Accessibility links

logo-print

დეპუტატი მერაბ ხურციძე პარლამენტში და ახალ ოპოზიციურ ფრაქციაში რჩება


საქართველოს პარლამენტის ახალი ოპოზიციური ფრაქცია „

ჩვენი საქართველო“ მუშაობას დეპუტატთა მინიმალური რაოდენობით, 10 წევრით, იწყებს, თუმცა იმედოვნებს, რომ მისი რიგები უახლოეს ხანში კიდევ გაიზრდება. ფრაქციის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი აგრარული სფეროს გადარჩენაა. მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება და პარლამენტს წარედგინება ფრაქციის სამნაწილიანი კონცეფცია, რომელშიც აგრარული სფეროს სტრატეგია და პრიორიტეტებია ჩამოყალიბებული. მანამდე კი ფრაქციაში ფორმალურად ამოწურულად მიიჩნევენ ინციდენტს, რომელიც მის ერთ–ერთ წევრზე, დეპუტატ მერაბ ხურციძეზე, მმართველი პარტიის ზეწოლას შეეხებოდა.

[ვიქტორ ჯაფარიძის ხმა]“ მე ვთვლი, რომ ამ ინციდენტზე არ უნდა გავაგრძელოთ საუბარი. არ გვჭირდება კონფლიქტები. პირიქით, იქნებ კონსტრუქციაზე ვილაპარაკოთ, არ გავხსნათ ფრჩხილები. შეიძლება მოხდა, შეიძლება არ მოხდა, მაგრამ მე ვთვლი, რომ აღარ უნდა განვავრცოთ ეს კონფლიქტი, რამეთუ ადამიანი რჩება ისევ თავის ფრაქციაში და მე ისევ ვთვლი, რომ ისევ ვისაუბროთ კონსტრუქციაზე და არ გვინდა კონფლიქტი, არ გვინდა კონფლიქტი.”(სტილი დაცულია)

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის დარად ფიქრობენ საქართველოს პარლამენტის ახალი ფრაქციის სხვა წევრებიც, მათ შორის, დეპუტატი მერაბ ხურციძე, რომელიც 19 ოქტომბერს ფრაქციის პრეზენტაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არ ესწრებოდა - იგი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. თუმცა მასმედიისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრში ავადმყოფობის გამო როდი მოხვდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უმრავლესობიდან ახალ ოპოზიციურ ფრაქციაში გადასვლის გამო მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა. დეპუტატთან არავის უშვებდნენ და პარლამენტიდან წასვლას აიძულებდნენ. მერაბ ხურციძე დღეს, ერთი მხრივ, უარყოფს მასზე რაიმე სახის ზეწოლას, მეორე მხრივ კი, არ გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, პარლამენტის დატოვების განცხადებას, ავადმყოფობის გამო, გაუაზრებლად, მართლაც, მოაწერა ხელი:

[მერაბ ხურციძის ხმა]“ არ ვიცი მე. არავისგან ზეწოლა არ ყოფილა. ზეწოლა იყო გულისგან. შემომიტია და მოვხვდი საავადმყოფოში. ნებისმიერ საავადმყოფოს აქვს თავისი შინაგანაწესი. მნახველების შესვლის საათები არის ყველა საავადმყოფოში განსაზღვრული და, მით უმეტეს, მე, როგორც მოგახსენეთ, ვიწექი რეანიმაციაში და, არა მგონია, გინდაც სხვა საავადმყოფოში, რეანიმაციაში ვინმეს უშვებდნენ.“(სტილი დაცულია)

დეპუტატ მერაბ ხურციძის პარლამენტიდან წასვლის შესახებ განცხადება საპროცედურო საკითხთა კომიტეტში 22 ოქტომბერს დილით შევიდა. კომიტეტის თავმჯდომარის, ხათუნა გოგორიშვილის, განმარტებით, განცხადება 20 ოქტომბრითაა დათარიღებული და მასში დეპუტატი, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს. განცხადებას თანდართული აქვს დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის ცნობა, რეკომენდაციით, შეეზღუდოს ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი ამბობს:

[ხათუნა გოგორიშვილის ხმა]“ განცხადება შემოვიდა ჩვეულებრივად დადგენილი წესით, ფოსტით, კურიერით. მე ვერაფერს გეტყვით, მისი დაწერილია თუ არა. ამას გავიგებთ, როდესაც ბატონი მერაბი მობრძანდება ჩვენი კომიტეტის სხდომაზე და მოგვცემს განმარტებებს.“

როგორც ხათუნა გოგორიშვილი ბრძანებს, პარლამენტის რეგლამენტით, მერაბ ხურციძემ, თუ იგი პარლამენტის დატოვებას არ აპირებს, 7 დღის ვადაში საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ამის მაუწყებელი განცხადებითაც უნდა მიმართოს. მომხდარის ცალსახა შეფასებისგან თავს იკავებს საპარლამენტო უმრავლესობა.

[ვახტანგ ბალავაძის ხმა]“ გაირკვევა ყველაფერი, კომიტეტზე მივა და იტყვის. საეჭვო ის არის, რომ როგორ არ უნდა გახსოვდეს, დაწერე თუ არა განცხადება. უმრავლესობას მასზე არანაირი ზეწოლა არ მოუხდენია.”(სტილი დაცულია)


ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვახტანგ ბალავაძე. ახალი ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე ვალერი გელბახიანი კი მერაბ ხურციძეს გამბედაობას უქებს და შენიშნავს, რომ იგი არ აჰყვა იმ პროვოკაციას, რომელსაც მის წინააღმდეგ ჰქონდა ადგილი და სიმშვიდე შეინარჩუნა:

[ვალერი გელბახიანის ხმა]“ საზოგადოებამაც მოისმინოს, რომ არ გვინდა არავითარი პირადი კონფლიქტები არავისთან. გვინდა, რომ უფრო მეტი შედეგი მოუტანოს თანამშრომლობამ ქვეყანას და ამ პარლამენტსაც, სხვათა შორის. და ამიტომ არ ვაკეთებთ მწვავე განცხადებებს მერაბ ხურციძესა და სხვებთან დაკავშირებით, თუმცა გვაქვს ამის საფუძველი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ნუ იყენებენ აკრძალულ მეთოდებს.”





XS
SM
MD
LG