Accessibility links

logo-print

ქართული პრესა


„პატიმარი ქალები 2 ნოემბრის აქციას უერთდებიან“ – პუბლიკაციას ამ სათაურით გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს.

გაზეთი იუწყება, რომ ქალთა კოლონიიდან გუშინ მიიღო 30 სექტემბრით დათარიღებული წერილი, რომელშიც პატიმარი ქალები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან. პატიმარი ქალები ნატრობენ, რომ 2 ნოემბრის აქციაში მიიღონ მონაწილეობა და შემდეგ ისევ უკან, ციხეში, დააბრუნონ. დღესვე გაზეთ „რეზონანსის“ ფურცლებზე წაიკითხავთ, თუ ვინ და რატომ უბრუნებს პრეზიდენტს ღირსების ორდენს. პუბლიკაციის მთავარი გმირია მოძრაობა „ჩვენი აჭარის“ წევრი და „აჭარამედიაჯგუფის“ დამფუძნებელი ჯონი მიქელაძე, რომელიც აცხადებს, რომ დღეს მისთვის ღირსების ორდენის ტარება, პირიქით, ღირსების შემლახველია. მან ღირსების ორდენი პრეზიდენტისგან 3 წლის წინათ დემოკრატიული პრონციპების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო: ”განვლილმა ბოლო სამმა წელმა ცხადყო, რომ საქართველოში, დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრების ნაცვლად, დიქტატორული რეჟიმის დამკვიდრება მიმდინარეობს. თავის დროზე ვიბრძოდი აბაშიძის დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ და ისეთი ქმედებების წინააღმდეგ, რასაც დღეს ეს ხელისუფლება სჩადის. დღეს, როდესაც საქართველოში არ ხდება ადამიანის უფლებების დაცვა, რომელ დემოკრატიაზეა საუბარი,“ - ამბობს გაზეთ „რეზონანსთან“ საუბარში აწ უკვე ყოფილი ღირსებისორდენოსანი ჯონი მიქელაძე, რომლისთვისაც ქვეყნის პრეზიდენტისა და საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, ძირითადად, მიუღებელია.

გაზეთი „24 საათი“ კი აქვეყნებს სტატიას საქართველოს სახალხო დამცველ სოზარ სუბარის იმ რეკომენდაციის შესახებ, რომელიც ბიზნესმენ ჯემალ წიკლაურისთვის ჩამორთმეული კერძო საკუთრების დაბრუნებას შეეხება. რეკომენდაცია მიმართულია გენერალური პროკურატურისადმი, რათა მან მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. საუბარია გორში მოქმედ ინდივიდუალურ საწარმო „ლიახვზე“, სადაც აღმოჩენილი ფინანსური დარღვევების გამო, საწარმოს დირექტორის ჯემალ წიკლაურის წინააღმდეგ საქმის გამოძიება შიდა ქართლში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა მიხეილ ქარელმა მოითხოვა. სოზარ სუბარის განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ წიკლაურს ქარელი გამუდმებით ემუქრებოდა ფიზიკური განადგურებითა და ოჯახის წევრების დაპატიმრებით, თუკი ბიზნესმენი კერძო საკუთრებაში არსებულ სავაჭრო ობიექტს სახელმწიფოს არ დაუთმობდა. გაზეთ ”24 საათში” გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ამ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე ზოგიერთი პირი დაკავებულია, თუმცა, ამის მიუხედავად, დაზარალებულებს კუთვნილი ქონება დღემდე არ დაბრუნებიათ. მეტიც, ჯემალ წიკლაურის საკუთრებაში არსებული ინდივიდუალური საწარმო ”ლიახვი” საპრივატიზაციო ობიექტებს შორის მოხვდა და მისი აუქციონზე გაყიდვა იგეგმება. სოზარ სუბარი აფრთხილებს შესაძლო მყიდველს, რომ მან აგრარული ბაზრის შეძენისგან თავი შეიკავოს, რადგან ჯემალ წიკლაური კუთვნილ ქონებას კანონიერი გზით აუცილებლად დაიბრუნებს.

გაზეთ „ალიაში” კი დღეს წაიკითხავთ ინტერვიუს გორის სახელმწიფო თეატრის მმართველთან, მსახიობ და რეჟისორ რამაზ იოსელიანთან, რომელიც თანამდებობიდან მიხეილ ქარელის დაპატიმრებისა და ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკიდან სკანდალურად წასვლის შედეგად გადადგა. „ მიშა ქარელის დაპატიმრების შემდეგ ვხედავდი, როგორ ეძებდნენ ჩემს შემცვლელს - ვინმე ჩვენიანი გვჭირდებაო. წადიო, პირდაპირ არ უთქვამთ, მაგრამ ყველაფერს აკეთებდნენ, რომ წამოვსულიყავი. როცა გავიგე, რომ ჩემს ადგილზე უნდა დაენიშნათ ადამიანი, რომელიც მანამდე იქვე, რესტორანში, ოფიციანტად მუშაობდა, მაგრამ, სამაგიეროდ, მათიანი იყო, წამოვედი,“ - უთხრა გაზეთ ”ალიას” გორის სახელმწიფო თეატრის ყოფილმა მმართველმა, მსახიობმა რამაზ იოსელიანმა.
XS
SM
MD
LG