Accessibility links

logo-print

რობერტ გეიტსის ნატოში საქართველოს გაწევრიანებასა და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობას შორის კავშირს ვერ ხედავს


ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტად მყოფმა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა,

რომ ნატოში საქართველოს გაწვერიანების საკითხზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქონიოს გავლენა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობამ.

გეიტსის ვიზიტის მთავარი თემა იყო ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა, რომლის განთავებასაც აპირებს შეერთებული შტატები ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში. სხვათა შორის, გეიტსის თქმით, ვაშინგტონმა მოსკოვს ამ საკითხში თანამშრომლობა შესთავაზა.

რობერტს გეიტსის თქმით, ვაშინგტონი ჯერ კიდევ განიხილავს რუსეთს თავის სტრატეგიულ პარტნიორად და ჯერ არ დაუკარგავს იმედი, რომ იქ დემოკრატია ძალას მოიკრებს.

ეს განცხადება მან სამშაბათს გააკეთა პრაღაში, ჩვენი რადიოსთვის მოცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში:
"მე ვფიქრობ, ჩვენი მიდგომა ისეთი უნდა იყოს, რომ რუსეთი სტრატეგულ პარტნიორად განვიხილოთ, სანამ საპირისპიროში დავრწმუნდებოდეთ. ბევრი იყო რეტორიკა, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულ მოქმედებებს, ჯერჯერობით რუსებს არ მიუღიათ შეუქცევადი გადაწყვეტლებები."

პრაღაში გეიტსის ოფიციალური ვიზიტის მთავარი თემა იყო შეერთებული შტატების გეგმა, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა განალაგოს ჩეხეთსა და პოლონეთში. მოსკოვი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ გეგმას და მას რუსეთისთვის საფრთხედ მიიჩნევს.

ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ მირეკ ტოპოლანეკთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გეიტსმა თქვა, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა ანტისარაკეტო სისტემის აქტივაციის გადადებაზე იფიქროს და დაელოდოს ირანის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის რეალური საფრთხის დამადასტურებელ კონკრეტულ საბუთებს.

გეიტსმა უკუაგდო გავრცელებული აზრი, რომ ირანის, კოსოვოს, ანტისარაკეტო თავდაცვისა და სხვა საკითხებზე ამერიკასა და რუსეთს შორის აზრთა სხვადასხვაობამ ახალ ცივ ომამდე შეიძლება მიგვიყვანოს. მისი თქმით, დღევანდელი უთანხმოების შედარებაც კი არ შეიძლება იმ დაპირისპირებასთან, რასაც ადგილი ჰქონდა შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის.

"ჩემის აზრით, რეალობა ისე გამოიყურება, რომ არის სფეროები, სადაც შეგვიძლია თანამშრომლობა და სადაც ვთანამშრომლობთ. არ არსებობს რაიმე სახის გლობალური მეტოქეობა ანდა გლობალური კონფლიქტი, როგორიც იყო წინათ და რომლის დროსაც ხალხი შეშფოთებული იყო, რომ ერთმანეთზე რაკეტები გვქონდა დამიზნებული. ჩემის აზრით, ეს სრულიად სხვა სამყაროა და, როგორც უკვე ვთქვი მიუნხენის კონფერენციაზე თებერვალში, არავის არ სურს ახალი ცივი ომი და, ვფიქრობ, არც რუსებს სურთ," განაცხადა გეიტსმა.

ჩვენს რადიოსთან საუბარში რობერტ გეიტსმა აღნიშნა, რომ მთელი რიგი საკითხები, რომელთაც კრემლი ეწინააღმდეგება, მათ შორის ნატოში გაწევრიანებისკენ საქართველოს სწრაფვა, ისე უნდა გადაწყდეს, რომ არ უნდა იქნეს დაკავშირებული რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებთან. მისი სიტყვებით, ვაშინგტონი "არ აპირებს იმის დაშვებას", რომ საქართველოს სურვილი, გაწევრიანდეს ნატოში, ვაჭრობის საგნად იქცეს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებში:
"არა მგონია, სწორი იყოს ამ საკითხისა და რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის ერთმანეთთან დაკავშირება. ყოველ ცალკეულ მოვლენას ჩვენ ცალკე საზომით შევაფასებთ. ნატოში საქართველოსა თუ სხვა ქვეყნების გაწევრიანების შანსებს უნდა ვაფასებდეთ სრულიად დამოუკიდებლად; არ შეიძლება მათი მიბმა სხვა საკითხებთან. ეს შეცდომა იქნებოდა. ნამდვილად არ ვაპირებთ, ნატოში საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი ვაჭრობის საგნად გაქციოთ."

ამ კონტექსტში გეიტსმა ისაუბრა აგრეთვე უკრაინის შესახებ და თქვა, რომ ნატოში მისი გაწევრიანება არ არის მოსალოდნელი ახლო მომავალში, თუკი გავითვალისწინებთ ქვეყანაში კონსენსუსის დეფიციტს ამ საკითხთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG