Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას ეკონომიკის მონოპოლიზაციისგან გათავისუფლებას ავალებს


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტისგან ახალი დავალება მიიღო: საქართველოს ეკონომიკა მონოპოლისტი კომპანიებისგან უნდა გათავისუფლდეს.

ამის თაობაზე მიხეილ სააკაშვილმა მითითებები პრემიერ-მინისტრსა და მინისტრებს აღმასრულებელი ხელისუფლების სხდომაზე მისცა. დაახლოებით 20 წუთიანი გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილი, ძირითადად, საპრეზიდენტო სუბსიდიების მიმდინარეობითა და პირველადი მოხმარების საგნებსა და პროდუქციაზე ფასების ზრდის მიზეზებით დაინტერესდა. მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას უმნიშვნელოვანეს ამოცანად ეკონომიკის დივერსიფიკაცია დაუსახა.

მთავრობის სხდომა მიხეილ სააკაშვილმა შენიშვნებით გახსნა. პირველი შენიშვნა ფართო საზოგადოებისათვის უცნობმა ახალგაზრდა სახელმწიფო მოხელემ მიიღო რომელიღაც წიგნის მცირე ტირაჟით გამოცემის გამო. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ჯერ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისაგან მოისმინა მოხსენება საპრეზიდენტო სუბსიდიების დარიგების პროცესის მიმდინარეობის შესახებ, იქვე კი მინისტრ დავით ტყეშელაშვილს მიუთითა დაადგინოს პენსიონერთა რეალური ციფრი. შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბოლო პერიოდში პირველადი მოხმარების საგნებსა და პროდუქციაზე ფასების მკვეთრი ზრდის მიზეზებზე ისაუბრა და ამ ტენდენციის ძირითად მიზეზად საგარეო ფაქტორები დაასახელა. თუმცა მოულოდნელად სიტყვა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვლმა მოითხოვა და საქართველოში ფასთწარმოქმნის პროცესის ერთი თავისებურების შესახებ ისაუბრა:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] ”ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო მარილთან დაკავშირებით. საოცრად გაზრდილი იყო ფასები მარილზე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენს სამინისტროში არსებული მატერიალური რეზერვებიდან გამოვყავით დაახლოებით 800 ტონა მარილი, რომელიც ახლა მასობრივად იყიდება რაიონებში. მარილის ფასი მკვეთრად, 2-3 ჯერ, იყო გაზრდილი და ახლა ფასები ეცემა, უკვე პრაქტიკულად განახევრდა ფასები, ფასების შემცირება გაგრძელდება. ამ შემთხვევაში ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი სტიმული იყო ის, რომ არის მონოპოლიზებული იმპორტიორი, რომელიც, ასე ვთქვათ, ერთ კომპანიას ეკავა ბაზრის 70-80 პროცენტი.”(სტილი დაცულია)

შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ნათქვამი სავსებით გაიზიარა პრეზიდენტმა, რომელმაც ფასების ზრდის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად სწორედ სხვადასხვა კომპანიების მიერ ბაზრის სეგმენტების მონოპოლიზება დაასახელა. მართალია, მიხეილ სააკაშვილს სახელები და გვარები არ უხსენებია, მაგრამ აშკარად მიანიშნა თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილსა და მის მეგობარ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშზე:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”აი, ეხლა კორუფციულ სკანდალში ჩართული აღმოჩნდა ჰიგიენური საგნების შემომტანი ფირმა. მე არ ვიცი, კბილებს, ალბათ, დილაობით ყველა იხეხავთ. აღმოჩნდა, რომ ერთ კომპანიას შემოჰქონდა საქართველოში კბილის პასტიდან დაწყებული და საბავშვო, ეს ჩემთვის აქტუალურია, პამპერსებით დამთავრებული. ერთი ფირმა იყო თავიდან ბოლომდე. ვინც სხვამ მოინდომა შემოსვლა, ჩვენი ძვირფასი თავდაცვის სამინისტრო - ეს კეზერაშვილს არ ეხება - ლამის ტანკებით მიადგა და არ შემოუშვა სხვა არც ერთი პროდუქცია ბაზარზე და ეს მოხდა ჩვენ დროს, ძმებო. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის, ყველანაირი მონოპოლიები საქართველოში მოვშალოთ, როგორც მოვშალეთ ხორცის მაფია ჩემი განკარგულებით. ”(სტილი დაცულია)

მთავრობის სხდომაზევე პრეზიდენტმა ერთ სახელისუფლებო ქვეუწყებას საქმიანობა დაუწუნა და მისი დაუყოვნებლივ გაუქმების განკარგულება გასცა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”კონკურენციის სააგენტოს ამ ქვეყანაში არაფერი ეტყობა, რომ არსებობს და ეჭვი მაქვს, რომ არც არაფერს აკეთებენ, გამომდინარე იქიდან, რომ კონკურენციის სააგენტო ამ ქვეყანაში აქამდე არის პრეზიდენტი. იმიტომ, რომ მე მოვიწვიე ხორცზე თათბირი, მე მოვიწვიე მარილზე თათბირი და კონკურენციის სააგენტომ ერთი წერილი არ მოიწერა ამასობაში. ამიტომ კარგია, რომ გავიგე, რომ არსებობს. აწი აღარ იარსებებს და ამითი უნდა დაკავდეს მთელი მთავრობა. ”(სტილი დაცულია)

მთელ მთავრობას პრეზიდენტმა, ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის პირობების შექმნის მიზნით, საგანგებო ჯგუფის შექმნის მითითება მისცა. ამ ჯგუფს, პრეზიდენტის დავალებით, პრემიერ-მინისტრმა უნდა უხელმძღვანელოს. მითითებების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სხდომა დატოვა. ტელეკომპანიებმა კი, რომლებიც პრეზიდენტის თავმჯდომარეობით მთავრობის სხდომას პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ, სახელმწიფო კანცელარიიდან ტრანსლაცია შეწყვიტეს.
XS
SM
MD
LG