Accessibility links

logo-print

კულტურული მიმოხილვა


23 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში

გაიმართება ღონისძიება, რომელმაც, წესით, თანამედროვე ქართულ კულტურაში ერთ უსამართლობას უნდა მოუღოს ბოლო: მუსიკის მოყვარულები დაესწრებიან კონცერტს, სახელწოდებით ”ალექსი მაჭავარიანის პრემიერები”, მოისმენენ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კომპოზიტორის, მილანის ”ბრანდენზეს” გალერეის ოქროს მედლის კავალერის, რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის იმ ნაწარმოებებს, რომლებიც არასდროს შესრულებულა საქართველოში - ნაწყვეტებს მაჭავარიანის ოპერიდან ”ჰამლეტი”, რომელიც 1967 წელს დაიწერა, და კომპოზიტორის მეშვიდე სიმფონიას, დავით აღმაშენებლისა და არსენ იბერის ტექსტებზე. კონცერტში ოპერის თეატრის სოლისტები და გუნდი მიიღებენ მონაწილეობას, ორკესტრს უდირიჟორებს ალექსი მაჭავარიანის ვაჟი - ვახტანგ მაჭავარიანი... სხვათა შორის, სიუიტა ოპერიდან ”ჰამლეტი” პირველად ვახტანგ მაჭავარიანმა 2002 წელს გერმანიაში ლიუბეკის სიმფონიურ ორკესტრთან შეასრულა. თამაზ მელივას ლიბრეტოს მიხედვით დაწერილი ამ ორმოქმედებიანი ოპერის დადგმას ჯერ კულტურის სამინისტრომ, 70-იან წლებში კი კომპარტიის ცეკამ შეუშალა ხელი. ბრალდება, რომელიც მაჭავარიანს წაუყენეს, იგივე იყო, რაც 40-50-იან წლებში, როცა კომპოზიტორი ფორმალიზმში დაადანაშაულეს: ატონალური მუსიკა, მელოდიის დეფიციტი. არადა, მუსიკის სპეციალისტები, რომლებიც ”ჰამლეტის” პარტიტურას გაეცნენ, ამტკიცებენ, რომ ამ უაღესად თანამედროვე, მუსიკალური ენის თვალსაზრისით საინტერესო ნაწარმოებებში, ალექსი მაჭავარიანი აგრძელებს ძიებებს, რომელიც მან თავის ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებში, ბალეტ ”ოტელოში”, დაიწყო.

[”ოტელო”]

ალექსი მაჭავარიანისა და ვახტანგ ჭაბუკიანის ”ოტელო”, რომლის პრემიერიდან სულ მალე 50 წელი გავა და რომლის შესახებ კიდევ ვისაუბრებთ რადიო ”თავისუფლების” ყოველკვირეულ პროგრამაში ”ოქროს საუკუნე”, საბჭოთა კავშირის ქალაქების გარდა, იაპონიაში, ფინეთში, რუმინეთში დაიდგა. ის ეგრეთ წოდებულ ”სიმფონიურ ბალეტს” მიეკუთვნება. ქორეოგრაფიის ისტორიაში იშვიათია ბალეტისა და მუსიკის ასეთი ჰარმონია, როცა საბალეტო სპექტაკლისთვის სპეციალურად დაწერილი მუსიკა აღიქმება არა როგორც ქორეოგრაფიის უბრალო აკომპანემენტი, ”დამატება”, არამედ როგორც სრულფასოვანი მუსიკალური ნაწარმოები.

[”ოტელო”]

საინტერესოა, რომ ალექსი მაჭავარიანის ბიოგრაფიაში, რომელიც ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაშია დაბეჭდილი, ძირითადი აქცენტი კეთდება კომპოზიტორის საბალეტო ნაწარმოებებზე, კინოსა და თეატრისთვის დაწერილ მუსიკაზე და, ფაქტობრივად, არაფერია ნათქვამი მისი სიმფონიების შესახებ. არადა, მაჭავარიანი 7 სიმფონიის ავტორია. პირველი სიმფონია, დაწერილი 1947 წელს, სწორედ ის ნაწარმოებია, რომლის გამოც მაჭავარიანი პროკოფიევსა, შოსტაკოვიჩსა და სხვა კომპოზიტორებთან ერთად ფორმალიზმში დაადანაშაულეს. 1972 წელს დაწერილი მეორე სიმფონია, რომელსაც მუსიკისმცოდნე ანტონ წულუკიძემ ”ფილოსოფიური სიმფონიზმის დასაწყისი” უწოდა, საფუძვლად დაედო ჟოზეფ რუსილიოს ბალეტს ”მეფე უნდა მოკვდეს”, რომელიც დიდი წარმატებით დაიდგა პარიზში. ბალეტის სათაური სიმბოლურია - ადამიანის სწრაფვა თავისუფლებისაკენ, წინააღმდეგობის გადალახვის უნარი ალექსი მაჭავარიანის სიმფონიების ძირითადი მოტივია. ამ თემას ეყრდნობა კომპოზიტორი თავის ყველაზე გრანდიოზულ ნაწარმოებში, მესამე სიმფონიაში, რომელიც უძრაობის ეპოქაში, 1983 წელსაა დაწერილი. იმხანად, როცა საბჭოთა სისტემა უკვე გახრწნას იწყებდა, მით უფრო მრავალმნიშვნელოვნად ჟღერდა მღელვარებითა და შფოთვით აღსავე მაჭავარიანის ეს მუსიკა.

[მაჭავარიანის მესამე სიმფონია]

სიმფონიური პოემა ”გელათი”, რომელიც სამშაბათს აჟღერდება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ალექსი მაჭავარიანმა 1989 წელს დაწერა. იმ დროს უკვე შეიძლებოდა სასულიერო ტექსტის ჩართვა მუსიკაში და ასეთი მუსიკის საჯარო შესრულებაც, მაგრამ საქართველოს იმხანად სიმფონიური მუსიკისთვის ნაკლებად ეცალა. მოხდა ისე, რომ ნაწარმოები აქამდე არასდროს შესრულებულა. ასეთივე ბედი ეწია ალექსი მაჭავარიანის იმ ნაწარმოებებს, რომლებიც კომპოზიტორის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 1995 წლამდე, დაიწერა - 1991 წელს დასრულებულ ორმოქმედებიან ოპერას ”მედეა”, 1992 წელს დაწერილ ბალეტს ”ფიროსმანი” და დავითის ფსალმუნების ტექსტზე შექმნილ ორატორიას, რომლის დასრულება კომპოზიტორმა ვერ მოასწრო. უნდა ვივარაუდოთ, რომ კონცერტი ”ალექსი მაჭავარიანის პრემიერები” მხოლოდ დასაწყისია ციკლისა, რომელიც უნდა გაგრძელდეს, რათა ქართველი მსმენელი, ბოლოს და ბოლოს, გაეცნოს მეოცე საუკუნის ეროვნულ მუსიკას, წლების მანძილზე რომ იდევნებოდა და იშვიათად სრულდებოდა.... და არა მარტო ალექსი მაჭავარიანის, სხვა კომპოზიტორების შემოქმედებასაც უნდა გაეცნოს.

[”ოტელო”]
XS
SM
MD
LG