Accessibility links

logo-print

მთავრობა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2007 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე შეთანხმდნენ


საქართველოს მთავრობა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2007 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე შეთანხმდნენ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 350 მილიონი ლარით გაიზრდება. რას მოხმარდება გაზრდილი ბიუჯეტი და რატომ აკრიტიკებს ოპოზიცია მთავრობის ინიციატივას?

ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა წარუდგინა. ნიკა გილაურის თქმით, 350 მილიონი ლარის დამატებით, 2007 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ხუთ-ნახევარ მილიარდამდე გაიზრდება. მინისტრის თქმით, ნამატ თანხას შემდეგი სამინისტროები გაინაწილებენ:

[ნიკა გილაურის ხმა] ”ეს არის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - 6 ათასი ლარი, რომელიც მოხმარდება ციხეების მშენებლობასა და რემონტს; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - 224 მლნ ლარი; საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნება იზრდება 28 მილიონი ლარით და ეს არის სწორედ ის ფქვილის დარიგების პროგრამა, რომელიც სოციალური პაკეტის ნაწილს წარმოადგენს; ხოლო შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნება იზრდება 92 მილიონი ლარით, საიდანაც 72 მილიონი ლარი არის ასევე სოციალური პაკეტის, ელექტროენერგიისა და გაზის ვაუჩერების, ნაწილი, ხოლო 20 მილიონი არის სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება.“ (სტილი დაცულია)

ნიკა გილაურმა კომიტეტის სხდომაზე 2008 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზეც ილაპარაკა, თუმცა, ამის მიუხედავად, ოპონენტებმა ყველაზე მეტი შეკითხვა ფინანსთა მინისტრს სწორედ მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით დაუსვეს. იწონებს თუ არა ფრაქცია „მემარჯვენე ოპოზიცია“ მთავრობის მიერ მომზადებულ ცვლილებებს? ამ შეკითხვას დეპუტატი დავით საგანელიძე ასე უპასუხებს:

[დავით საგანელიძის ხმა] „ზოგადად, პრიორიტეტი არ ჩანს! ამ შემთხვევაში ის ერთჯერადი დახმარებები, რისთვისაც გამოყოფილია ეს თანხა, ცხადია, კარგია და საჭიროა, მაგრამ იმდენად ალოგიკურია და იმდენად პარტიულ პროპაგანდას უფრო ჰგავს ბიუჯეტის ხარჯვა, ვიდრე იმ კონცეფციას, რასაც რეალურად ბიუჯეტი და ხარჯვის სწორი მენეჯმენტი ჰქვია. ამიტომ ძნელია ასეთ ცვლილებას მხარი დაუჭირო.“ (სტილი დაცულია)

მემარჯვენეების მსგავსად, მთავრობის ინიციატივას არც არასაპარლამენტო ოპოზიცია იწონებს. „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ვაუჩერების დარიგება საპროტესტო გამოსვლების შემდეგ გადაწყვიტა:

[კობა დავითაშვილის ხმა] „ხელისუფლებას მხოლოდ მაშინ ახსენდება, ხალხს რომ დენისა და პურის ფული არ აქვს, როცა 20 ათასი კაცი გამოდის ქუჩაში. მანამდე არ ახსოვს. ახლა ცდილობს 50 ლარით, სამშობლოს გაყიდვიდან წილში ჩასმით მოისყიდოს ხალხი.“ (სტილი დაცულია)

ამ არგუმენტების გარდა, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დაუგეგმავი გაზრდა ეკონომიკური მოსაზრებითაც არ არის გამართლებული. ფრაქცია ”მრეწველების” ლიდერის ზურაბ ტყემალაძის კომენტარი:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] „რა თქმა უნდა, გამოიწვევს ინფლაციას, მით უმეტეს, როცა ლომის წილი მიდის თავდაცვის სამინისტროში და არ ვიცით ადგილზე უნდა დაიხარჯოს თუ იმპორტზე.“ (სტილი დაცულია)

ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ყველაფერი წინასწარაა გათვლილი და ინფლაციის მკვეთრი მატება მოსალოდნელი არ არის. უნდა ითქვას, რომ შეშფოთების საბაბს არც სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის გრიგოლ ფანცულაიას მიერ მოტანილი შემდეგი მონაცემები იძლევა:

[გრიგოლ ფანცულაიას ხმა] „ინფლაციის მაჩვენებელმა, წლის დასაწყისიდან სექტემბრის ჩათვლით, შეადგინა 6,2 პროცენტი, რაც ნორმალური მაჩვენებელია და ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებულად დიდია - რეალურად ასახავს არსებულ მდგომარეობას.“ (სტილი დაცულია)

სტატისტიკის დეპარტამენტის ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდით ქვეყნის ეკონომიკას საფრთხე არ ემუქრება. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერსა და სიფნანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრს, ვახტანგ ბალავაძეს, ოპოზიციის ლოგიკა აკვირვებს:

[ვახტანგ ბალავაძის ხმა] „მათ საუბარში ლოგიკას ვერ ვხედავ. როცა ამბობენ, რომ პენსია უნდა იყოს საარსებო მინიმუმის ტოლი, ანუ 150 ლარი, მაშინ ინფლაცია აღარ ახსოვთ? თუ მთავრობა კარგს აკეთებს, ეს მათთვის მიუღებელია, იმიტომ რომ ეს მთავრობის რეიტინგზე იმუშავებს. ამ კუთხით მიდგომაა ცუდი. ხელისუფლების ოპონირებას კი არ ახდენენ, არამედ უწევთ საკუთარი ხალხის ოპონირება.“

ვახტანგ ბალავაძის თქმით, როგორიც უნდა იყოს ოპოზიციის დამოკიდებულება, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები ბიუჯეტში მაინც შევა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დადებითი დასკვნის შემდეგ დეპუტატები ცვლილებას მიმდინარე კვირის ბოლოს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.
XS
SM
MD
LG