Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ლორთქიფანიძე - 80


19 ოქტომბერს საქართველოს სახალხო არტისტს,

რუსთაველისა და მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატს, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარეს გიგა ლორთქიფანიძეს 80 წელი შეუსრულდა. ასზე მეტი სპექტაკლის, 4 ფილმის - მათ შორის, მრავალსერიანი ”დათა თუთაშხიას” - ავტორი, ასაკის მიუხედავად, აქტიურად აგრძელებს მუშაობას თეატრში და მომავალ კინოპროექტებზე ფიქრობს. რა შეიძლება იყოს გიგა ლორთქიფანიძის ამოუწურავი შემოქმედებითი ენერგიის საიდუმლო?

[გიგა ლორთქიფანიძის ხმა] ”თქვენ ნუ გეჩქარებათ ეს თავმჯდომარეობა, სული ნუ გისწრებთ. ჩემი ცხოვრებით დავიმსახურე, რომ არ მომაყენოთ შეურაცხყოფა, ტკივილი.”

აი, ასეთ ჩანაწერს გადავეყარეთ რადიო ”თავისუფლების” კულტურული მიმოხილვის არქივში: გიგა ლორთქიფანიძეს ხანგრძლივი დისკუსიისა და, შეიძლება ითქვას, შეხლა-შემოხლის შემდეგ, თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარედ ირჩევენ. საგულისხმოა, რომ ეს მას შემდეგ მოხდება, როცა ლორთქიფანიძეს ახალგაზრდა თაობა დაუჭერს მხარს... ემოციური გამოსვლა კი დამახასიათებელია ქართველი რეჟისორისთვის. იგი არასდროს ამბობს უარს საჯარო დისკუსიაში მონაწილეობაზე, არ გაურბის მწვავე თემებს და, თავისი თაობის ბევრი ხელოვანისგან განსხვავებით, სიტყვას ბანზე არ აგდებს, როცა კომპრომისებზე იწყება მსჯელობა - დღესაც დარწმუნებულია, მაგალითად, რომ გეორგიევსკის ტრაქტატმა საქართველო გადაარჩინა, ამიტომ არ ნანობს თავის დროზე ”წიგნი ფიცისა” რომ გადაიღო. თუმცა ”ჩემი ცხოვრებით ის კი დავიმსახურე, რომ შეურაცხყოფა არ მომაყენოთო”, ეს რომ თქვა, გიგა ლორთქიფანიძე, ალბათ, ”წიგნი ფიცისას” და ზოგიერთ არცთუ ისე წარმატებულ მხატვრულ ფილმს გულისხმობდა... გიგა ლორთქიფანიძე წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მარჯანიშვილის თეატრს. მანამდე კი, სრულიად ახალგაზრდამ, ამავე თეატრში დადგმული გოლდონის ”სასტუმროს დიასახლისით”, თეატრალური სამყარო ქართული თეატრის ენის შეცვლაზე აალაპარაკა. მერე იყო ”მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” - გამორჩეული, იმ დროისთვის წარმოუდგენელი, სცენების სიმრავლით, სურათების მუდმივი მონაცვლეობით, უწყვეტი რიტმით და, რა თქმა უნდა, გენიალური მსახიობებით, რომელთაც გიგა ლორთქიფანიძე ყოველთვის ენდობოდა და ყოველთვის აძლევდა იმპროვიზაციის საშუალებას.

[”მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”. ნაწვეტი სპექტაკლიდან - აუდიოკასეტა]

ტკივილი და ვნებათაღელვა გიგა ლორთქიფანიძეს არც 60-იან წლებში აკლდა. 1967 წელს მარჯანიშვილის თეატრს გამოეყო მრავალი ნიჭიერი ახალგაზრდა, რომლებმაც გიგა ლორთქიფანიძესთან ერთად რუსთავში თეატრალური კულტურის დიდი კერა შექმნეს. აქ დადგმულმა პირველივე სპექტაკლებმა - ”სირანო დე ბერჟერაკი” და ”ასი წლის შემდეგ” - სახელგანთქმული გახადა რუსთავის თეატრი: ხალხი ყოველ საღამოს თბილისიდან რუსთავში მიდიოდა, რადგან ახალი, ექსპერიმენტული თეატრი იმხანად სწორედ იქ ეგულებოდა.


[გიგა ლორთქიფანიძის ხმა] ”ქალაქის სახეს, პირველ რიგში, თეატრი წარმოადგენს. ქალაქი პანივეჟისი არავის არ ჰქონდა გაგებული ლიტვაში და ყველამ გაიგო ამ ქალაქის არსებობა თეატრის დაარსების შემდეგ. ტრაბახად ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ რუსთავიც ასე გაიგეს...როცა იქ თეატრი დავაარსე. თეატრი ქალაქის სახეა. ქალაქში როცა ჩამოდის კაცი, კითხულობს, თეატრი არის აქო? წამიყვანეთ თეატრში.”(სტილი დაცულია)

ამას გიგა ლორთქიფანიძე ახლა ამბობს, როცა, მისი აზრით, ხელისუფლება მნიშვნელოვან ყურადღებას არ უთმობს თეატრის განვითარებას. რუსთავში კი არა, დღეს თბილისშიც უჭირს თეატრალურ ხელოვნებას... მაგრამ გიგა ლორთქიფანიძე ისევ იბრძვის და ისევ მუშაობს. თაობები იცვლება, მაგრამ მისი ნამუშევრების პოპულარობას არაფერი ემუქრება. რამდენიმე წლის წინ კინოკავშირის მიერ მოწყობილი გამოკითხვის შედეგები გამოცხადდა - მაყურებელმა გიგა ლორთქიფანიძის მრავალსერიანი სატელევიზიო ფილმი ”დათა თუთაშხია” ყველაზე წარმატებულ ფილმად აღიარა ქართული კინოს ისტორიაში.

[სიმღერა ფილმიდან ”დათა თუთაშხია]

”დათა თუთაშხიას” წარმატება, ცხადია, მხოლოდ რომანმა არ განაპირობა. კინოს, მათ შორის, ქართული კინოს ისტორიას წარუმატებელი ეკრანიზაციის არაერთი მაგალითი ახსოვს. მაგრამ როდესაც მწერალი და რეჟისორი თანამოაზრეები არიან, როცა მსგავსია მათი დამოკიდებულება სამყაროსადმი, ადამიანისადმი - წარმატებას, როგორც წესი, ხელს არაფერი უშლის. ”დათა თუთაშხია” სხვა მხრივაც მნიშვნელოვანი ფილმია - რომ არა ეს სატელევიზიო სერიალი, საბჭოთა მაყურებელს შეიძლება არასდროს წაეკითხა ქართველი მწერლის რომანი... ფილმის პრემიერის შემდეგ ”დათა თუთაშხია” საბჭოთა რესპუბლიკების თითქმის ყველა ენაზე ითარგმნა. როგორც პოეტმა ლია სტურუამ ჭაბუა ამირეჯიბის საღამოზე აღნიშნა, ასეთი წარმატება მოსალოდნელი იყო - რომანიც და ფილმიც ხომ ზოგადსაკაცობრიო იდეალებს ამკვიდრებს:


[ლია სტურუას ხმა] ”მრწამსის მატარებელია დათა თუთაშხია, მაგრამ იგი ცოცხალი ადამიანია. მასთან შეგიძლია არ დამალო არაფერი და ეს ყველაფერი გმირს ადამიანად აქცევს - ჩვენ უნდა დავძლიოთ დეჰეროიზაცია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ცხოვრებაში მთავარი პოეზიაა... ხომ ვიცით, რომ დათა თუთაშხიასნაირი ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ გვინდა დავიჯეროთ, რომ არსებობენ... არ მეგულება ადამიანი, რომელიც ”დათა თუთაშხიას” წაიკითხავს და არ დარწმუნდება სიკეთის უპირატესობაში ბოღმასა და ინტრიგებზე.”

გიგა ლორთქიფანიძე ამ უპირატესობას აღიარებს. მის თაობას დღეს ძალიან რთულ პერიოდში უხდება ცხოვრება - პრაგმატიზმი ნელ-ნელა იპყრობს ჩვენს ცხოვრებას და, არცთუ იშვიათად, ცინიზმში გადადის. ხელოვანი, რომელმაც შემოქმედებით წარმატებებს საბჭოთა ეპოქაში მიაღწია, რომელიც საბჭოთა პრემიებით იყო დაჯილდოებული, ახალ ვითარებას ადვილად არ ნებდება. ეს ახალი ვითარება, ახალი ცხოვრება მას წინააღმდეგობას უწევს, მაგრამ ხალხი გიგა ლორთქიფანიძის ფილმს ”დათა თუთაშხია” ისევ საუკეთესოდ მიიჩნევს ქართული კინოს ისტორიაში.





  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG