Accessibility links

საქართველოს პრესაში ეკონომიკის თემა დომინირებს


”არჩევნების არჩევანი” - ამ სათაურით ”24 საათი” აქვეყნებს რესპუბლიკური პარტიის წევრის ივლიანე ხაინდრავას წერილს,

რომელიც არჩევნების კონსტიტუციურ ვადებს შეეხება. ”ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველმა სწორედ ოთხი წლით აირჩია დეპუტატები და ამავე (კონსტიტუციური) ვადით დაავალა მათ უფლებამოსილების აღსრულება და არა ოთხი წლითა და ექვსი, შვიდი ან რვა თვით. ამდენად, პრეზიდენტის ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გასული წლის დეკემბერში განხორციელებული საკონსტიტუციო შესწორებები წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის 49-ე მუხლთან. შესაბამისად, ოპოზიციის მიერ წამოყენებული მოთხოვნა საპარლამენტო არჩევნების 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარების თაობაზე სრულად შეესაბამება მოქმედი კონსტიტუციის ნორმას”, - წერს ივლიანე ხაინდრავა, რომლის არგუმენტებითაც, მოქმედი პარლამენტის არსებობის ათვლის ყველაზე გვიანი შესაძლო და სამართლებრივად სწორი მომენტია 2004 წლის 22 აპრილი - მისი უფლებამოსილების ცნობის თარიღი. კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ პარლამენტის წევრებს 4 წლის ვადით ირჩევენ.

”სავალუტო ფონდი საქართველოს ემშვიდობება” - ”რეზონანსი” წერს, რომ ”სავალუტო ფონდი საქართველოში მუშაობას წყვეტს. მთავრობის მხრიდან სავალუტო ფონდის ქვეყნიდან გასვლის ოფიციალური ვერსია ისაა, რომ ფონდმა ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების ორნიშნა ციფრით ზრდის პირობებში საქმიანობის გაგრძელება მიზანშეუწონლად მიიჩნია”. გაზეთის თანახმად: ”ფონდის ქვეყნიდან გასვლა უარყოფითად შეაფასა ექსპერტთა გარკვეულმა ნაწილმა. თუმცა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სავალუტო ფონდს საქართველო აქამდეც უნდა დაეტოვებინა. მათი თქმით, ჩვენი ხელისუფლებისათვის სავალუტო ფონდის გასვლასთან დაკავშირებით ერთადერთი ”გულდასაწყვეტი” მილიონიანი ტრანშები იქნება”.

”საქართველოს რესპუბლიკა” ინფლაციაზე წერს. ავტორის თანახმად: ”ინფლაციამ ბოლო პერიოდში ქვეყანაში საგანგაშო ზღვარს მიაღწია. იგი თუ 2005 წელს 6,2 პროცენტზე მეტი არ იყო, 2006 წელს მან 8,8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2007 წლის მესამე კვარტალში 13 პროცენტამდე ავარდა. არადა, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ამ ორი თვის წინათ კმაყოფილებას ვერ ფარავდა: ჩვენ წელს ინფლაციას 8 პროცენტის ფარგლებში ვვარაუდობდით და, როგორც ჩანს, ამასაც ვერ მივაღწევთო. რა თქმა უნდა, პრემიერი თავს ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით იტყუებდა (სურდა და იტყუებდა), მაგრამ რეალობას სად გავექცევით. დღეს საქართველოში ბავშვმაც კი იცის, რომ ინფლაციის რეალური მაჩვენებელი ოფიციალურს ორჯერ მაინც აღემატება”.

”ახალი თაობა” საპრეზიდენტო სუბსიდიების გაცემის პროცესით დაინტერესდა. გაზეთი წერს: ”ელექტროენერგიის ვაუჩერების გაცემას დიდი გაუგებრობა მოჰყვა პენსიონერებსა თუ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებში. იმ ოჯახებში, სადაც ორი პენსიონერია, ჯერჯერობით ვაუჩერი ერთმა მიიღო, მეორე პენსიონერმა კი - არა. არგუმენტი, რომ ვაუჩერის დარიგება გრძელდება და დღეს თუ ხვალ გამორჩენილებიც მიიღებენ, ნაკლებად მყარი ეჩვენებათ ჩვენს პენსიონერებს და უკვე აქტიურად ცდილობენ გამგეობებში ვაუჩერის ბედის გარკვევას. ამასთან, უამრავი ადამიანი საჭიროებს ვაუჩერის გადამისამართებას. ცხელი ხაზი, როგორც წესი, იმდენად გადატვირთულია, რომ ცნობისმოყვარეთა დიდი ნაწილი ვერ ახერხებს შეკითხვებზე პასუხის მიღებას და გამგეობების შენობებში რიგები და ერთი გაწევ-გამოწევაა”.
XS
SM
MD
LG