირექტორი, პედაგოგი და ფსიქოლოგი, დრამატული ბედის მოღვაწე, რომლის ცხოვრება ბევრ დღევანდელ კითხვაზე იძლევა პასუხს.... უფრო მეტს ამის შესახებ მარინა ვაშაყმაძის სიუჟეტიდან შეიტყობთ.

მარინა ვაშაყმაძე:
იაკობ მანსვეტაშვილის მოგონებიდან: ,,ყოველი წლის ბოლოს ფართო საზოგადოება ისმენდა ბანკის მუშაობის ანგარიშს. კრებებზე მძლავრი კამათი იმართებოდა... მეტად კარგად დამამახსოვრდა შიო ჩიტაძე, რომელიც მაშინ გიმნაზიის მოწაფე იყო. არ დამავიწყდება მისი აგზნებული, ცეცხლივით გაელვარებული თვალები, რომლებიც გაშმაგებით მიშტერებოდნენ ილიას”...

მეცხრამეტე საუკუნის მიწურული... საქართველოში ილიას დროა...

ოცდამეერთე საუკუნის მეშვიდე წელი ... თბილისი დუღს და გადადუღს... ამ დუღილის ნაწილი სკოლასაც ეხება... რეფორმაზე, ღირებულებებზე თუ ხელფასებზე ბჭობას... ჭადრაკის სასახლესთან მასწავლებლები იკრიბებიან...

სასწავლებლის დერეფნებში კი სტუდენტები დგანან.

შიო ჩიტაძის შესახებ თუ იციან რამე...

[ახალგაზრდების ხმები] ,,არა... არ გამიგია.., არც მე არ გამიგია... ასეთი სახელი და გვარი არ გამიგია...” (სტილი დაცულია)

და ეს ამბავი გასაკვირი სულაც არ არის.
შიო ჩიტაძე – პედაგოგი და მოღვაწე, თბილისის ქართული გიმნაზიის გამგე, მეფის პოლიციელების მიერ მოკლული და ამის გამო რევოლუციის გმირად შერაცხული. შემდეგ კი სწორედ ამ მიზეზით მივიწყებული.

მაინც რა ვიცით შიო ჩიტაძის შესახებ;

[ლაშა ბაქრაძის ხმა] ,,შიო ჩიტაძის შესახებ ვიცით, და ეს არის სხვადასხვა მოგონებებშიც, სოფრომ მგალიბლიშვილის იქნება თუ გიორგი ლასხიშვილის, ვიცით ის, რომ იყო იმ დროს ძალიან ცნობილი პედაგოგი”. (სტილი დაცულია) - ამბობს მწერალი ლაშა ბაქრაძე.

შიო ჩიტაძე გორში დაიბადა, 1873 წელს. სწავლობდა გორის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტში, შემდეგ კი კიევის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე.

კიევშივე დარჩა სამუშაოდ, რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა გიმნაზიაში... 1904 წელს ექვთიმე თაყაიშვილის რჩევით და ქართული საზოგადოების მოწვევით თბილისში ჩამოვიდა. შიო ჩიტაძე თბილისის ქართული გიმნაზიის მასწავლებელი გახდა, შემდეგ კი მისი ინსპექტორი ანუ გამგე.

[ლაშა ბაქრაძის ხმა] ,, მთავარი ის არის რომ აი ამ პედაგოგების განათლებული ფენა ქართული საზოგადოებისა იყო ეროვნული იდეით აღვსილი და ისინი ცდილობდნენ, რომ საქართველო ყოფილიყო თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს თანასწორი და მათ კარგად ესმოდათ, რომ საქართველო ჩამორჩენილია და ამისათვის ძალიან ბევრის გაკეთება იყო საჭირო”. (სტილი დაცულია) - ამბობს ლაშა ბაქრაძე

და შიო ჩიტაძემ ამ ,,ბევრის” კეთება დაიწყო. სრულიად ახალგაზრდა პედაგოგი ქართული სკოლის ნამდვილი რეფორმატორი გახდა.

[ლაშა ბაქრაძის ხმა] ,,ძალიან პროგრესული იდეები ჰქონდა... მოგეხსენებათ, მაშინ რუსიფიკაცია მიმდინარეობდა საქართველოში... აკრძალული იყო, ფაქტობრივად ქართული ენის სწავლება სკოლებში და ის იბრძოდა სწორედ ქართული ენის დასამკვიდრებლად.” (სტილი დაცულია)

ეს რეფორმატორული იდეები დევს მის ნაშრომში ,,თბილისის თავადაზნაურთა სკოლის რეორგანიზაცის პროექტი”.

და უბრალოდ საკვირველია, იმდენად თანამედროვეა საუკუნეზე მეტი ხნის წინათ გამოთქმული მისი იდეები, იმდენად ცოცხალი და მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი დღესაც.

ქართული ენის სწავლების პრობლემები, მეთოდიკა, საგნები, ბრძოლა სკოლის მმართველობის დემოკრატიული სისტემის შემოღებისთვის.

[დალი ჩიტაძის ხმა] ,,სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლა უნდა ყოფილიყო ქართულ ენაზე, პირველ რ

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG