Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰყავს თუ არა საქართველოს თვისებრივად ახალი ნაკრები


საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა გასულ

კვირაში ნავსი გატეხა და ევრო-2008-ის შესარჩევ ეტაპზე პირველად მოუგო რეიტინგით უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ გუნდს. მეტიც, ქართველმა ფეხბურთელებმა 17 ოქტომბერს ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე „ბე“ ჯგუფის ლიდერი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის (საფრანგეთის) ორგზის მძლეველი შოტლანდიის ნაკრები ორით ნული დაამარცხეს. ბევრისთვის მოულოდნელად, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კლაუს ტოპმიოლერმა შოტლანდიელი ფეხბურთელების წინააღმდეგ გამოუცდელ, 16-17 წლის ჭაბუკებსაც უხმო, თუმცა, როგორც თამაშის მსვლელობისას გაირკვა, ბრიტანელ ფეხბურთელებს ვერც მასპინძელთა გამოუცდელობამ უშველა და ვერც შოტლანლდიელ გულშემატკივართა 2500 კაციანმა ჯგუფმა. მინდა გესაუბროთ იმაზე, თუ რამ განაპირობა საქართველოს ნაკრების წარმატება და რა აზრის არიან 17 ოქტომბრის გამარჯვებაზე ფეხბურთის ქართველი სპეციალისტები და ქომაგები.

[ისმის შოტლანდიელ ქომაგთა სიმღერა]

აი, ასე ზეიმობდნენ შოტლანდიელი ქომაგები საკუთარი ნაკრების გამარჯვებას ნახევარი წლის წინ, როცა გლაზგოში ქართველი ჯვაროსნები, ერთბურთიანი სხვაობით, ორით-ერთი დაამარცხეს. ამ და მომდევნო მატჩებში მოპოვებული ქულების გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში ჩამოსულ ბრიტანელებს კვლავ წარმატების იმედი ჰქონდათ. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ეროვნულ სამოსში - კილტებში - გამოწყობილი ქომაგები, რომლებიც თამაშის დაწყებამდე ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებდნენ:

[შოტლანდიელი ქომაგის ხმა] „შოტლანდია - ორი, საქართველო - ნული.“

შეხვედრა მართლაც ასეთი ანგარიშით - ორით ნული - დასრულდა, ოღონდ, პროგნოზის საწინააღმდეგოდ, ქართველმა ფეხბურთელებმა ორი უპასუხო გოლის გატანა შეძლეს. მე-16 წუთზე ლევან მჭედლიძემ შოტლანდიელ მცველებს დაასწრო და კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კრეიგ გორდონის კარში შეაგდო, მეორე ტაიმში კი მარცხენა ფლანგიდან დაწყებული შეტევა ზუსტი დარტყმით დავით სირაძემ დაასრულა.

[ქართველი ქომაგების ხმა] „საქართველო! საქართველო!..”


ეროვნულ სტადიონზე მისულ 44 ათას ქომაგთან ერთად საქართველოს ნაკრებს ასევე გულშემატკივრობდა 17 წლის გიორგი ცირამუა, რომელსაც სტადიონიდან გამოყოლილი ემოცია ჯერაც არ განელებია.

[გიორგი ცირამუას ხმა] „ძალიან გამიხარდა. ჯერ ერთი, იმიტომ რომ სამი ჩვიდმეტი წლის ბიჭი თამაშობდა... მაგრა ვუგულშემატკივრე და მაგარი სიამოვნებაც მივიღე თამაშის ყურებიდან... მაგრა იბძოდნენ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოახერხეს გამარჯვება, ეს, ჩემი აზრით, იმის დამსახურებაა, რომ ახალი ძალა შემოიყვანეს და არავის არ აქვს ნაკრებში ადგილი გარანტირებული. ყველა იბრძვის ნაკრებში მოსახვედრად და ამის გამო ასი პროცენტით იხარჯებიან. გარდა ამისა, ყველა ასრულებდა იმ დავალებას, რაც მწვრთნელმა მისცა.“(სტილი დაცულია)

გიორგი ცირამუა, ვისაც მე ეროვნული სტადიონის მახლობლად გამოველაპარაკე, თავადაც თამაშობს ფეხბურთს. იგი კმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ შოტლანდიასთან მატჩში თავი მისმა თანატოლებმა გამოიჩინეს. ეს ფაქტი შეუმჩნეველი არც სხვა გულშემატკივრებს დარჩენიათ.

[მამაკაცის ხმა] „ძალიან მაგარი თამაში იყო! უფრო იმას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ პატარებმა ითამაშეს და პატარებმა მოიგეს. ყენიამ, მჭედლიძემ, მეკარე მაკარიძემ... ალბათ, პატარები უფრო კარგად თამაშობენ, ვიდრე დიდები.“

[მამაკაცის ხმა] „ესე იგი, შეგვიძლია თამაში, არა?! თუ ვიბრძვით და ბოლომდე ვიხარჯებით, შეგვიძლია ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან ტოლ-სწორად თამაში. შოტლანდიასთან გასვლაზე რომ წავაგეთ, შემთხვევის ამბავია. არ იყო ის წასაგები მატჩი, ისევე როგორც უკრაინასთან. ერთი სიტყვით, ჩანს ის პოტენციალი, რომლის წყალობითაც ქართული ფეხბურთი, დღეს თუ ხვალ, ფეხზე დადგება.“

დადგება თუ არა ქართული ფეხბურთი ფეხზე და არსებობს თუ არა ოპტიმიზმის საფუძველი? შოტლანდიასთან გამარჯვების შემდეგ ეს კითხვები, გულშემატკივრების გარდა, ფეხბურთის სპეციალისტებმაც დასვეს. გაზეთ „მსოფლიოს სპორტის“ კორესპონდენტი ლაშა თაბაგარი ქართულ ფეხბურთზე ათი წელია წერს. მისი თქმით, საქართველოს ნაკრებს მსგავსი გამონათება ადრეც ჰქონია.

[ლაშა თაბაგარის ხმა] „გავიხსენოთ იგივე ბულგარეთთან გამარჯვება, იტალიასთან ფრე, რუსეთთან და უელსთან გამარჯვება... ასეთი გამონათება იყო, როცა მოვუგეთ შოტლანდიას ნამდვილად დამსახურებულად. დიდი მიღწევების იმედი არ უნდა გვქონდეს მანამდე, ვიდრე ჩემპიონატის დონე არ აიწევს. ნაკრების და ჩემპიონატის დონე ერთმანეთის პირდაპირპროპორციულია. ვერ დამისახელებთ ქვეყანას, რომელსაც აქვს სუსტი ჩემპიონატი და ჰყავს ძლიერი ნაკრები და დიდ მიზნებს აღწევს.“

ლაშა თაბაგარი ამბობს, რომ, ცალკეული ნიჭიერი ფეხბურთელების გამოჩენის მიუხედავად, ქართული ფეხბურთის მესვეურებს დამშვიდების საბაბი არა აქვთ:

[ლაშა თაბაგარის ხმა] „იმ დღეს, შოტლანდიას რომ მოვუგეთ, საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა ყაზახეთში წააგო ოთხით ერთი. ქართული ფეხბურთის ხვალინდელმა დღემ, ანუ პირველი ნაკრების ცვლამ, წააგო ოთხით ერთი!“

ამის მიუხედავად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მიიჩნევენ, რომ ქართული ფეხბურთი აღმავლობის გზას ადგას. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის გოგი ქავთარაძის თქმით, შოტლანდიასთან გამართულმა შეხვედრამ აჩვენა, რომ საქართველოს თვისებრივად სხვა ნაკრები ჰყავს:

[გოგი ქავთარაძის ხმა] „არ აქვს მნიშვნელობა, ვინ 17 წლის არის, ვინ - 25-ის და ვინ - 30-ის. ეს არის მართლა ახალი გუნდის არათუ ჩანასახი, არამედ შემდგარი ფაქტი.“

სწორედ ამ ახალ გუნდში მოხვედრის იმედი აქვს 17 წლის გიორგი ცირამუასაც, რომლის ოცნება დიდი ფეხბურთის თამაშია:

[გიორგი ცირამუას ხმა] „ვთამაშობ. ჯერ სპორტულ სკოლა „სპორდილერში“ ვარ. უგუნდოდ ვემზადები, ვვარჯიშობ თავდაუზოგავად და რა გამოვა, დრო დაგვანახვებს. ეროვნულ ნაკრებში თამაშის იმედი რომ არ მქონდეს, არც ვივარჯიშებდი.“

ცხადია, იმედი რომ არ ჰქონდეთ, არც ქართველი გულშემატკივრები ივლიდნენ სტადიონზე. შოტლანდიასთან გამარჯვების შემდეგ გულმოცემული ქომაგები საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამჯერად უკვე 21 ნოემბერს ლიტვის ნაკრებთან დაპირისპირებისას გაამხნევებენ, ერთი წლის თავზე კი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი დაიწყება, თუმცა გამარჯვებით გამხნევებულ ქართველ ფეხბურთელებსა და მათ ქომაგებს, ალბათ, ამის შეხსენება არ სჭირდებათ.

[ისმის ქართველ ქომაგთა ჰიმნი] „გვაქვს ერთი დროშა და ერთი ნება. ერთად ვხვდებით გამარჯვებას. ჩვენ ერთი გუნდი ვართ! ჩვენ ერთი გუნდი ვართ! სა-ქართ-ვე-ლო! სა-ქართ-ვე-ლო!“







  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG