Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ ლუკაშენკოს განცხადებების შემდეგ ბელორუსიასა და ისრაელს შორის ურთიერთობა დაიძაბა


ისრაელსა და ბელორუსიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დაიძაბა მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ "საღორეს" შეადარა საცხოვრებელი პირობები

ქალაქ ბობრუისკში, რომელიც ერთ დროს ებრაელების ცენტრი იყო. სწორედ ამიტომ ლუკაშენკოს კომენტარი ისრაელის ხელისუფლებამ და ებრაულმა ორგანიზაციებმა ქვეყანაში ანტისემიტიზმის გამოვლინებად აღიქვეს. რა არის ეს? ლუკაშენკოს უხეში შეცდომა თუ ბელორუსიის საზოგადოებაში ახალი ანტისემიტური ტენდენციის არსებობის დასტური?

შეხვედრისას, რომელიც 12 ოქტომბერს ბელორუსიის სახელმწიფო რადიოს პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქალაქ ბობრუისკში ებრაელებისთვის დამახასიათებელი უწესრიგობა იყო გაბატონებული და რომ ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, როგორც "საღორეში". ლუკაშენკო ამაზე არ შეჩერებულა, შემდეგ მან ისრაელიც ახსენა იმისთვის, რომ "ცხოველების სადგომთან" გაიგივებულ ბობრუისკთან ერთგვარი პარალელი გაევლო:

(ლუკაშენკოს ხმა...)

როგორც დარწმუნდით, ბელორუსიის პრეზიდენტმა თქვა, რომ მას წყენა არავისი სურდა... თუმცა ამან მაინცდამაინც ვერ მოახერხა თავისი კომენტარის ძირითადი აქცენტის შემსუბუქება და არათუ მხოლოდ აწყენინა, არამედ ბევრი გააბრაზა კიდეც. ისრაელის ელჩმა ბელორუსიაში ზივ ბენ-არიმ რადიო “თავისუფლებას” უთხრა, რომ ლუკაშენკო ძველ და მეტად შეურაცხმყოფელ სტერეოტიპს შეეხო:

(ბენ-არის ხმა) "პასუხმა, რომელიც უშუალოდ ებრაელებს შეეხება – ბობრუისკელსა თუ ისრაელელს – ვფიქრობ, არ შეიძლება გაოცება და შეშფოთება არ გამოიწვიოს. პასუხი შეიცავდა იმ მითის გამოძახილს, რომელიც, ჩემი ვარაუდით, დიდი ხნის დამარხული და გამქრალი იყო, ყოველ შემთხვევაში – განათლებული კაცობრიობაში... ეს მითი ებრაელებს ახასიათებს როგორც უსუფთაო და ბინძურ ადამიანებს, რომლებსაც ცუდი სუნი უდით. ეს უდავოდ ანტისემიტური მითია."

ლუკაშენკოს გამოსვლამ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრიც შეაშფოთა. ლივნი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ კი არ უნდა წაახალისოს ანტისემიტიზმი, არამედ უნდა "ებრძოლოს მას მსოფლიოში ყველგან, სადაც კი ის მახინჯი თავის წამოყოფას შეეცდება". პროტესტის ნიშნად, ისრაელი აპირებდა ბელორუსიიდან ელჩიც კი გაეწვია, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა. ეს კი პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ არჩევანი ურთიერთობის განმუხტვაზე შეჩერდა, მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რენე ვან დერ ლინდენი, გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშის მოხდასაც ითხოვდა.

რადიო “თავისუფლების” ბელორუსული სამსახურის პოლიტიკური კომენტატორი ვალერი კარბალევიჩი იხსენებს, რომ ლუკაშენკოს ებრაელების მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები სხვა დროსაც გაუკეთებია - მაგალითად, მაშინ, როცა ბელორუსიის პრეზიდენტმა უსინდისო ოლიგარქები ებრაელებს შეადარა.

მეორე მსოფლიო ომამდე ბელორუსიაში მილიონი ებრაელი ცხოვრობდა, მაშინ როცა რესპუბლიკის მთელი მოსახლეობა 10 მილიონს შეადგენდა. ნაცისტების ოკუპაციის ხანაში დაახლოებით 800 ათასი ებრაელი მოკლეს. ქალაქები, რომელთა რიცხვში ბობრუისკიც შედის, გეტოდ თუ მასობრივ სასაფლაოდ იქცა.

სახელმწიფოს სტატისტიკის მიხედვით, ბელორუსიაში ებრაელთა საზოგადოება ამჟამად დიდი აღარ არის. ის დაახლოებით 28 ათას ადამიანს ითვლის. ბელორუსიის ელჩი ისრაელში იჰარ ლიაშჩენია მიიჩნევს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს კომენტარი ანტისემიტურ განცხადებად არ უნდა ჩაითვალოს, რადგანაც ბელორუსიის პრეზიდენტს ებრალების მიმართ პატივისცემა და კეთილი განწყობა აქვს. ის ამბობს, რომ ბელორუსია და ანტისემიტიზმი ერთმანეთთან შეუთავსებელი ცნებებია.

ამას ადასტურებს კანადელი ისტორიკოსი ფრანკლინ სუორცი, რომელიც ბელორუსიაში 10 წლის მანძილზე ცხოვრობდა:

(სუორცის ხმა) "ჩემი აზრით, ბელორუსიაში, მის მეზობელ ქვეყნებთან – ლიტვასთან, ლატვიასთან, ესტონეთთან, უკრაინასთან, რუსეთსა და განსაკუთრებით პოლონეთთან შედარებით, ძალიან, ძალიან მცირეა და, მე ვიტყოდი, ყოველდღიურობაში პრაქტიკულად არც შეიმჩნევა ანტისემიტური განწყობა... თუკი ჩემი ცხოვრების გამოცდილებას გადავხედავთ კვებეკში - კანადაში - ანდა, სულ ბოლოს, დიდ ბრიტანეთში, შემიძლია ვთქვა, რომ ბელორუსია ებრაელისთვის საკმაოდ კარგი ადგილია საცხოვრებლად. საბჭოთა კავშირის დროს აქაც იყო გარკვეული მასშტაბის ინსტიტუციური ანტისემიტიზმი, მაგრამ ახლა ამის კვალს ვეღარ ვპოულობ."'

ერთი სიტყვით, ჯერჯერობით ბევრისთვის ისევ გაუგებრად რჩება რის თქმა სურდა ბელორუსიის პრეზიდენტს, როდესაც ებრაელების ქალაქი "საღორეს" შეადარა. იმ ფაქტით, რომ ლუკაშენკოს კომენტარი ქვეყნის არც ერთ მედიასაშუალებას აღარ გაუმეორებია, ბევრს იმის იმედს აძლევს, რომ პრეზიდენტს შეურაცხმყოფელი განცხადება მხოლოდ წამოსცდა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG