Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად ეფექტიანია სამოქალაქო მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში


25 ოქტომბერს ევროპის საბჭოში შემავალი ქვეყნები სამოქალაქო მართლმსაჯულების დღეს აღნიშნავენ.

საქართველოში მიუკერძოებელი და დროული სასამართლოს მოთხოვნის უფლება კონსტიტუციის 42-ე მუხლითაა გარანტირებული, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოში მოღვაწე იურისტები და უფლებადამცველი ორგანიზაციები წლიდან წლამდე სულ უფრო ხშირად სვამენ კითხვებს, ეფექტიანია თუ არა სამოქალაქო მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში და რამდენად ენდობიან მოქალაქეები სასამართლო ხელისუფლებას.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას მხოლოდ სასამართლოები ახორციელებენ, თუმცა, ამ ფაქტორის გარდა, სამოქალაქო მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიან მუშაობას, როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი განმარტავს, ასევე განაპირობებს საერთო სასამართლოების შესახებ კანონი და საპროცესო კოდექსი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად იხვეწება:

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] „სულ ახლახან მოვახდინეთ ინიცირება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში ცვლილებებისა, რათა ის ხარვეზი, რომელიც აქამდე არსებობდა, აღმოგვეფხვრა. ლაპარაკია იმაზე, რომ სამივე ინსტანციის სასამართლოს გავლას ორ წლამდე სჭირდებოდა. ცვლილებების შედეგად, ეს ვადა რამდენიმე თვემდე მცირდება.“

ლევან ბეჟაშვილი იმედოვნებს, რომ, ამ და სხვა ცვლილებების წყალობით, სასამართლოებისადმი მოქალაქეების ნდობის ხარისხი მნიშვნელოვნად ამაღლდება, თუმცა დეპუტატის ამგვარ ოპტიმიზმს არ იზიარებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი ლალი ჩხეტია, რომლის თქმითაც, მოქალაქეთა ნაწილი იძულებულია საკუთარი უფლებების დაცვაზე მატერიალური შეჭირვების გამოც თქვას უარი:

[ლალი ჩხეტიას ხმა] „დაბრკოლება შეიძლება შექმნას იმ სახელმწიფო მოსაკრებელმა, - ბაჟმა ამ შემთხვევაში, - რომელიც აუცილებლად უნდა გადაიხადოს მოქალაქემ სასამართლოში სარჩელის შეტანისას. მინიმალური ბაჟი, დღევანდელი მდგომარეობით, არის 100 ლარი.“

ლალი ჩხეტიას თქმით, მიუკერძოებელი და დროული სასამართლოს უფლება მოსამართლეების სიმცირის გამოც ილახება. ცალკე საუბრის თემაა მოსამართლეთა კვალიფიკაცია და დამოუკიდებლობა. ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი განმარტავს:

[იოსებ ბარათაშვილის ხმა] „სასამართლო ხელისუფლება, სამწუხაროდ, კვლავაც პროკურატურის ნებას არის დაქვემდებარებული, რასაც კერძო საუბრებში არც მოსამართლეები უარყოფენ. ყველაფერი ეს ქმნის სურათს, როდესაც მასობრივად დგება უსამართლო განაჩენები, დაუსაბუთებელი, და ეს ყველაფერი აისახება საზოგადოებაზე.“

საზოგადოების განწყობა კი, მართლაც, უარყოფითია. მოქალაქეების დიდი ნაწილი არ ენდობა სასამართლო ხელისუფლებას:

[მამაკაცის ხმა] „ძალიან მცირე ალბათობაა იმისა, რომ ადამიანმა საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს. საქმესაც გააჩნია. თუ რამე უმნიშვნელოა, კიდევ შეიძლება გქონდეს რაიმეს იმედი, თუ სერიოზული საქმეა, მეეჭვება...“

[ქალბატონის ხმა] „დღევანდელი მართლმსაჯულების იმედი არ მაქვს. სტრასბურგის სასამართლო თუ გააკეთებს რამეს, თორემ საქართველოს სასამართლოში სიმართლის პოვნა ძალიან ძნელია.“

სასამართლო ხელისუფლებისადმი ნდობის ხარისხი რომ დაბალია, ეს მეცნიერულადაცაა დამტკიცებული. 2007 წლის თებერვალში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, სასამართლო ხელისუფლებას მოქალაქეთა 64 პროცენტი არ ენდობა. სოციოლოგ გოჩა ცქიტიშვილის კომენტარი:

[გოჩა ცქიტიშვილის ხმა] „მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ სასამართლოს ტრაგიკული მდგომარეობა აქვს, სარეიტინგო თვალსაზრისით. ასეთი დაბალი მონაცემები აქვს მხოლოდ რამდენიმე უკვე უკიდურესად არაპოპულარულ ინსტიტუტს, მაგალითად, „კანონიერი ქურდების“ ინსტიტუტს...“

ის, რომ სასამართლო ხელისუფლების რეიტინგი დაბალია, უზენაეს სასამართლოშიც უწყიან, თუმცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი დარწმუნებულია, რომ თემიდის სამსახურში მყოფი ადამიანები დამოუკიდებლები არიან; უბრალოდ, ზოგიერთ მათგანს გამბედაობა აკლია:

[კოტე კუბლაშვილის ხმა] „მოსამართლე უნდა იყოს გაბედული, რათა თავის რაღაც ეფემერულ საფრთხეზე არ ფიქრობდეს. ასე არ არის ძალიან ბევრ საქმეში. თვითონ უნდა შეძლონ და ძალიან დასაბუთებულად მიიღონ გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში მათ ვერავინ ვერაფერს ვერ ეტყვის.“

თუმცა, ვიდრე მოსამართლეები გამბედაობით აღიჭურვებიან, საქართველოს მოქალაქეებს ისღა დარჩენიათ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართონ. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, გასული წლის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან 112 სარჩელი შევიდა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG