Accessibility links

რატომ იწუნებენ წიაღისეულისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ახალ სტრატეგიას?


საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მკვეთრად შეცვალა ტყეებისა და ბუნებრივი წიაღისეულის გამოყენების სტრატეგია.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სამინისტრო, წიაღით სარგებლობის გრძელვადიანი ლიცენზიების პარალელურად, 20 წლიანი იჯარით დაცული ტერიტორიების მიღმა დარჩენილ ტყეებსაც გასცემს. მთავრობაში აცხადებენ, რომ, სიახლის შედეგად, საქართველოს წიაღისეული და ბუნებრივი რესურსები ეროვნული ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება, ხოლო სწორი მართვით მკვეთრად გაუმჯობესდება ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ხელისუფლების ამგვარ ოპტიმიზმს ყველა როდი იზიარებს. ვის და რატომ არ მოსწონს წიაღისეულისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ახალი სტრატეგია?

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის ათას ხუთასზე მეტი საბადოა აღრიცხული, თუმცა, როგორც ირკვევა, მათი დიდი ნაწილი ან უმოქმედოა, ანდა არ იძლევა მოგებას. ვითარების შესაცვლელად სამინისტრომ მიმდინარე წლის დასაწყისში აუქციონი გამოაცხადა.

[სარეკლამო რგოლი] „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო გთავაზობთ 14 ყველაზე მსხვილი საბადოს პრეზენტაციას. დააბანდეთ წიაღისეულში. ლუხუმის დარიშხანი - მრეწველობის ექვსი სხვადასხვა სფეროსთვის...“

ლუხუმის დარიშხნის გარდა, პირველ ეტაპზე გასაყიდად მექვანის კალციტი, ქართული ცეოლიტი და ბაბაკაირის კირქვისა და საცემენტე თიხის საბადოც გამოიტანეს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი დავით ჩანტლაძე აუქციონის შედეგით კმაყოფილია:

[დავით ჩანტლაძის ხმა] „თუ გადავხედავთ მონაცემებს თანხობრივად, პირველი ეტაპი იყო საკმაოდ წარმატებული. თოთხმეტიდან ოთხი ობიექტი გაიყიდა. ამ ინვესტირების შედეგად, ბიუჯეტში შევიდა რამდენიმე მილიონი.“

დავით ჩანტლაძის თქმით, პროგრამის პირველ ეტაპზე გაიყიდა უწერის საბადოდან მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიაც.

[ისმის წყლის ხმა]

დავით ჩანტლაძე ამბობს, რომ კომპანიამ „ახალი სამშენებლო ტექნოლოგიები“ ლიცენზიაში 11 ათასი დოლარი გადაიხადა. მინისტრის თქმით, კონკურსის პირობების გათვალისწინებით, თანხა მცირე არ არის. ამ მოსაზრებას იზიარებს ონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით საგანელიძეც:

[დავით საგანელიძის ხმა] „იქ არის კრიტიკულ სიტუაციაში თვითონ ეს ჭაბურღილები. ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წყაროსთან გადასასვლელი ხიდია ასაშენებელი. ეს წყარო, ფაქტობრივად, დაკარგულია, თუ რიონზე ხიდი არ გაიდება. ეს სამუშაოები დაახლოებით მილიონ-ნახევრად შეფასდა. ამიტომ, ლიცენზიის გაძვირების ნაცვლად, ეს მილიონ-ნახევარი ვალდებულებაში ჩავუდეთ.“

დავით საგანელიძის თქმით, საბადოს რეაბილიტაციისა და მინერალური წყლის ჩამოსხმისათვის აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას ორწლიანი ვადა მიეცა. შედარებით ნაკლებ დროს ითვალისწინებს მდინარეთა აუზებში ინერტული მასალის, ანუ ქვიშა-ხრეშის მოპოვების, ლიცენზიები, რომელსაც სამინისტრო წლის დასაწყისიდან სისტემატურად გასცემს, თუმცა, როგორც საქართველოს „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე აცხადებს, არასწორია თავად წიაღით სარგებლობის სტრატეგია, რომელიც მთავრობას აქვს არჩეული:

[გიორგი გაჩეჩილაძის ხმა] „თვითონ პროცესი არის საშინელი, რადგანაც, ფაქტობრივად, ერთჯერადი მოგების მიზნით იყიდება ყველაფერი. ბუნებრივი რესურსის ლიცენზირებას წინ უნდა უძღოდეს გარემოსდაცვითი ექსპერტიზა. ესენი კი დღევანდელი დღით ცხოვრობენ. დღეს უნდა ამოიღონ ფული და ხვალ რა იქნება არ აინტერესებთ.“

გიორგი გაჩეჩილაძის მსგავსად, წიაღისეულისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სტრატეგიას აკრიტიკებს საპარლამენტო ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძეც:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] „წიაღისეულს სჭირდება გაფრთხილება, წიაღისეული მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული. პირველ რიგში, არ უნდა მოხდეს ტყის გასხვისება და გრძელვადიანი, 49-წლიანი, იჯარით გაცემა, რადგანაც განიავდება ეს სიმდიდრე და ტყის გაჩეხა იწვევს მთელ ეკოლოგიურ კატაკლიზმებსა და უბედურებებს.“

თუმცა, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უკვე დაიწყო ტყით გრძელვადიანი სარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური 20-წლიანი ლიცენზიების გაცემა. რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს კი ეკოლოგიურზე მეტად სოციალური პრობლემები აწუხებთ. საქმე ის არის, რომ მთელ რიგ რაიონებში დაიგვიანა ტყეში შესვლისა და შეშის მოპოვების ნებართვების გაცემამ. ქალბატონი ჟუჟუნა, რომელიც თელავის რაიონის სოფელ იყალთოში ცხოვრობს, იძულებულია ან გადამყიდველებს მიმართოს, ანდა გასათბობი შეშა საკუთარ ბაღში მოიძიოს.

[ქალბატონ ჟუჟუნას ხმა] „საჭირო ნებართვების დარიგებას ახლა იწყებენ. არადა, ტყეში შესვლა უკვე ახლაც კი გვიანია. ხალხს ძალიან გაუჭირდება.“

ქალბატონ ჟუჟუნასა და რაიონებში მცხოვრები ადამიანების დაწყნარებას ცდილობს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. დავით ჩანტლაძის თქმით, მოქალაქეებს შეშფოთების საბაბი არა აქვთ:

[დავით ჩანტლაძის ხმა] „შეშა არ გაძვირდება. მოსაკრებელი არის იგივე. მოვუწოდებთ, რომ პანიკას არ მიეცნენ. შეშა არის სამყოფი, ტემპი მაღალია და ყველას შეხვდება შეშა.“

შეშა შეიძლება, მართლაც, ეყოს ყველას, მაგრამ, როგორც ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ქეთი გუჯარაიძე ამბობს, ამით ვერ გადაწყდება ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორიცაა გარემოს დაცვის, ეკონომიკური ინტერესისა და ადამიანის უფლებების ურთიერთმიმართება.

[ქეთი გუჯარაიძის ხმა] „ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების გამო არ უნდა შეილახოს ადამიანების უფლება იცხოვროს ჯანსაღ, სუფთა გარემოში. უნდა მოხდეს ამის ბალანსირება.“

გარემოსდამცველი ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას სწორედ ამ პრობლემით დაინტერესებასა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სტრატეგიაში შესაბამისი ფაქტორების გათვალისწინებას სთავაზობენ.
XS
SM
MD
LG