Accessibility links

logo-print

თურქეთი და ერაყი ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ ერთიანდებიან


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საგანგებოდ ჩავიდა ერაყში, რათა ხელისუფლება ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების აუცილებლობაში დაარწმუნოს.

ვითარება სიმწვავის ახალ ფაზაში შევიდა გასულ შაბათ-კვირას, მას შემდეგ, რაც ქურთისტანის მუშათა პარტიის მეამბოხეებმა თურქეთის საზღვარი დაარღვიეს და 12 თურქი სამხედრო მოკლეს. მხარეები საკითხის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას ცდილობენ, თუმცა მოსალოდნელია სამხედრო ჩარევა და ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრ ალი ბაბაჯანთან შეხვედრის შემდეგ, ერაყელმა კოლეგამ ჰოშიარ ზებარიმ გარკვევით თქვა, რომ ბაღდადი არასოდეს დაუშვებს რომელიმე გარეშე ძალამ გააფუჭოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა:

[ჰოშიარ ზებარის ხმა] "უფლებას არ მივცემთ არც ერთ პარტიასა თუ დაჯგუფებას - მათ შორის, არც ქურთისტანის მუშათა პარტიას - ორმხრივი ურთიერთობა მოგვიწამლოს. მე დავარწმუნე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ ერაყის მთავრობა აქტიურ დახმარებას გაუწევს თურქეთს ამ ბოროტებასთან ბრძოლაში."

დაპირისპირება ერაყში მცხოვრებ ქურთებსა და მეზობელ თურქებს შორის უკვე რამდენიმე ათეული წელია გრძელდება. ქურთისტანის მშრომელთა პარტიის მთავარი მიზანია ქურთებმა შექმნან დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთისა და ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიებზე უნდა გადაიჭიმოს. თუკი საკითხი დიპლომატიურ რესურსებს ამოწურავს და ვერ გადაიჭრება, ანკარა ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას განახორციელებს, რასთან დაკავშირებული დოკუმენტიც თურქეთის პარლამენტმა გასულ კვირაში უკვე მიიღო. ჩნდება შიში, რომ, ქურთების ავტონომიურ რეგიონში თურქეთის შეჭრის შემთხვევაში, საფრთხე ერაყის დანარჩენი ნაწილის უსაფრთხოებასაც დაემუქრება. მით უმეტეს, რომ დღეისათვის სწორედ ეს რეგიონი ითვლება ერთ-ერთ შედარებით ყველაზე სტაბილურ რეგიონად ერაყის ტერიტორიაზე.

პარალელურად, თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოანი ლონდონში შეხვდა ბრიტანელ კოლეგას. გორდონ ბრაუნმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბრიტანეთი იზიარებს თურქეთის შეშფოთებას ქურთისტანის მუშათა პარტიასთან დაკავშირებით.

ერდოანმა კი განაცხადა, რომ თურქეთი უსასრულოდ ვერ დაელოდება ერაყის მთავრობას, როდის იმოქმედებს ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ. თურქეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ თუკი სამხედრო ჩარევა გახდა საჭირო, ანკარა სიფრთხილეს გამოიჩენს:

[რეჯეპ ტაიპ ერდოანის ხმა] "მანდატი, რომელიც თურქეთის მთავრობამ მიიღო ჩრდილოეთ ერაყში ოპერაციის ჩასატარებლად, მიმართული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქურთისტანის მუშათა პარტიისკენ, რადგან ჩვენ მუდამ მხარში ვედექით ერაყელ ხალხს - ასე იყო წარსულში და, ეჭვი არ მეპარება, მომავალშიც განვაგრძობთ მათ მხარდაჭერას. ასე რომ, სულაც არ ვაპირებთ ერაყის ტერიტორიული მთლიანობის ან მისი პოლიტიკური ერთიანობის ხელყოფას."

ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს ნატოს ქვეყანას, თურქეთს, თავი შეიკავოს სამხედრო ოპერაციებისგან ერაყის ტერიტორიაზე.

სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ არის მიმართული აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის მოწოდებაც, რომელიც მან ორშაბათს გაახმიანა. რაისმა თქვა, რომ ამერიკა მზად არის იმუშაოს მოკავშირეებთან როგორც თურქეთში, ასევე – ერაყში, რათა ქვეყნებმა ერთობლივი ძალებით შეძლონ ჩრდილოეთ ერაყში აღმოცენებულ ტერორიზმსა და შექმნილ მძიმე სიტუაციასთან გამკლავება. სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ საერთო ენის გამონახვას ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა და სათანადო კოორდინაცია ესაჭიროება. ამერიკა კი ამისთვის მზად არის.

ქურთისტანის მუშათა პარტიას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ევროკავშირი.
XS
SM
MD
LG