Accessibility links

logo-print

ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის შანსი ძალაში რჩება


გაერთიანებული ოპოზიციის მიერ აფიშირებულ 2 ნოემბრის






მასობრივ საპროტესტო აქციამდე სულ უფრო მცირე დრო რჩება. ოპოზიციის წარმომადგენლებმა შესაბამისი განაცხადი თბილისის მერიაში ორშაბათს შეიტანეს. თუმცა საქართველოს ხელისუფლება არ ჩქარობს ოპონენტებთან ფართო დიალოგის დაწყებას, რის აუცილებლობასაც სიტყვიერად ორივე მხარე აცნობიერებს. რა არის ამის მიზეზი?

დღის პირველ ნახევარში ოპოზიციური საბჭოს წარმომადგენლებმა წერილობით აცნობეს თბილისის მერიას, რომ 2 ნოემბრის საპროტესტო მიტინგის დროს, შესაძლოა, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეწყდეს. და ისე, რომ არ დალოდებიან პასუხს, რამდენიმე ათეული მანქანისაგან შემდგარი კოლონით სახელმწიფო კანცელარიისაკენ დაიძრნენ. გაერთიანებულმა ოპოზიციამ ამ ფორმით გამოხატა მხარდაჭერა ოთხი ახალგაზრდა აქტივისტისადმი, რომლებიც პოლიციამ ერთი კვირის წინ სწორედ გზის გადაკეტვის მცდელობისთვის დააპატიმრა. თუმცა პრეზიდენტის სახელმწიფო კანცელარიიდან ოპოზიციის წარმომადგენლებთან შესახვედრად არავინ გასულა. საქართველოს პრეზიდენტიც დღემდე არ გამოხმაურებია ოპოზიციის სურვილს, შეხვდეს და დაიწყოს მასთან პოლიტიკური დიალოგი. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, ”კონსერვატორმა” კახა კუკავამ, რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ოპოზიცია პრეზიდენტთან არა ულტიმატუმის ენით, არამედ კონსტრუქციულ საუბარს აპირებს ქევყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად:

[კახა კუკავას ხმა] ”ოპოზიცია საკითხს უდგება პასუხისმგებლობით. ამ შემთხვევაში მე არ ვიქნები ტენდენციური და ვიტყვი, რომ როდესაც ჩვენ, 10 პარტიის წარმომადგენელი, ვისხედით და მოთხოვნებს ვაყალიბებდით, მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩიხში არ მოგვექცია და მისთვის დაგვეტოვებინა ღირსეული გამოსავალი. და ეს ღირსეული გამოსავალი მისთვის დატოვებულია. ის 2009 წლის იანვრამდე მოქმედებს, როგორც პრეზიდენტი, და მას აქვს შესაძლებლობა ითანამშრომლოს ახლად არჩეულ პარლამენტთან როგორც მთავრობის ფორმირების საკითხში, ისე კონსტიტუციური რეფორმისა და სხვა საკითხებში.”(სტილი დაცულია)

ოპოზიციური გაერთიანება ”სახალხო მოძრაობა” გამოდის მოთხოვნით, 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაიწყოს საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლის პროცესი. პოლიტიკურ საკითხებზე ოპოზიციასთან დიალოგის დაწყებას მისაღებად მიიჩნევენ საქართველოს პრეზიდენტის მომხრეები, თუმცა, მათი აზრით, ოპოზიცია პრეზიდენტს სწორედ ულტიმატუმს უყენებს. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის თავმჯდომარე მაია ნადირაძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ მას ყოველ ორშაბათს აქვს შეხვედრა პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენელ დეპუტატებთან, რომლებიც კონსტრუქციულობას და ეთიკური ნორმების დაცვას მხოლოდ ხელისუფლებისგან მოითხოვენ:

[მაია ნადირაძის ხმა] ”ყველა საკითხი შეიძლება იყოს განხილული, თუკი ამას არ ექნება ულტიმატუმის ენა და ეს იქნება, უბრალოდ, მოწესრიგებული ადამიანების ზრდილობიანი ფორმით რაღაც კონკრეტულ თემაზე საკითხის გადაწყვეტა. მაგრამ ის, რომ, თუ ამას არ გააკეთებს პრეზიდენტი, მაშინ ნახავს, თუ რაც მოხდება. ნუ, ასეთ ფორმაში [შეუძლებელია]. მაგრამ მე ხომ არ ვღებულობ ასეთ გადაწყვეტილებას. გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვიცი.”(სტილი დაცულია)

2 ნოემბრის საპროტესტო აქციას თბილისში პოლიტიკური კრიზისის კულმინაციად არ აღიქვამს საქართველოს მმართველი უმრავლესობა. ამავე აზრს იზიარებს ექსპერტთა ერთი ნაწილიც. ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” თბილისის ოფისის დირექტორი, პოლიტოლოგი დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ საპროტესტო აქცია დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილია, ხოლო ულტიმატუმის ენით საუბრისგან თავი ხელისუფლებამაც უნდა შეიკავოს და ოპოზიციამაც:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] ”შეიძლება კიდეც გაგრძელდეს მიტინგები. ესეც ნორმალურ, დასაშვებ ფორმად მიმაჩნია საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრებისათვის. თითონ ამ პროცესში ვინ ვის შეხვდება და რაზე მოილაპარაკებენ, ესეც პოლიტიკური პროცესია. მე რომ მკითხო, სავსებით მისაღებად მიმაჩნია პოლიტიკურ ძალებს შორის შეხვედრა. ახლა ვინ რა ფორმატით და როდის უნდა შეხვდეს ერთმანეთს, ეს შესათანხმებელია მხარეებს შორის და აქ ულტიმატუმების ენით არც ერთმა მხარემ არ უნდა ისაუბროს.”

საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მხარს უჭერს 7 პროცენტიანი ბარიერის 5 პროცენტამდე დაწევას. სახელისუფლებო კულუარებში საუბრობენ კიდევ რამდენიმე ახალ ნაბიჯზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების თავიდან არიდების მიზნით, ამ დღეებში გადადგამს. თუმცა ოპოზიცია, რომელიც რეგიონებში საკუთარ მომხრეთა რიგების დათვალიერებას განაგრძობს, მიიჩნევს, რომ ამისთვის საქართველოს პრეზიდენტს ძალიან მცირე დრო რჩება.

XS
SM
MD
LG