Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ უნდა არეგულირებდეს საქართველოში მონოპოლიურ საქმიანობას


საქართველოში მიმდინარე წლის მეორე ნახევარში პირველადი მოხმარების პროდუქციაზე ფასების მკვეთრი ზრდა

და ზოგიერთი საქონლის დეფიციტიც კი შეიმჩნევა. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამის მიზეზი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ”კონკურენციის სააგენტოს” უმოქმედობაა, რომელიც მონოპოლიური საქმიანობის შეჩერებას ვერ ახერხებს. სააკაშვილმა ეს სააგენტო გაუქმებულად გამოაცხადა. საინტერესოა, ამის შემდეგ რომელი უწყება გასწევს ანტიმონოპოლიურ საქმიანობას.

საქართველოს ეკონომიკაზე ბუნებრივი მონოპოლიების მავნე ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად შექმნილია მარეგულირებელი კომისიები. არაბუნებრივი მონოპოლიების ჩამოყალიბების თავიდან ასაცილებლად კი წლების მანძილზე ანტიმონოპოლიური სამსახური ფუნქციონირებდა, რომელიც დაახლოებით ორი წლის წინ გააუქმეს. მის ნაცვლად კი მუშაობა გააგრძელა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტომ. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მაინც აღმოაჩინა რამდენიმე კომპანია, რომელიც მონოპოლიურ საქმიანობას ეწეოდა:

[სააკაშვილის ხმა] ”აღმოჩნდა, რომ ერთ კომპანიას შემოჰქონდა...”

სააკაშვილი ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მეგობრის ქიბარ ხალვაშის თანამონაწილეობით შექმნილ კომპანია ”არტ ჯგუფზე” ლაპარაკობდა. ამ კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, შეუძლებელია ისინი მონოპოლისტები ყოფილიყვნენ, რადგან სხვა კომპანიებსაც თავისუფლად შეეძლოთ სხვადასხვა ჰიგიენური საქონლის შემოტანა. თუმცა სამართალდამცველი ორგანოების მიერ ამ კომპანიის დახურვამ ჰიგიენური პროდუქციის დეფიციტი და გაძვირება გამოიწვია. ამ და სხვა ფაქტების გამო პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს გაუქმება გადაწყვიტა:

[სააკაშვილის ხმა] ”... ამიტომ კარგია, რომ გავიგე, არსებობს. აწი აღარ იარსებებს.”

სააკაშვილის განცხადებით, ანტიმონოპოლიური სამსახურის ფუნქციას პრემიერ-მინისტრთან შექმნილი სპეციალური ჯგუფი, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროები შეითავსებენ. შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ამის გამოცდილება უკვე აქვს:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] ”ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში ხელოვნური მონოპოლიები არ იყოს...”

პოლიტიკური ოპოზიცია კრიტიკულადაა განწყობილი ამ ახალი ინიციატივის მიმართ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, კობა დავითაშვილის, განცხადებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღიარა, რომ მონოპოლიების რეგულირებით თავად არის დაკავებული და რომ მთელი მთავრობის ფუნქცია პრეზიდენტს აქვს მითვისებული. ახალი ინიციატივის ეფექტურობისა არც ეკონომიკის ექსპერტებს სჯერათ, მათ შორის, ნიკო ორველაშვილს. მისი აზრით, ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმება პრეზიდენტს ბუმერანგივით უკან მოუბრუნდა.

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”ვთხოვ კარგად გაიხსენოს, ვინ დაშალა ანტიმონოპოლიური სამსახური...”

ნიკო ორველაშვილის აზრით, იმისთვის, რომ მონოპოლიური გარემო არ ჩამოყალიბდეს, ქვეყანაში უნდა არსებობდეს მთავრობისგან დამოუკიდებელი ანტიმონოპოლიური კომისია, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ პარლამენტის წინაშე. შეგახსენებთ, რომ, ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირების მიზნით, საქართველოში ფუნქციონირებს ენერგეტიკისა და კომუნიკაციების დამოუკიდებელი კომისიები.
XS
SM
MD
LG