Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა სიახლეებია მოსალოდნელი პოლონეთში ვადამდელი არჩევნების შემდეგ?


კვირას, პოლონეთში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში წარმატება მოიპოვა ოპოზიციურმა მოძრაობამ სახელწოდებით "სამოქალაქო პლატფორმა",

რომელსაც დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობს. ბოლო მონაცემებით, "სამოქალაქო პლატფორმას" მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 41-მა პროცენტმა. ძმების, იაროსლავ და ლეხ კაჩინსკების მმართველმა პარტიამ - "სამართალი და სამართლიანობა" - ხმების 32 პროცენტი მოაგროვა, ხოლო ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ალექსანდრ კვაშნევსკის "მემარცხენეთა და დემოკრატთა" ბლოკმა - 13 პროცენტი. რა სიახლეებია მოსალოდნელი პოლონეთში ვადამდელი არჩევნების შემდეგ?

მთავარი, რასაც მიმომხილველები ერთხმად აღნიშნავენ, ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობაა. საარჩევნო უბნებზე კვირას ხმის უფლების მქონე პოლონელთა 55 პროცენტი მივიდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 18 წლის მანძილზე. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ოფიციალურ შედეგებს სამშაბათისთვის ელიან, მმართველმა პარტიამ მარცხი უკვე აღიარა.

[იაროსლავ კაჩინსკის ხმა]: "ჩვენ მნიშვნელოვანწილად შევცვალეთ პოლონეთი, მაგრამ შუა გზაზე გაგვაჩეერს. კაცმა რომ თქვას, ჩვენ თვითონ გავჩერდით. ჩვენ დღესაც ხელისუფლებაში ვიქნებოდით, საკუთარი პრინციპებისთვის რომ გვეღალატა. ეს იოლი იქნებოდა, იქნებ ოდესმე აღვწერო კიდეც ეს ყველაფერი. მაგრამ ჩვენ წესი არ დავარღვიეთ და არც ვნანობთ ამას, რადგან კაცი თავის პრინციპებს არასოდეს უნდა ღალატობდეს."

ეს პარტია "სამართლისა და სამართლიანობის" თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი იაროსლავ კაჩინსკი გახლდათ. მისი და მისი ტყუპისცალის, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მთავარმა მეტოქემ, მოძრაობა "სამოქალაქო პლატფორმის" ლიდერმა დონალდ ტუსკმა პოლონელ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.

[დონალდ ტუსკის ხმა]: "მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც 21 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე გამოცხადდა იმისთვის, რათა საკუთარი თავისთვის უკეთესი ხვედრი აერჩია. მრავალი კვირის მანძილზე ჩვენ ვცდილობდით, დაგვერწმუნებინა პოლონელები, რომ პოლონეთში ცხოვრება მართლაც შეიძლება უკეთესი იყოს, რომ პოლონელები დიახაც იმსახურებენ პატიოსან და კარგ მთავრობას, იმსახურებენ უკეთეს ცხოვრებას."

"სამოქალაქო პლატფორმა" მემარჯვენე-ცენტრისტული ორიენტაციის პოლიტიკური ორგანიზაციაა. 460-ადგილიან პარლამენტში, სეიმში უმრავლესობის მოსაპოვებლად მას პარტნიორი დასჭირდება. მიმომხილველთა ვარაუდით, ასეთ პარტნიორად შეიძლება იქცეს პოლონეთის გლეხთა პარტია, რომელმაც - წინასწარი მონაცემებით - ხმების ათი პროცენტი მოაგროვა.

რა ცვლილებებს მოიტანს პოლონეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ძალაუფლების ახლებური განაწილება? პოლიტიკის კვლევის დამოუკიდებელი ცენტრის, ვარშავის "სტეფან ბატორის ფონდის" გამგებობის წევრის, ალექსანდრ სმოლარის აზრით, ვადამდელი არჩევნების შედეგები გავლენას მოახდენს როგორც პოლონეთის პოლიტიკის შინაარსზე, ისე მის გარეგნულ სტილზე. სმოლარი იმედოვნებს, რომ შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები შედარებით ჩაცხრება და ცივილიზებულ სახეს მიიღებს; ნაკლები იქნება აგრესია, კინკლაობა და ურთიერთშეურაცხყოფა, რაც იაროსლავ კაჩინსკის მთავრობისთვის დამახასიათებელი იყო.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქ პოლონელი ექსპერტი რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელის.

[ალექსანდრ სმოლარის ხმა]: "ამ სფეროში ცვლილებებზე საუბარი ძნელია. ეჭვგარეშეა, რომ გაუმჯობესდება სტილი: ნაკლები იქნება აგრესია, უკეთესი გახდება ურთიერთობა უცხოელ ლიდერებთან, მაგრამ, ამავე დროს, რაც შეეხება შინაარსს, მაგალითად ევროპის კავშირისადმი დამოკიდებულებას, ძნელი სათქმელია, გავხდებით თუ არა პოლიტიკის შეცვლის მოწმენი."

და მაინც, ალექსანდრ სმოლარი ვარაუდობს, რომ პოლონეთი კვლავაც განაგრძობს ევროპის კავშირის წინაშე ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებული პრეტენზიების გამოთქმას. დაბოლოს, სმოლარის თქმით, დონალდ ტუსკის "სამოქალაქო პლატფორმა" გერმანიასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას შეეცდება.
XS
SM
MD
LG