Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიუჯეტის მესამე ცვლილებამ საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი სარეკორდო ნიშნულამდე გაზარდა


გასულ კვირაში ”ქართული მილიტარიზმი” ერთხელ მოექცა








ყურადღების ცენტრში. სამხედრო უწყება, რომელიც ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაზე მეტ სახსრებს მოიხმარს, ბიუჯეტის მორიგი ცვლილების შედეგად, დამატებით კიდევ 240 მილიონ ლარს მიიღებს. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ”ქართულ მილიტარიზმზე” საუბარი უსაფუძვლოა. დამატებითი თანხები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და გადაუდებელი პროექტების დაფინანსებაზე მიზნობრივად დაიხარჯება. თუმცა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, სამხედრო უწყების ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის გამჭვირვალობა სულ უფრო მეტ კითხვებს ბადებს. სამხედრო პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” მინდა სამჯერ გაზრდილი სამხედრო ბიუჯეტის პრიორიტეტებსა და შესაძლო რისკებზე გესაუბროთ.

საქართველოს სამხედრო უწყებამ საბიუჯეტო წელი სულ რაღაც 500 მილიონი ლარით დაიწყო, ხელისუფლების ხელგაშლილობის წყალობით კი, წელიწადს მილიარდ ხუთასი მილიონი ლარით ამთავრებს. დოლარისა და ლარის თანაფარდობას თუ გავითვალისწინებთ, საქართველოს სამხედრო ხარჯები თითქმის მილიარდ დოლარს მიუახლოვდა, რითაც საქართველო დაეწია ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანს, ხოლო სომხეთს სამჯერ გაუსწრო. თუმცა საქართველოს სამხრეთკავკასიელი მეზობლები 10 წლის განმავლობაში ისე იყვნენ ერთმანეთის ჯიბრზე გამალებულ შეიარაღებაში ჩაფლული, რომ საქართველო მათ თითქმის ორჯერ ჩამორჩება სამხედრო შეიარაღებისა და ცოცხალი ძალის მხრივ. ამიტომ არც სომხეთსა და არც აზერბაიჯანში საქართველოს ”ერთჯერადი მილიტარიზმი” არავითარ განსაკუთრებულ შეშფოთებას არ იწვევს. სამაგიეროდ, საქართველოს თავდაცვის ხარჯების ზრდა მოსვენებას უკარგავს თვითაღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საქართველო აგრესიისათვის ემზადება. მათ კვერს უკრავს რუსეთი, რომლის გენერალური შტაბის უფროსი იური ბალუევსკი კვარტალში ერთხელ დარწმუნებით აცხადებს, რომ საქართველო სულ მალე აამოქმედებს ცხინვალზე კონტროლის დამყარების სამხედრო გეგმას.
”ქართულ მილიტარიზმზე” შიშით საუბარს უსაფუძვლოს უწოდებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელმაც რადიო ”თავისუფლებასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში სამხედრო ხარჯების ზრდის აუცილებლობა შემდეგი გარემოებით ახსნა:

[დავით კეზერაშვილის ხმა] ”მაგრამ, ძირითადად, ამ თანხის დიდი ნაწილი მოხმარდება საქართველოს შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის განვითარებას; მოხმარდება ჯარისკაცებისა და ოფიცრების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სხვა აუცილებელი აღჭურვილობის შეძენას, რომელიც სჭირდება თანამედროვე არმიას. მე ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ საქართველო არის განსაკუთრებით მილიტარიზებული ქვეყანა და რაღაც განსაკუთრებული ხდება. ეს ყველაფერი არის, უბრალოდ, იმ ფონზე, რაც იყო სამი წლის წინ. მოგეხსენებათ, - დიდი ხანია ამ სფეროში ხართ, - სამი წლის წინ, როდესაც საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი იყო 50 მილიონი ლარი, რომელიც ვერც სრულდებოდა, ბუნებრივია, როდესაც 50-დან გახდა 200, დაიწერა, რომ გაოთხმაგდა. თუმცა ეს ორასიც არ იყო საკმარისი. ეს ტემპი შეჩერდება, იქიდან გამომდინარე, რომ რასაც ვიწყებთ, ვიწყებთ სწრაფად და ის უფრო ჩანს და შემდეგ სტაბილური ხდება. ეს არის და ეს. ანუ ჩვენ, უბრალოდ, ვაშენებთ ჯარს.”(სტილი დაცულია)

საქართველოს სამხედრო ხარჯების ზრდას ყველა შესწორების დროს მხარს უჭერდა საპარლამენტო ოპოზიცია, რომელსაც მუდმივად აქვს ერთი მოთხოვნა. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ უნდა წარმოადგინოს ისეთი სქემა საბიუჯეტო ხარჯვის, რომელიც გამორიცხავს სახელმწიფო ხარჯების არამიზნობრივ და უყაირათო ხარჯვას, - უთხრა რადიო ”თავისუფლებას” საპარლამენტო ფრაქცია ”მემარჯვენეების” წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ”ასე ვთქვათ, ეს უცვლელი პრეტენზიაა. რაც უფრო იზრდება და რაც უფრო მეტი არის თანხა, მით უფრო მეტია სურვილი ვიცოდეთ, რას უკავშირდება ეს ყველაფერი და ვიცოდეთ გაწერილი მუხლების მიხედვით. პარლამენტის ფუნქცია და თავდაცვის კომიტეტის ფუნქცია გახლავთ ის, რომ ყველა თეთრი ამ შემთხვევაში უნდა იყოს გატარებული გამადიდებელი ლუპის ქვეშ.”(სტილი დაცულია)

”გამადიდებელი შუშის ქვეშ” თავდაცვის ხარჯების შესწავლის პრეროგატივა აქამდე მხოლოდ პარლამენტში შექმნილ ”ნდობის ჯგუფს” ჰქონდა. მაგრამ ამ ”ნდობის ჯგუფის” სანდოობა თავად საქართველოს ხელისუფლებამ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის დროს შესყიდული დიდი რაოდენობის უვარგისი ტყვია-წამლის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერმა გიგი უგულავამ გაავრცელა. უგულავას ინფორმაციით, სამხედრო საწყობებში თურმე 5 მილიონი ერთეული უვარგისი ვაზნა ინახება. კიდევ უფრო სენსაციურად ჟღერდა საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ოქრუაშვილის თემაზე. მიხეილ სააკაშვილის თქმით, სამხედრო შესყიდვების შესახებ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მგრძნობიარე ინფორმაცია, რომლის არსებობა გამოეპარა ”ნდობის ჯგუფს”, სრულიად უმტკივნეულოდ გასულა საქართველოდან და, შესაძლოა, უკვე ხელთ ჰქონდეთ რუსეთის სპეცსამსახურებს:


[მიხეილ სააკაშვილი] “გაითვალისწინეთ, ხალხო, რომ საუბარი არის თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამმართველოს უფროსზე - ადამიანზე, რომელმაც იცის ყველა საიდუმლო ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს ყველა შესყიდვის შესახებ და ეს კაცი აღმოჩნდა პირდაპირ მოსკოვში. რაღად გვჭირდება დაზვერვა, როდესაც მთავარი ცენტრის მთავარი ინფორმაციის მფლობელი მიდის და ჩადის პირდაპირ “ეფ-ეს-ბე”-ში. როგორ უნდა მივსულიყავით იმ დონემდე, რომ თავდაცვის სამინისტროში ერთ–ერთი მთავარი პირი იყო კრიმინალური წრეებიდან მოსული ვიღაც ’ვოლკი’. ”


მიუხედავად იმისა, რომ თავად საქართველოს პრეზიდენტი იყო ინიციატორი, რომ ოქტომბრის ბოლოს კიდევ 224 მილიონი დამატებოდა სამხედრო ბიუჯეტს, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი ბრმად უკვე არც საპარლამენტო ”ნდობის ჯგუფს” ენდობა და აღარც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას. ამის თქმის საფუძველს იძლევა თავად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა. ერთ-ერთ ბოლო სამთავრობო სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აღდგება გენერალური ინსპექციის სტრუქტურა უშიშროების სამდივნოს აპარატში, რომელშიც თავს მოიყრის ყველა მგრძნობიარე ინფორმაცია ყველა სახის სამხედრო შესყიდვებზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG