Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფლობს თუ არა თურქეთი აშკარა სამხედრო უპირატესობას


ანკარამ და ბაღდადმა ქურთი სეპარატისტების პრობლემის გადასაწყვეტად დიპლომატიური გზა ჯერ ვერ გამონახეს.

თუმცა კი ამისთვის მზადყოფნას ორივე მხარე გამოხატავს და ამისკენ მათ ამერიკა და ევროკავშირიც მოუწოდებს. პარალელურად, თურქეთის არმიის შენაერთები და მძიმე ტექნიკა ერაყის საზღვართან კონცენტრირდება. ანკარა თადარიგს იჭერს მეზობელი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში სავარაუდო შეჭრისა და ქურთ სეპარატისტებთან ბრძოლისთვის. შეგახსენებთ, რომ თურქეთის პარლამენტმა შესაბამისი რეზოლუცია, რომელიც პრაქტიკულად სამხედრო ოპერაციის დაწყების ნებართვაა, გასულ კვირაში მიიღო. რა მოხდება, თუკი შეიარაღებული კონფლიქტი მართლაც დაიწყება - ფლობს თუ არა თურქეთი აშკარა სამხედრო უპირატესობას?

ერთი შეხედვით, დაპირისპირებული ძალები აშკარად არათანაბარია. თუკი ნატოს წევრ ქვეყანას, თურქეთს, ალიანსის სტანდარტებით აღჭურვილი, ნახევარმილიონიანი არმია ჰყავს და საჰაერო ძალებიც უმაგრებს ზურგს, ქურთისტანის მუშათა პარტია დაახლოებით 6000 მსუბუქად შეიარაღებულ სამხედროს ითვლის. სამაგიეროდ, როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ, უმცირესობის მხარეს არის ერთი მეტად მნიშვნელოვანი უპირატესობა - კერძოდ, ქურთი სეპარატისტები თავს მიუვალ, მთაგორიან ადგილებს აფარებენ და მათთან ბრძოლა საკმაოდ ძნელია. მათ შორის, ძნელია თურქებისთვისაც. მით უმეტეს, რომ მცირერიცხოვან სეპარატისტებს საკმაოდ კარგად მომზადებული მებრძოლები ჰყავთ.

სწორედ ამიტომ, კბილებამდე შეიარაღებულ თურქეთს ახლა იმ ბრმა დათვს ამსგავსებენ, რომელსაც პატარა, მაგრამ მოქნილი ფინია აწვალებს. დათვი მუდმივად ცდილობს გაანადგუროს მოწინააღმდეგე, მაგრამ ფინია საკმაოდ მოხერხებული და სწრაფია...

საერთაშორისო რანგის კონსულტანტი სამხედრო საკითხებში ალექსანდრა ეშბორნი სურათს ასე ხედავს:

(ეშბორნის ხმა) "თუკი შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყება, ეს იქნება პარტიზანული ომი. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად შეუსაბამობაა თურქეთის არმიისა და ქურთისტანის მუშათა პარტიის შესაძლებლობებსა და აღჭურვილობას შორის, ჩემი აზრით, სინამდვილეში მხარეებს თანაბარი შესაძლებლობები აქვთ."

თურქებს ქურთებთან ბრძოლა რომ გაუჭირდებათ, ამას ჟურნალ "ფლაით ინტერნეშნალის" რედაქტორი სამხედრო საკითხებში კრეგ ჰოილიც ვარაუდობს:

(ჰოილეს ხმა) "თურქეთს თითქმის ისეთივე პრობლემები შეექმნება, როგორიც კოალიციის ძალებს ავღანეთში, სადაც მათ კარგად ორგანიზებული, გარემოსთან ადაპტირებული მოწინააღმდეგე დახვდათ. ადგილობრივებს შეუძლიათ მთის ფერდობებზე გაუჩინარება. და რადგან შენ მშვიდობიანი ადამიანების დახოცვა არ გსურს, ნიშნავს, რომ შეზღუდული ხარ სამხედრო ვერტმფრენების გამოყენებაში. მოწინააღმდეგესთან ბრძოლა რთული ამოცანაა, თუკი თვალთახედვის არეში არ გყავს."

მიუხედავად ყველაფრისა, თუკი საკითხმა დიპლომატიური რესურსები ამოწურა, თურქეთი მაინც აპირებს შეიჭრას ჩრდილოეთ ერაყში, სადაც ქურთი სეპარატისტები არიან გამაგრებული. მათ წინამძღოლობს ქურთისტანის მუშათა პარტია, რომელიც ამერიკისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. შეგახსენებთ, ქურთისტანის მუშათა პარტია ქურთების დამოუკიდებელი ქვეყნის შექმნას ითხოვს ერაყისა და თურქეთის გარკვეულ ტერიტორიებზე. მათი ბრძოლა, მცირედი პაუზებით, რამდენიმე ათეული წელია გრძელდება. ბოლო პერიოდში ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა. ქურთი სეპარატისტები მუდმივად არღვევენ თურქეთის საზღვარს და თურქ ჯარისკაცებს ხოცავენ. ჯერ მარტო მიმდინარე თვეში ქურთმა პარტიზანებმა დაახლოებით 40 თურქი ჯარისკაცი მოკლეს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG