Accessibility links

ყირგიზეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა


ყირგიზეთის პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას პარლამენტის დაშლის თაობაზე. კვირას გამართულ საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე

ყირგიზეთის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების შეტანას, რომლებიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას აფართოებს. ცენტრალური საარჩვნო კომისიის მონაცემებით, ცვლილებებს მიემხრო რეფერენდუმის მონაწილეთა 75 პროცენტზე მეტი და მხოლოდ ოთხი პროცენტი იყო ცვლილებების განხორციელების წინააღმდეგი.

ახალი კონსტიტუციის მიღება უკავშირდება იმედს, რომ ყირგიზეთში მოხერხდება პოლიტიკური სტაბილურობის აღდგენა. 2005 წლის მოვლენების შემდეგ, რასაც ხშირად "ტიტების რევოლუციად" მოიხსენიებენ, ყირგიზეთმა რამდენიმე სამთავრობო კრიზისი გადაიტანა. მაგრამ ექსპერტებს უჭირთ იმის წინასწარმეტყველება, ახალი კონსტიტუცია დღევანდელზე მეტად დემოკრატიული მმართველობის საფუძვლად იქცევა თუ მხოლოდ გაუფართოვებს უფლებამოსილებას პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევს. აშკარა მხოლოდ ის არის, რომ ბაკიევი დროს არ კარგავს. ორშაბათს, რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებიდან სულ რამდენიმე საათის შემდეგ, მან ტელეეთერით მიმართა თანამემამულეებს:

[ყურმანბეკ ბაკიევის ხმა]: "მივიღე გადაწყვეტილება, დავითხოვო პარლამენტის ამჟამინდელი შემადგენლობა. გულახდილად ვიტყვი: დათხოვნილ პარლამენტს იოლი ცხოვრება არ ჰქონია. თქვენ გახსოვთ, რომ არჩევნებისშემდგომ პირველივე დღეებში მისი არსებობა ეჭვქვეშ დადგა. ბევრი ითხოვდა, დაშლილიყო მრავალრიცხოვანი, უხეში დარღვევებით არჩეული პარლამენტი. მაგრამ ჩვენ ამაზე არ წავედით, გვესმოდა რა, რომ რაც უნდა ყოფილიყო, ეს დეპუტატები ხალხმა აირჩია, მათ ნდობა გამოუცხადა ათასობით ამომრჩეველმა."

აწ უკვე დათხოვნილი პარლამენტის სპიკერი მარატ სულთანოვი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს დაშლით ბაკიევმა იმის გაკეთება მოასწრო, რის უფლებასაც მას ახალი კონსტიტუცია აღარ მისცემდა. თავად პრეზიდენტმა კანონმდებელთა დათხოვნის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად ის დაასახელა, რომ პარლამენტი - მისი თქმით - ქვეყნის მართვასთან დაკავშირებული საკითხების ნაცვლად, სხვა საქმეებით იყო დაკავებული.

დეპუტატთა ერთი ნაწილი არ იზიარებს პრეზიდენტის ამ მოსაზრებას. მეტიც, თუ ზოგიერთ მათგანს დავუჯერებთ, ყურმანბეკ ბაკიევის გადაწყვეტილება უკანონოც კია.

[აზიმბეკ ბეკნაზაროვის ხმა]: "ბრძანებულება პარლამენტის დათხოვნის შესახებ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ის უკანონოა. მაგრამ პრეზიდენტ ბაკიევის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება უთუოდ მიიღებს სამართლებრივ მხარდაჭერას, როგორც ერთხელ უკვე აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ყოფილმა სპიკერმა ტეკებაევმა. მიუხედავად ამისა, რაკი ბრძანებულება ხელმოწერილია, ჩვენ სხვა არჩევანი აღარ გვაქვს: უნდა დავიშალოთ."

ეს არის ნაწყვეტი ინტერვიუდან, რომელიც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აზიმბეკ ბეკნაზაროვმა მისცა რადიო "თავისუფლების" ყირგიზულ სამსახურს.

ასეა თუ ისე, ყირგიზეთის ამ მოწვევის პარლამენტი 22 ოქტომბერს უკანასკნელად შეიკრიბა. ვიდრე თავიანთ ბოლო სხდომას დახურავდნენ, დეპუტატებმა ყირგიზეთის სახელმწიფო ჰიმნი მოისმინეს. ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, ვადამდელი არჩევნები პარლამენტის დათხოვნიდან 60 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.
XS
SM
MD
LG